განცხადებები

საქართველოს პარლამენტის მიერ 25 ნოემბერს ახალი წევრების უფლებამოსილების ცნობა არაკონსტიტუციურია

საქართველოს კონსტიტუციით, პარლამენტი სრულ უფლებამოსილებას იძენს პარლამენტის წევრთა ორი მესამედის უფლებამოსილების ცნობის მომენტიდან. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, პარლამენტის წევრთა უფლებამოსილების ცნობის თაობაზე პარლამენტის დადგენილებაში არ შეიტანება იმ პირის გვარი, რომლის პარლამენტის წევრად არჩევის კანონიერება გასაჩივრებულია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში.

საქართველოს პრეზიდენტმა, ასევე, პარლამენტის 30-მა წევრმა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართა 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების არაკონსტიტუციურად ცნობის თაობაზე, რითაც გასაჩივრებულია პარლამენტის 150-ვე წევრის არჩევის კანონიერება. შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის მიერ 25 ნოემბერს ახალი წევრების უფლებამოსილების ცნობა არაკონსტიტუციურია და არღვევს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტს.