სასამართლომ კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს წინააღმდეგ კიდევ ოთხი სარჩელი დააკმაყოფილა
თბილისის საქალაქო სასამართლომ უკანონოდ ცნო ნინო ხორავას, მაია ჩოლოყაშვილის, გიორგი მისრიაშვილის და ნ.დ.-ს სსიპ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოდან გათავისუფლება და მოპასუხეს იძულებითი განაცდურისა და კომპენსაციის გადახდა დააკისრა.
2021 წლის 25 ნოემბერს, კულტურის მინისტრად თეა წულუკიანის დანიშვნის შემდეგ, სსიპ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში, თანამშრომელთა კომპეტენციის დადასტურების მიზნით, დაიწყო რეორგანიზაცია. აღსანიშნავია, რომ სააგენტოში მომუშავე პირთა კომპეტენციის დასადასტურებლად ტესტირება დაინიშნა ზოგად უნარებსა და მათემატიკაში. ტესტირებაზე არ ყოფილა დასმული პროფესიული კითხვები, ასევე, დადგენილი არ ყოფილა კომპეტენციის დადასტურებისთის მინიმალური ზღვარი.
მოსარჩელეებმა წარმატებით გაიარეს როგორც ტესტირების, ისე გასაუბრების ეტაპები, მაგრამ, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, ზოგიერთი თანამშრომელი გაათავისუფლეს სამსახურიდან, ხოლო ვინც დატოვეს, ახალი ხელშეკრულებები გაუფორმეს. თუმცა, ეს გადაწყვეტილება დროებითი აღმოჩნდა და მინისტრისთვის მიუღებელი კადრების წმენდის ახალი ტალღა 2022 წელს, ცხრა თვის შემდეგ, კვლავ რეორგანიზაციით დაიწყო, რის შედეგადაც, 2022 წლის 15 იანვარს კიდევ არაერთი თანამშრომლი გაათავისუფლეს სამსახურიდან და გათავისუფლების საფუძვლად მიუთითეს, რომ მათი კომპეტენცია არ შეესაბამებოდა დაკავებულ პოზიციას.
აღსანიშნავია, რომ არცერთი რეორგანიზაციის დროს გასაუბრების პროცესებს არ ესწრებოდნენ დარგის პროფესიონალები და მათ ნაცვლად კომისიაში მოწვეული ექსპერტების რანგით მონაწილეობდნენ პირები, რომლებიც არ იყვნენ სფეროს წარმომადგენლები და ძირითადად იყვნენ იურისტები, რომლებიც სვამდნენ ზოგად კითხვებს, რომელსაც არანაირი შეხება არ ჰქონდა მოსარჩელეთა საქმიანობასთან.
ამავდროულად არ ხორციელდებოდა გასაუბრების აუდიო/ვიდეო ჩაწერა.
სამსახურიდან გათავისუფლებული პირების ნაწილმა საკუთარი შრომითი უფლებების დასაცავად სასამართლოს მიმართა.
ნინო ხორავა
ნინო ხორავა სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ბიუჯეტის დაგეგმვის, პროგრამის მართვისა და ღონისძიებების უზრუნველყოფის სამსახურის სპეციალისტი 2020 წლიდან იყო.
მის ფუნქციებში შედიოდა როგორც პროექტების მართვა, ისე მსოფლიო მემკვიდრეობის საბჭოზე გასატანად მასალების მომზადება, რაც გულისხმობდა სამშენებლო კოდექსით დადგენილ მოთხოვნებთან სააგენტოში წარდგენილი დოკუმენტების შესაბამისობის დადგენას, ამ მიზნით მათ დამუშავებას, ანალიზს, ცხრილების შედგენას და სხვა. ნინო ხორავას საერთაშორისო ორგანიზაციებში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს.
2021 წლის 25 ნოემბერს სააგენტოში დაიწყო რეორგანიზაცია თანამშრომელთა კომპეტენციის დადასტურების მიზნით. მოგვიანებით ბრძანებაში შევიდა ცვლილება, რომლის მიხედვითაც 30 თვეზე ნაკლები ვადით დასაქმებული პირები გათავისუფლდნენ ტესტირების ჩაბარების ვალდებულებისგან. მართალია მოსარჩელის დასაქმებიდან 30 თვეზე ნაკლები ვადა იყო გასული, მაგრამ ხორავას განუმარტეს, რომ ის მაინც უნდა გასულიყო ტესტირებაზე, რადგან იგი უვადოდ იყო დანიშნული.
ნინო ხორავამ გაიარა ტესტირება და გასაუბრება და მიუხედავად მის მიერ მიღებული უმაღლესი ქულებისა, ის სრულიად დაუსაბუთებლად გაათავისუფლეს სამსახურიდან.
მაია ჩოლოყაშვილი
მაია ჩოლოყაშვილი სსიპ კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულ სააგენტოში სხვადასხვა პოზიციაზე 2011 წლიდან მუშაობდა. 2021 წლის რეორგანიზაციის შემდეგ მაია ჩოლოყაშვილი დატოვეს სამსახურში, რადგან მისი შედეგები შეფასდა დადებითად და გადაიყვანეს მუზეუმების, მუზეუმ-ნაკრძალებისა და საგანმანათლებლო სამსახურის შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირის პოზიციაზე. იგი ჩართული იყო მუზეუმების გამოცემების მომზადებაში, მუშაობდა შინაარსობრივ ნაწილზე, ჟურნალებზე და ბეჭდურ მასალაზე, რომელიც მუზეუმების არსებობისთვის, მისი ისტორიის შენარჩუნებისთვის აუცილებელია.
როგორც უკვე აღინიშნა, ცხრა თვის შემდეგ სააგენტოში კვლავ დაიწყო რეორგანიზაცია, და ამჯერად მაია ჩოლოყაშვილი კომისიისთვის არასასურველი აღმოჩნდადა სრულიად უკანონოდ და დაუსაბუთებლად გაათავისუფლეს სამსახურიდან.
გიორგი მისრიაშვილი
გიორგი მისრიაშვილი სსიპ კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულ სააგენტოში კულტურული მემკვიდრეობის კვლევის სამსახურის უფროსი სპეციალისტის პოზიციაზე 2008 წლიდან მუშაობდა. იგი პროფესიით არის ხელოვნებათმცოდნე. მის საქმიანობაში შედიოდა რეგიონებში არსებული ძეგლების აღნუსხვა, მდგომარეობის აღწერა, მონიტორინგი, დოკუმენტირება, სატენდერო დოკუმენტების მომზადება და სხვა დავალებების შესრულება, მათ შორის ფოტოგადაღება და დამუშავება. მას ძირითადად უწევდა საველე სამუშაოების შესრულება რეგიონებში, ასევე, სარესტავრაციო სამუშაოების წარმოება.
გიორგი მისრიაშვილმაც 2021 წლის რეორგანიზაციის დროს წარმატებით ჩააბარა ტესტირება და გაიარა გასაუბრება. თუმცა, ის სამსახურიდან მაინც გაათავისუფლეს.
ნ.დ.
ნ.დ. სსიპ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში 2014 წლიდან მუშაობდა. ის პროფესიით არის შუა საუკუნეების კვლევების სპეციალისტი და ამ მიმართულებით აქვს მაგისტრის დიპლომი. მან სააგენტოში მუშაობა დაიწყო როგორც წარჩინებულმა სტუდენტმა, თავდაპირველად ძეგლთა აღნუსხვა-დოკუმენტირების სამსახურის შტატგარეშე თანამშრომლად, შემდეგ სპეციალისტად. 2016 წელს რეორგანიზაციის შედეგად სამსახურს სახელწოდება შეეცვალა და დაერქვა კულტურული მემკვიდრეობის კვლევის სამსახური, სადაც ის დარჩა იმავე ფუნქციით. მის ფუნქციებში შედიოდა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის შესახებ ინფორმაციის გაცემა, მოხსნა-მინიჭების საკითხი და სათანადო რეკომენდაციების მომზადება და ხელმძღვანელ პირთან წარდგენა.
2021 წლის რეორგანიზაციისას ნ. დ.-მ ჩააბარა ტესტირება, გაიარა გასაუბრება და დატოვეს სამსახურში, თუმცა 2022 წლის რეორგანიზაციისას ისიც ყოველგვარი დასაბუთების გაათავისუფლეს სამსახურიდან იმ დროს, როდესაც იგი ბიულეტენზე იმყოფებოდა, გაუუქმეს დაზღვევა, რის გამოც ვერ ისარგებლა საყოველთაო დაზღვევით და საოპერაციო თანხის მობილიზებისთვის დასჭირდა სესხის აღება.
მოსარჩელეების ინტერესებს სასამართლოში „სამართლიანი არჩევნების“ ადვოკატი თეონა კილაძე იცავდა.
საზოგადოებას შევახსენებთ, რომ 2021 და 2022 წლების რეორგანიზაციის შედეგად გათავისუფლებული არიან სამუზეუმო საქმის და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის უმაღლესი კლასის სპეციალისტები. თითოეული მათგანის პროფესიული რეპუტაცია, სამეცნიერო ხარისხი და კვლევები კარგად არის ცნობილი პროფესიულ წრეებში. შესაბამისად, ამ მასშტაბის კვალიფიციური პროფესიონალის თანამდებობიდან გათავისუფლება აუხსნელი და კულტურის სფეროსთვის მნიშვნელოვანი ზიანის მომტანი გადაწყვეტილებაა.
თუ მიიჩნევთ, რომ სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გაგათავისუფლეს, მოგვწერეთ: info@isfed.ge