სამოქალაქო საზოგადოება საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებას ეხმიანება
სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები ვგმობთ GLOBSEC-ის ბრატისლავის ფორუმზე 30 მაისს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომელიც იმეორებს კრემლის პოზიციას და უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის უსამართლო შეჭრის მიზეზად უკრაინის ნატოში გაერთიანების სურვილს მიიჩნევს.
პრემიერ-მინისტრს შევახსენებთ, რომ უკრაინის ნატოში გაწევრება უკრაინის ხალხის ისტორიული არჩევანია, რომელიც უკრაინის კონსტიტუციით არის გამყარებული. პრემიერს შევახსენებთ იმასაც, რომ ჰელსინკის აქტი განსაზღვრავს თითოეული ქვეყნის სუვერენულ უფლებას, თავისი შეხედულებისამებრ შეუერთდეს ნებისმიერ ხელშეკრულებას ან ალიანსს.
სინანულს გამოვთქვათ იმის გამო, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის გამოსვლა სრულად იყო თანხვედრაში კრემლის ნარატივთან, რომლის მიხედვითაც, ნატოს გაფართოება საფრთხეს უქმნის რუსეთს. ამასთან, სამწუხაროდ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა არც ამჯერად გამოიყენა შესაძლებლობა, ყველა შესაძლო ფორმით დაეგმო რუსეთის ფედერაციის უსამართლო და არაპროვოცირებული თავდასხმა უკრაინაზე.
ასევე შევახსენებთ პრემიერ-მინისტრს, რომ ის წარმოადგენს სახელმწიფოს, რომლის ხალხმაც, აბსოლუტური უმრავლესობით, 2008 წლის 5 იანვარს გამართული პლებისტიცის საფუძველზე, მხარი დაუჭირა საქართველოს ნატოში გაწევრებას. აღნიშნული არჩევანი გამყარებულია საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლით, რომლის მიხედვითაც კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში ყველა ზომა უნდა მიიღონ ევროპის კავშირსა და ნატოში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად.
ხელმომწერი ორგანიზაციები:
- სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება;
- დამიანის უფლებათა ცენტრი;
- დემოკრატიის კვლევის ცენტრი;
- ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი
- ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი;
- მედიის განვითარების ფონდი;
- მმართველობის მონიტორინგის ცენტრი
- პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის
- პრევენცია პროგრესისთვის;
- რონდელის ფონდი;
- საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო;
- საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია;
- საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა
- საქართველოს სასამართლოს გუშაგი;
- სოციალური სამართლიანობის ცენტრი;
- ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი;
- უფლებები საქართველო;
- ფონდი ღია საზოგადოება საქართველო;
- წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის საერთაშორისო ცენტრი;