განცხადებები

სასამართლომ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წინააღმდეგ კიდევ ერთი სარჩელი დააკმაყოფილა

თბილისის საქალაქო სასამართლომ უკანონოდ ცნო ლალი ახალაიას  სსიპ „კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოდან” გათავისუფლება და მოპასუხეს იძულებითი განაცდურის და კომპენსაციის გადახდა დააკისრა.

არქეოლოგი ლალი ახალაია კულტურის სამინისტროს სისტემაში შემავალ სხვადასხვა უწყებაში 1978 წლიდან მუშაობდა, ხოლო 2013 წლიდან დასაქმებული იყო სსიპ „კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში”. 

2021 წელს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრად თეა წულუკიანის დანიშვნის შემდეგ სამინისტროს დაქვემდებარებულ დაწესებულებებში რეორგანიზაცია და მასშტაბური ცვლილებები დაიწყო. 2021 წლის 25 ნოემბერს „კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოშიც” დაიწყო რეორგანიზაცია. დაინიშნა ტესტირება ზოგად უნარებსა და მათემატიკაში. სააგენტოში დასაქმებული პირების პროფესიული ცოდნა ტესტირებაზე არ შემოწმებულა. ამავდროულად, დადგენილი არ ყოფილა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი. 2022 წელს, 9 თვის შემდეგ სააგენტოში მეორე რეორგანიზაცია დაიწყო, რომლის ფარგლებშიც ლალი ახალაია 2022 წლის 14 ნოემბერს სამსახურიდან გაათავისუფლეს, გასაუბრების ოქმში კი აღნიშნეს, რომ მისი კომპეტენცია არ შეესაბამებოდა დაკავებულ პოზიციას.

გასაუბრების პროცესს არ ესწრებოდნენ დარგის პროფესიონალები, სფეროს მცოდნე ექსპერტები. გასაუბრებას, ძირითადად, ატარებდნენ იურისტები, რომლებიც არ ჰქონდათ კონკურსანტის შესაფასებლად საჭირო პროფესიული ცოდნა. 

ლალი ახალაიამ სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანება სასამართლოში 2022 წლის 14 დეკემბერს გაასაჩივრა, ამ ბრძანების ბათილად ცნობის, იძულებითი განაცდურის ანაზღაურებისა და კომპენსაციის მოთხოვნით. თბილისის საქალაქო სასამართლომ 2024 წლის 10 ივნისს ბათილად ცნო სსიპ „კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს” ბრძანება ლალი ახალაიას გათავისუფლების შესახებ და მოპასუხე მხარეს დააკისრა იძულებითი განაცდურის ანაზღაურებისა და დამატებით სამსახურში აღდგენის ნაცვლად კომპენსაციის გადახდის ვალდებულება.

ლალი ახალაიას ინტერესებს სასამართლოში ,,სამართლიანი არჩევნების” ადვოკატი თეონა კილაძე იცავდა

შეხსენებისთვის ლალი ახალაიას შემთხვევა პირველი არ არის: კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაქვემდებარებულ უწყებებში 2021 და 2022 წელს განხორციელებული რეორგანიზაციის შედეგად სამსახურიდან გათავისუფლდნენ სამუზეუმო საქმის და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის უმაღლესი კლასის სპეციალისტები. თითოეული მათგანის პროფესიული რეპუტაცია, სამეცნიერო ხარისხი და კვლევები კარგადაა ცნობილი პროფესიულ წრეებში. შესაბამისად, კვალიფიციური პროფესიონალის თანამდებობიდან ამ მასშტაბით გათავისუფლება აუხსნელი და კულტურის სფეროსთვის მნიშვნელოვანი ზიანის მომტანი გადაწყვეტილება იყო.

 

„სამართლიანი არჩევნები“ უფასო იურიდიულ დახმარებას უწევს სამსახურიდან  უკანონოდ და სავარაუდო პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებულ პირებს.

 

თუ მიიჩნევთ, რომ სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გაგათავისუფლეს, დაგვირეკეთ ან მოგვწერეთ:

0 800 100 143

info@isfed.ge

ზარი უფასოა