განცხადებები

სასამართლომ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წინააღმდეგ შეტანილი კიდევ ექვსი სარჩელი დააკმაყოფილა

2025 წლის ივნის-ივლისში თბილისის საქალაქო სასამართლომ „სამართლიანი არჩევნების” 6 სარჩელი დააკმაყოფილა და უკანონოდ ცნო დავით ლომიტაშვილის, ირინა ბაღდადიშვილის, მარინა თაქთაქიშვილის, თინათინ ბოჭორიშვილის, თეიმურაზ საყვარელიძისა და მ.ქ.-ს 2022 წელს სსიპ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოდან გათავისუფლება და მოპასუხეს იძულებითი განაცდურისა და კომპენსაციის გადახდა დააკისრა.

2021 წლის ნოემბერში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში დაიწყო რეორგანიზაცია, თანამშრომელთა კომპეტენციის დადასტურების მიზნით. აღსანიშნავია, რომ სააგენტოში მომუშავე პირთა კომპეტენციის დასადასტურებლად ტესტირება დაინიშნა ზოგად უნარებსა და მათემატიკაში. ტესტირებაზე არ დასმულა პროფესიული კითხვები, ასევე, დადგენილი არ ყოფილა კომპეტენციის დადასტურების მინიმალური ზღვარი.

მოსარჩელეებმა წარმატებით გაიარეს როგორც ტესტირების, ისე გასაუბრების ეტაპები და მათ გაუფორმდათ ახალი ხელშეკრულებები, თუმცა, 2022 წელს, 9 თვის შემდეგ სააგენტოში კვლავ დაიწყო რეორგანიზაცია, რა დროსაც მოსარჩელეები 2022 წლის 15 იანვარს გაათავისუფლეს სამსახურიდან, რის საფუძვლადაც მიუთითეს, რომ მათი კომპეტენცია არ შეესაბამებოდა  დაკავებულ პოზიციას.

გასაუბრების პროცესებს არ ესწრებოდნენ დარგის პროფესიონალები და მათ ნაცვლად კომისიაში მოწვეული ექსპერტების რანგით მონაწილეობდნენ პირები, რომლებიც არ იყვნენ სფეროს წარმომადგენლები. კომისიის წევრები სვამდნენ ზოგად კითხვებს, რომელთაც არანაირი შეხება არ ჰქონდა მათ საქმიანობასთან. ამავდროულად არ მომხდარა გასაუბრების პროცესის აუდიო/ვიდეო ჩაწერა.

შეხსენებისთვის, 2021 და 2022 წლის რეორგანიზაციის შედეგად სამსახურიდან გათავისუფლდნენ სამუზეუმო საქმის და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის უმაღლესი კლასის სპეციალისტები. თითოეული მათგანის პროფესიული რეპუტაცია, სამეცნიერო ხარისხი და კვლევები კარგადაა ცნობილი პროფესიულ წრეებში. შესაბამისად, ამ მასშტაბით კვალიფიციური პროფესიონალის თანამდებობიდან გათავისუფლება აუხსნელი და კულტურის სფეროსთვის მნიშვნელოვანი ზიანის მომტანი გადაწყვეტილება იყო, ხოლო სასამართლო პროცესები დღემდე გრძელდება. 

მოსარჩელეების ინტერესებს სასამართლოში ,,სამართლიანი არჩევნების” ადვოკატი თეონა კილაძე იცავდა.

თუ მიიჩნევთ, რომ სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გაგათავისუფლეს, დაგვირეკეთ ან მოგვწერეთ: 0 800 100 143; info@isfed.ge