სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ადვოკატების დახმარებით ამ დროისთვის მარტის აქციებზე დაკავებული 21 პირის საქმე დასრულდა სასამართლოში წარმატებით
როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 2023 წლის 2-3 და 7-9 მარტს, მშვიდობიანი სამოქალაქო პროტესტის წინააღმდეგ ძალის გამოყენების პარალელურად, ადგილი ჰქონდა დემონსტრანტების მასობრივ დაკავებას. იმის მიუხედავად, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიიღო დაკავებულების ადმინისტრაციული პატიმრობიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება, მათ წინააღმდეგ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეები არ შეწყვეტილა და მათთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხი მოგვიანებით განიხილა სასამართლომ. ამ დროისთვის, საქმეთა ნაწილის განხილვა უკვე დასრულდა თბილისის საქალაქო სასამართლოში და საქმეთა ნაწილზე მიღებული დადგენილებები გასაჩივრებულია თბილისი სააპელაციო სასამართლოში.
სასამართლოში საქმეთა განხილვები მთელი რიგი პროცედურული ხარვეზებით არაორგანიზებულად მიმდინარეობდა, თუმცა, ამის მიუხედავად, უფლებადამცველების დახმარებით არაერთი პირის საქმე დასრულდა დადებითი შედეგით. კერძოდ, არცერთი იმ დაკავებული პირის მიმართ, რომლებსაც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ადვოკატები იცავდნენ, არ ყოფილა გამოყენებული ადმინისტრაციული პატიმრობა. ამასთან, სახდელის სახედ შენიშვნა იყო გამოყენებული 18 დაკავებულის შემთხვევაში, ნაწილობრივ შეწყდა და ნაწილობრივ შენიშვნა გამოეცხადა - 3 პირს, ხოლო ჯარიმა შეეფარდა 31 პირს.
აღსანიშნავია ის პრობლემები, რომელთა წინაშეც დაკავებულები და მათი უფლებადამცველები აღმოჩნდნენ როგორც ადმინისტრაციული დაკავებების მიმდინარეობისას, ისე - სასამართლო პროცესების დროს. კერძოდ, პრობლემური იყო ადვოკატებისა და ოჯახის წევრების მხრიდან დაკავებული პირების ადგილსამყოფლის დადგენა და შესაბამისად, დაკავებულების მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მიღება. დაკავებულები განაწილებულები იყვნენ იზოლატორებში მთელი საქართველოს მასშტაბით, რაც კიდევ უფრო ართულებდა ადვოკატების შეხვედრას დაკავებულებთან. ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტრო უმეტესად, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე მაქსიმალური ვადით ტოვებდა დაკავებულებს იზოლატორში.
წინამდებარე საქმეებში შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები ძალიან დაბალი სტანდარტით ახერხებდნენ სამართალდარღვევის ფაქტების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმოდგენას. გარკვეულ შემთხვევებში პროცესზე საერთოდ არ იყვნენ უწყების ის წარმომადგენლები გამოცხადებულები, რომლებმაც უშუალოდ მიიღეს პირის დაკავებაში მონაწილეობა.
საქმეების სასამართლოში შეტანის შემდეგ მოქალაქეები და მათი ადვოკატები რამდენიმე საათის, ზოგჯერ მთელი დღის და ღამის განმავლობაში ელოდნენ საქმის განხილვას მორიგე მოსამართლის მიერ. სასამართლო სხდომები მიმდინარეობდა შუაღამის საათებშიც, ზოგჯერ დილის 3-4 საათამდეც. იყო შემთხვევები, როდესაც მთელი დღის განმავლობაში მომლოდინე პირების პროცესები სხვა დროისთვის გადაიდო, თუმცა, ამაზე სასამართლომ მხარეებს ინფორმაცია მხოლოდ მთელი დღის ლოდინის შემდეგ, გვიან ღამით მიაწოდა.
იმის გათვალისწინებით, რომ დაკავებულებს პროცესებამდე არ ჰქონდათ საქმის მასალები, ადვოკატებს მასალების გაცნობისა და მტკიცებულებების მოძიების მიზნით უწევდათ სასამართლოში შუამდგომლობის წარდგენა პროცესის გადადებასთან დაკავშირებით. ზოგიერთი მოსამართლე აკმაყოფილებდა ამ შუამდგომლობას, თუმცა, იყო შემთხვევები, როდესაც შემდეგი პროცესი ინიშნებოდა რამდენიმე საათის შუალედში, რაც არ იყო საკმარისი ადვოკატების მიერ საქმეზე პოზიციის მოსამზადებლად.
განსაკუთრებით პრობლემური იყო პროცესამდე იმ პირების შეხვედრა ადვოკატებთან, რომლებიც პირდაპირ გადაჰყავდათ სამართალდამცავებს იზოლატორებიდან სასამართლოში. ადვოკატების მოთხოვნის მიუხედავად, ისინი ვერ ხვდებოდნენ პროცესის გახსნამდე მათ მარწმუნებლებს და კომუნიკაცია უწევდათ პირდაპირ სასამართლო სხდომის დარბაზში სამართალდამცავების და გარეშე პირების თანდასწრებით.