„სამართლიანი არჩევნების” სამართლებრივი დახმარების შედეგად ხვიჩა დოლბაიამ სამივე ინსტანციის სასამართლოში დავა მოიგო და სამსახურში აღდგა
2024 წლის 8 ივლისს, „სამართლიანი არჩევნების” სამართლებრივი დახმარების შედეგად, ხვიჩა დოლბაია ა(ა)იპ. „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის სერვისების ცენტრში” კუთვნილ სამუშაოს დაუბრუნდა.
დოლბაიას სამსახურში აღდგენას საფუძვლად დაედო უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 4 აპრილის განჩინება, რომლითაც „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის სერვისების ცენტრს” საკასაციო საჩივრის განხილვაზე უარი ეთქვა, რის შედეგადაც ძალაში დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
შეგახსენებთ, რომ 2021 წლის 14 მაისს სამსახურში გამოცხადებისას ხვიჩა დოლბაიას გაფრთხილების გარეშე ჩააბარეს ბრძანება, რომლითაც ეცნობა, რომ იგი იმავე დღიდან გათავისუფლებული იყო სამსახურიდან. ბრძანებაში გათავისუფლების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები არ იყო მითითებული.
2021 წლის 19 მაისის ბრძანებით, ხვიჩა დოლბაიას მეორე დამსაქმებელმაც, ა(ა)იპ ,,ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მელიორაციამ" ხელშეკრულების მოქმედების ვადის (2021 წლის 31 ივლისი) ამოწურვამდე, გაფრთხილების გარეშე, შეუწყვიტა ხელშეკრულება. ამ შემთხვევაშიც დოლბაიას არ განემარტა გათავისუფლების მიზეზი.
დოლბაია მიიჩნევდა, რომ ხელშეკრულებების შეწყვეტის რეალური მიზეზი დისკრიმინაციული ხასიათისაა[1] და ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას გუნდში მოაზრებულ პირებთან მის ახლო ურთიერთობას უკავშირდებოდა. სწორედ ამ პროცესების შემდეგ მალევე მოსთხოვეს ხვიჩა დოლბაიასაც ორივე სამსახურის საკუთარი განცხადებით დატოვება, რასაც არ დათანხმდა.
2020 წლის 1 მარტიდან გათავისუფლებამდე ხვიჩა დოლბაიასა და ა(ა)იპ „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მელიორაციას“ შორის ფორმდებოდა მოკლევადიანი შრომითი ხელშეკრულებები, სანიაღვრე არხებისა და სატუმბო სადგურების განყოფილების მთავარი სპეციალისტის პოზიციაზე. 2020 წლის 1 ივლისიდან დოლბაია, ასევე, მუშაობდა ა(ა)იპ „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის სერვისების ცენტრში“, ქუჩების მოვლა პატრონობისა და კეთილმოწყობის განყოფილების სპეციალისტის პოზიციაზეც. აღნიშნულ პოზიციებზე მუშაობის პერიოდში მის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა არ გამოყენებულა.
აღსანიშნავია, რომ საქმეში არ არსებობდა ისეთი ობიექტური გარემოება, რომელიც 1 წელზე ნაკლები დროით დოლბაიასთან შრომითი ხელშეკრულების დადებას გაამართლებდა.
ფოთის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ,,სამართლიანი არჩევნების” ადვოკატის არგუმენტები, დადგენილი სასამართლო პრაქტიკა[2] და მხარეთა შორის შრომითი ურთიერთობა უვადოდ მიიჩნია.
ფოთის საქალაქო სასამართლომ, 2021 წლის 13 აგვისტოს განჩინებით, ხვიჩა დოლბაიას წარმომადგენლის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ დააკმაყოფილა, რითაც მოსარჩელის ინტერესი - აღდგენილიყო სადავო პოზიციაზე - უზრუნველყოფილ იქნა. 2023 წლის 10 აპრილის გადაწყვეტილებით, ფოთის საქალაქო სასამართლომ ბათილად ცნო ა(ა)იპ[3] „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მელიორაციის“ დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის ბრძანება მთავარი სპეციალისტის, ხვიჩა დოლბაიას გათავისუფლების შესახებ და დაწესებულებას მისი სამსახურში აღდგენა დაავალა. სასამართლომ, ასევე, დააკმაყოფილა მოსარჩელის მოთხოვნა სასამართლო გადაწყვეტილების საბოლოო აღსრულებამდე იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ. მიღებული გადაწყვეტილება ძალაში იქნა დატოვებული ზემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერაც.
ხვიჩა დოლბაიას ინტერესებს საერთო სასამართლოებში ,,სამართლიანი არჩევნების” ადვოკატები მეგი ბაკურიძე და ანა ჩაფიძე იცავდნენ.
„სამართლიანი არჩევნები“ უფასო იურიდიულ დახმარებას უწევს სამსახურიდან უკანონოდ და სავარაუდო პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებულ პირებს.
ამ საქმეს სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით აწარმოებდა.
თუ მიიჩნევთ, რომ სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გაგათავისუფლეს, დაგვირეკეთ ან მოგვწერეთ:
0 800 100 143
info@isfed.ge
ზარი უფასოა
[1]https://www.youtube.com/watch?v=1tRQ5T7DZvc&ab_channel=%E1%83%9E%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%AE%E1%83%98GeorgianPublicBroadcaster
[2] სუსგ №ას-118-118-2018, 27 თებერვალი, 2018 წელი; ას 1418-2018 . 13 დეკემბერი 2019 წელი, №ას- 33-2020 17 ივნისი 2020 წელი
[3] არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი