განცხადებები

სასამართლომ საქართველოს ეროვნული მუზეუმის წინააღმდეგ სარჩელი დააკმაყოფილა

თბილისის საქალაქო სასამართლომ [1] უკანონოდ ცნო კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი სსიპ „საქართველოს ეროვნული მუზეუმიდან” ქეთევან მაქარაშვილის გათავისუფლება და მოპასუხეს იძულებითი განაცდურის და კომპენსაციის გადახდა დააკისრა. 

ქეთევან მაქარაშვილი სსიპ ,,საქართველოს ეროვნული მუზეუმის” (ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის) საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ასისტენტის პოზიციას 2020 წლის 10 სექტემბრიდან იკავებდა. 2022 წლის 12 აპრილს მაქარაშვილი საქართველოს ეროვნული მუზეუმიდან ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო გაათავისუფლეს. მისი გათავისუფლების პარალულურად მუზეუმში დაიწყო რეორგანიზაციის პროცესი. დავის ფარგლებში, მაქარაშვილის მოთხოვნას წარმოადგენდა ხელშეკრულების უვადოდ ცნობა და გათავისუფლების ბათილობა, ასევე, მოპასუხისთვის განაცდურის და კომპენსაციის დაკისრება. 

მუზეუმს მაქარაშვილთან ერთ წელზე ნაკლები ვადით რამდენიმე ხელშეკრულება ჰქონდა დადებული. სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს შრომის კოდექსი იმპერატიულად განსაზღვრავს შრომითი ურთიერთობის ვადასთან დაკავშირებულ საკითხებს, რომლის შეცვლა, მხარეთა შეთანხმებითაც კი, დაუშვებელია. შრომის კოდექსი, ასევე, იმპერატიულად მიუთითებს, რა წინაპირობების არსებობისას არის შესაძლებელი ერთ წელზე ნაკლები ვადით შრომითი ხელშეკრულების დადება, რაც მოპასუხემ ვერ დაასაბუთა. სასამართლომ მიიჩნია, რომ ქეთევან მაქარაშვილსა და საქართველოს ეროვნულ მუზეუმს შორის არსებობდა უვადო შრომითი ურთიერთობა და ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო მაქარაშვილის გათავისუფლება უკანონო იყო.

მოპასუხის განმარტებით, მაქარაშვილისთვის ცნობილი იყო ის გარემოება, რომ მათ შორის არსებული შრომითი ურთიერთობა იყო ვადით განსაზღვრული, რასაც  იგი ადასტურებდა შრომითი ურთიერთობის წარმოშობის და გაგრძელების მიზნით დადებულ ხელშეკრულებაზე, შეთანხმებასა და ბრძანებაზე ხელმოწერით. მოპასუხე მხარის წარმომადგენელმა სასამართლოს სხდომაზე ასევე აღნიშნა, რომ ვადიანი ხელშეკრულების დადებისთვის არსებობდა ობიექტური გარემოება, რაც გამოწვეული იყო პანდემიით.

სასამართლომ, ასევე, სრულად დაკმაყოფილდა სასარჩელო მოთხოვნა იძულებითი განაცდურის ანაზღაურების ნაწილში და საქართველოს ეროვნულ მუზეუმს ქეთევან მაქარაშვილის სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის სახით დაეკისრა შრომითი ანაზღაურების გადახდა 2022 წლის 13 აპრილიდან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

სასამართლო დავის პერიოდში საქართველოს ეროვნულ მუზეუმში რეორგანიზაცია განხორციელდა, რის შედეგადაც, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ასისტენტის პოზიცია გაუქმდა.  ამის გამო, ქეთევან მაქარაშვილის სამსახურში აღდგენის სანაცვლოდ მოთხოვნილი იყო კომპენსაცია ერთი წლის შრომის ანაზღაურების ოდენობით. სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა აღნიშნული მოთხოვნა და დამსაქმებელს სამსახურში აღდგენის სანაცვლოდ დააკისრა კომპენსაციის გადახდა.

საერთო სასამართლოებში ქეთევან მაქარაშვილის ინტერესებს ,,სამართლიანი არჩევნების” ადვოკატი, თეა თედლიაშვილი იცავდა.

 

„სამართლიანი არჩევნები“ უფასო იურიდიულ დახმარებას უწევს სამსახურიდან  უკანონოდ და სავარაუდო პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებულ პირებს.

ამ საქმეს „სამართლიანი არჩევნები” USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით აწარმოებდა.

თუ მიიჩნევთ, რომ სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გაგათავისუფლეს, დაგვირეკეთ ან მოგვწერეთ:

0 800 100 143

info@isfed.ge

ზარი უფასოა

 

 

[1] თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 1 აპრილის გადაწყვეტილება