სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლის სასამართლო სისტემიდან განდევნა
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადასტურა, რომ იუსტიციის უმაღლესის საბჭოს მიერ მაია ბაქრაძისთვის მოსამართლედ განწესებაზე ორჯერ უარის თქმა იყო დისკრიმინაციული. კოალიციის შეფასებით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი მტკიცებულებაა, რომელიც სასამართლო სისტემიდან განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლეთა დევნის მრავალწლიან პრაქტიკაზე მიუთითებს.
მაია ბაქრაძე იკავებდა მოსამართლეთა დამოუკიდებელი გაერთიანების „მოსამართლეთა ერთობის” თავმჯდომარის თანამდებობას და ხმამაღლა საუბრობდა სასამართლო სისტემის გამოწვევებზე. 2015-2016 წლებში, 10-წლიანი სამოსამართლო ვადის ამოწურვის შემდეგ, ბაქრაძემ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ გამოცხადებულ მოსამართლეთა შესარჩევ 2 კონკურსში მიიღო მონაწილეობა, თუმცა უშედეგოდ.
ეროვნულ დონეზე სამივე ინსტანციაში უშედეგო სამართალწარმოების შემდგომ, მაია ბაქრაძემ 2020 წელს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართა. კოალიციამ 2020 წელს გაავრცელა შეფასება, რომელიც მათ შორის მიუთითებდა, რომ მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის მხრიდან მაია ბაქრაძის მიმართ სავარაუდო დისკრიმინაციული მოპყრობა ასოციაცია „მოსამართლეთა ერთობის“ თავმჯდომარეობითა და სასამართლო სისტემის გამოწვევებზე მისი ხედვით იყო განპირობებული.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მაია ბაქრაძის საქმეზე გამოხატვისა და გაერთიანების თავისუფლებების დარღვევა, დისკრიმინაციის აკრძალვასთან ერთობლიობაში, ერთხმად დაადგინა. საქმეში არსებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, ევროპულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაუბრებისას განმცხადებლისთვის დასმული შეკითხვების უმეტესობა შეეხებოდა არა მის პროფესიულ კვალიფიკაციას და კეთილსინდისიერებას, არამედ „მოსამართლეთა ერთობაში“ მის როლსა და სასამართლო სისტემაში არსებული მდგომარეობის კრიტიკას. გადაწყვეტილება აკრიტიკებს ეროვნულ სასამართლოებსაც. ევროპული სასამართლოს მითითებით, ეროვნულ სასამართლოებს სათანადო ყურადღებით უნდა განეხილათ საქმე, რათა უზრუნველყოფილიყო მაია ბაქრაძის რეალური და ეფექტიანი დაცვა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ცალკეული წევრების მხრიდან ნებისმიერი შესაძლო მიკერძოებული და დისკრიმინაციული მიდგომისგან. თუმცა მათ ეს ვერ მოახერხეს.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, მოსამართლეთა გამოხატვის თავისუფლება, იმსჯელონ მართლმსაჯულების სისტემასთან დაკავშირებით, ასევე შეიძლება ტრანსფორმირდეს მათ ვალდებულებაში, საჯაროდ ისაუბრონ კანონის უზენაესობისა და სამოსამართლო დამოუკიდებლობის დასაცავად, როდესაც ამ ფუნდამენტურ ღირებულებებს საფრთხე ემუქრება.
კოალიციის შეფასებით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქართველოს სასამართლო სისტემაში არსებული სისტემური გამოწვევების დამადასტურებელი მორიგი მყარი მტკიცებულებაა.