„სამართლიანი არჩევნებმა” ბსუ-ის რექტორის ასარჩევი კონკურსის შედეგების ბათილად ცნობის მოთხოვნით სასამართლოში სარჩელი წარადგინა და არჩილ გუჩმანიძის ინტერესებს იცავს
სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში (შემდგომში - ბსუ) რექტორის თანამდებობის დასაკავებლად გამართული არჩევნები არსებითი დარღვევებით, გამჭვირვალობის, თანასწორობისა და მიუკერძოებლობის პრინციპების უგულებელყოფით ჩატარდა.
ბსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებლის (მერაბ ხალვაშის) უფლებამოსილების ვადის გასვლის გამო, 2024 წლის 4 დეკემბერს ბსუ-ის აკადემიურმა საბჭომ რექტორის თანამდებობის დასაკავებლად არჩევნები გამოაცხადა. ბსუ-ის რექტორის შესარჩევად გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობა მიიღო ორმა კანდიდატმა: არჩილ გუჩმანიძემ და ტიტე აროშიძემ. აღსანიშნავია, რომ ტიტე აროშიძე კონკურსის მიმდინარეობის პარალელურად იყო აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი. აროშიძე 2024 წლის 26 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის და აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების წინასაარჩევნო კამპანიაში აქტიურად იყო ჩართული და აწარმოებდა შეხვედრებს მოსახლეობასთან. ბსუ-ის არჩევნების წინა დღეს, 2025 წლის 20 იანვარს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ პირდაპირ დაუჭირა მხარი მას და განაცხადა, რომ ტიტე აროშიძე არის „ერთ-ერთი გამორჩეული და ღირსეული პროფესიონალი, რომელიც ღირსეულად გაუძღვება ბათუმის უნივერსიტეტის განვითარებას“. მისი განმარტებით, „უშანსოდ არიან დარჩენილი კონკრეტული კანდიდატები, თუმცა ეს საბოლოო ჯამში უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს გადასაწყვეტია“.
ბსუ-ის რექტორობის არჩევნებში მონაწილე მეორე კანდიდატს, არჩილ გუჩმანიძეს 24 წლიანი სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გამოცდილება აქვს. ამასთანავე, ის აქტიური მოქალაქეა და სოციალურ ქსელში აფიქსირებდა კრიტიკულ პოზიციებს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. გუჩმანიძე, ასევე, ღიად უერთდებოდა პროევროპულ აქციებს და ემიჯნებოდა მმართველი პარტიის მიერ ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებასთან დაკავშირებით კონსტიტუციის საწინააღმდეგოდ მიღებულ გადაწყვეტილებას. ბსუ-ის რექტორობის კანდიდატად რეგისტრაციის შემდეგ არჩილ გუჩმანიძე მის მიმართ კანდიდატურის მოხსნის მიზნით განხორციელებულ ზეწოლაზე საუბრობდა, თუმცა დაშინების მიუხედავად, მან არჩევნებიდან საკუთარი კანდიდატურა არ მოხსნა. არჩილ გუჩმანიძემ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით განცხადება სოციალურ ქსელშიც გააკეთა.
„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 21-ე მუხლის თანახმად, აკადემიური საბჭო თავისუფალი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს აკადემიური საბჭოს თავმჯდომარეს – რექტორს. 2025 წლის 21 იანვარს გამართულ არჩევნებზე აკადემიური საბჭოს 11 წევრიდან 10-მა წევრმა ხმა მისცა ტიტე აროშიძეს. აკადემიური საბჭოს ერთი წევრის განცხადებით, მან არც ერთ კანდიდატს არ დაუჭირა მხარი, რადგან კანდიდატები არ იყვნენ წარმოდგენილი ბსუ-ის აკადემიური სივრციდან.
„სამართლიანმა არჩევნებმა“ შეისწავლა ბსუ-ის რექტორის არჩევის პროცესი და არსებითი პრობლემები გამოავლინა. გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობას იღებდა ბსუ-ის აკადემიური საბჭოს წევრი, პაატა აროშიძე, რომელიც ამჟამად უკვე მოქმედი რექტორის ტიტე აროშიძის ძმაა. პაატა აროშიძეს საკუთარი ძმის არჩევნებში მონაწილეობის დროს აცილება არ გაუკეთებია. ბსუ-ის განცხადებით, უნივერსიტეტის დებულების თანახმად, აკადემიური საბჭოს წევრს აცილების ვალდებულება არ გააჩნია. თუმცა, მოქმედი კანონმდებლობით, ადმინისტრაციულ წარმოებაში არ შეიძლება მონაწილეობდეს ადმინისტრაციული ორგანოს ის თანამდებობის პირი, რომელიც საქმეში მონაწილე დაინტერესებული მხარის ან მისი წარმომადგენლის ნათესავია.
ბსუ-ის რექტორის ასარჩევად გამართულ კონკურსში, ასევე, დაირღვა კანონითა და უნივერსიტეტის წესდებით დადგენილი საჯაროობისა და გამჭვირვალობის პრინციპები. ხმის დათვლის პროცესში დამსწრე პირებს, მედიის წარმომადგენლებს, კანდიდატებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს იმ მიზეზით დაატოვებინეს დარბაზი, რომ ხმის დათვლის პროცედურა ფარულად ჩატარებულიყო.
საქართველოს კონსტიტუციის 27-ე მუხლის თანახმად, აკადემიური თავისუფლება და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტონომია უზრუნველყოფილია. უნივერსიტეტი არ უნდა განიცდიდეს სოციალური, პოლიტიკური თუ რელიგიური ჯგუფებისა თუ პარტიების გავლენას. სახელმწიფოს ჩარევა უნივერსიტეტის ფუნქციონირებაში, სასწავლო-კვლევით და ადმინისტრაციულ საქმიანობაში დაუშვებელი უნდა იყოს, რადგან მის კომპეტენციას სცილდება სწავლების, სწავლისა და კვლევის პრინციპების განსაზღვრა. შესაბამისად, უმნიშვნელოვანესია, უნივერსიტეტებში პროცესები წარიმართოს გავლენებისგან თავისუფლად და სამართლიანად.
არჩილ გუჩმანიძემ ბსუ-ის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილება ბათუმის საქალაქო სასამართლოში გასაჩივრა, სადაც მის ინტერესებს „სამართლიანი არჩევნები“ დაიცავს. წარდგენილი სარჩელით მოთხოვნილია ბსუ-ის რექტორის შესარჩევი კონკურსის შედეგების ბათილად ცნობა და ხელახალი არჩევნების დანიშვნა.