განცხადებები

„სამართლიანი არჩევნების” სარჩელის საფუძველზე ფოთის N1 საჯარო სკოლას გასაუბრების ეტაპის ხელახლა ჩატარება დაევალა

2023 წლის 28 დეკემბერს ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ბათილად ცნო სსიპ თეოფანე დავითაიას სახელობის ქ. ფოთის N1 საჯარო სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის ვაკანტური საათების შესავსებად გამოცხადებული ღია კონკურსის მეორე ეტაპი - გასაუბრება და  მოპასუხეს  თამარ ფაჩულიასთან გასაუბრების ხელახლა ჩატარება დაავალა.

2022 წლის 24 აგვისტოს სსიპ თეოფანე დავითაიას სახელობის ფოთის N1 საჯარო სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის ვაკანტური საათების შესავსებად გამოცხადდა ღია კონკურსი. საკონკურსო კომისიის მიერ, კონკურსის კანდიდატთა განაცხადების გადარჩევისა და დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად, გასაუბრების ეტაპისთვის შეირჩა ხუთი კანდიდატი, მათ შორის, თამარ ფაჩულია.

ფაჩუალიასთან ერთად, გასაუბრების ეტაპზე გადავიდნენ ისეთი კანდიდატები, რომლებიც ვერ აკმაყოფილებდნენ სკოლის მიერ საჯაროდ გამოქვეყნებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, კერძოდ, მათ არ გააჩნდათ სათანადო აკადემიური ხარისხი. კონკურსის პირობებით მოთხოვნილ კრიტერიუმებს მხოლოდ თამარ ფაჩულია აკმაყოფილებდა და, საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისად, მხოლოდ ის უნდა გადასულიყო მეორე ეტაპზე. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ კონკურსის მეორე ეტაპი არსებითი დარღვევებით ჩატარდა, რამაც გავლენა მოახდინა საკონკურსო კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე. შედეგად, თამარ ფაჩულიამ კონკურსთან დაკავშირებით მოქმედი სამართლებრივი აქტების შეუსაბამოდ, ვერ გადალახა მეორე ეტაპი - გასაუბრება.

ფოთის საქალაქო სასამართლომ მიერ 2023 წლის 25 მაისის გადაწყვეტილებით თამარ ფაჩულიას სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება დაუსაბუთებელი იყო და არ ეყრდნობოდა საქმეში არსებულ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებს. თამარ ფაჩულიამ აღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივრა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დააკმაყოფილა და ბათილად ცნო სსიპ თეოფანე დავითაიას სახელობის ქ. ფოთის N1 საჯარო სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის ვაკანტური საათების შესავსებად გამოცხადებული ღია კონკურსის მეორე ეტაპი - გასაუბრება და მოწინააღმდეგე მხარეს გასაუბრების ეტაპის ხელახლა ჩატარება დაავალა.

თამარ ფაჩულიას ინტერესებს სასამართლოში ,,სამართლიანი არჩევნების” ადვოკატი ანა ჩაფიძე იცავდა.

 

„სამართლიანი არჩევნები” უფასო იურიდიულ დახმარებას უწევს სამსახურიდან უკანონოდ და  სავარაუდო უკანონოდ პოლიტიკური  ნიშნით გათავისუფლებულ პირებს.

თუ მიიჩნევთ, რომ სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გაგათავისუფლეს, დაგვირეკეთ ან მოგვწერეთ:

0 800 100 143;

info@isfed.ge 

ზარი უფასოა.