სამოქალაქო ორგანიზაციების განცხადება 31 ივლისს ბათუმში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით
2023 წლის 31 ივლისს, ქ. ბათუმში რუსული საკრუიზო გემის შემოსვლას საზოგადოების პროტესტი მოჰყვა. პოლიციამ ამჯერადაც არ დაიცვა საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება და აქციის მონაწილეებს ხელი შეუშალა პროტესტის მშვიდობიანი ფორმით გამოხატვაში. პროტესტის გამოხატვის ხელშესაშლელად პოლიციამ ფიზიკურ დაბრკოლებებთან ერთად, აქციის მონაწილეების ადმინისტრაციული წესით დაკავების პრაქტიკაც გამოიყენა. დაკავებულების რაოდენობა 20-ზე მეტია. მიუხედავად იმისა, რომ დაკავებულს აქვს უფლება, დაკავებისთანავე შეხვდეს ადვოკატს, ამ უფლებით სარგებლობა პოლიციამ დააბრკოლა. დაკავებულთა უმრავლესობას ხელმომწერი ორგანიზაციების ადვოკატები იცავენ, თუმცა, გუშინ რამდენიმე საათის განმავლობაში მათთვის უცნობი იყო, სად იმყოფებოდნენ დაკავებული პირები. დაკავებულთა მონახულება მხოლოდ დღის ბოლოს, სხვადასხვა ქალაქების (ზუგდიდის, ოზურგეთის, სენაკის, სამტრედიის) დროებითი მოთავსების იზოლატორებში მოხერხდა. აღსანიშნავია, რომ დაკავებულთა ნაწილი საუბრობს პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტების ფაქტებზე, რაც, როგორც დაკავებისას, ასევე, დაკავების შემდგომაც გაგრძელდა. უკანონო დაკავება ამ დრომდე არ დასრულებულა და აქციის მონაწილეები იზოლატორებში რჩებიან. უცნობია, როდის მოხდება მათი გადაყვანა სასამართლოში.
განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა არსებული კანონმდებლობა, პოლიციის ხელში რეპრესიული ინსტურმენტია, რომელიც უფლებების გაუმართლებელი შეზღუდვისათვის გამოიყენება.
ადმინისტრაციული წესით უკანონო დაკავება და დაკავების შემდგომი პრაქტიკა მიუღებელია და არღვევს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს. ჩვენ მზად ვართ დავიცვათ აქტივისტების უფლებები და მათთან ერთად შევეწინააღმდეგოთ უკანონო დაკავების პრაქტიკას.
ხელმომწერი ორგანიზაციები:
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია)
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
უფლებები საქართველო
ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)
საფარი
სოციალური სამართლიანობის ცენტრი
ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG)
ღია საზოგადოების ფონდი