განცხადებები

ტყიბულის მაგისტრატმა სასამართლომ “სამართლიანი არჩევნების” დაცვის ქვეშ მყოფი ორი მოქალაქის თ.თ-ის და ე.გ.-ის გათავისუფლების ბრძანებები ბათილად ცნო

ტყიბულის მაგისტრატმა  სასამართლომ, “სამართლიანი არჩევნების” დაცვის ქვეშ მყოფი საჯარო მოხელის თ.თ.-ის და ე.გ.-ის სასარჩელო მოთხოვნები სამსახურიდან გათავისუფლებისა და მოხელეთა რეზერვში ჩარიცხვის ბრძანებების ბათილად ცნობის თაობაზე დააკმაყოფილა. ამავე გადაწყვეტილებით ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა გარემოებების სრულყოფილად შესწავლისა და გამოკვლევის საფუძვლეზე  ახალი აქტის გამოცემა. სასამართლოს განმარტებით, ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ არ იყო სათანადოდ დასაბუთებული რეორგანიზაციის პირობებში მოსარჩელეების გათავისუფლების აუცილებლობა.

თ.თ. ტყიბულის მერიაში 2014 წლიდან მუშაობდა და გათავისუფლებამდე იკავებდა ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის მე-2 რანგის მეორადი სტრუქტურული ერთეულის საორგანიზაციო განყოფილების უფროსის პოზიციას. ე.გ. ტყიბულის მერიაში 1999 წლიდან იყო დასაქმებული, გათავისუფლებამდე იკავებდა მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის მესამე რანგის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის პოზიციას. მრავალწლიანი მუშაობის პერიოდში გათავისუფლებული პირების მიმართ დისციპლინური პაუსხისმგებლობის ზომა არ გამოყენებულა და მათი შეფასებები იყო საუკეთესო. 

სამწუხაროდ,  სასამართლოს არ უმსჯელია  სასარჩელო მოთხოვნების ნაწილზე, კერძოდ  მოხელის სამსახურში აღდგენის შემთხვევაში განაცდური თანამდებობრივი სარგოს და საკლასო დანამატის, აღდგენის შეუძლებლობის შემთხვევაში კონპენსაციის გადახდის  მოპასუხისთვის დავალების საკითხზე,1 რის გამოც გათავისუფლებულ პირებს მოუწევთ გადაწყვეტილების გასაჩივრება ზემდგომ ინსტანციაში.

უნდა აღინიშნოს, რომ 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად, ტყიბულის მერიაში აირჩა ახალი მერი - დავით ჩერქეზიშვილი. ახალმა მერმა დანიშვნისთანავე დაიწყო საკადრო ცვლილებები პირადი შეხედულებების მიხედვით.  მერმა დეკემბრის თვეშივე შრომითი ხელშეკრულებებით დაასაქმა წინაასაარჩევნო კამპანიის დროს მასთან დაახლოებული პირები. 2022 წლის 17 თებერვლის ბრძანებით  დაიწყო რეორგანიზაცია. რეორგანიზაციის შედეგად გათავისუფლებულებს ოფიციალურად განუცხადეს, რომ რეორგანიზაციის შედეგად მათი შტატი  გაუქმდა. თუმცა როგორც შემდგომ გაირკვა, ფაქტობრივად, მერიის საშტატო რიცხოვნება არ შემცირებულა და მეტიც, არსებობდა ვაკანტური თანამდებობები.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკით, საჯარო სტრუქტურაში განხორციელებული  რეორგანიზიის პროცესი, კანონითა და სასამართლო გადაწყვეტილებებით დადგენილ სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს, რაც ტყიბულის მერიის მიერ დაცული არ ყოფილა.

რეორგანიზაციის პროცესში  ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ მომხდარა საუკეთესოს შერჩევის პრინციპის დაცვა, არ შეფასებულა მოხელეთა პროფესიული უნარ-ჩვევები, კვალიფიკაცია და სხვა სავალდებულო მახასიათებლები ტოლფას/ან დაბალი რანგის თანამდებობაზე მათი კანდიდატურების შესაბამისობის დადგენის კუთხით. გათავისუფლებულებისთვის   არ შეუთავაზებიათ   ალტერნატიული  ან  ტოლფასი დაბალი რანგის თანამდებობა. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა ეფუძნებოდეს მყარ არგუმენტებს და რეორგანიზაციის პროცესში მონაწილე მოხელეს სულ მცირე უნდა უტოვებდეს იმის განცდას, რომ უფლებამოსილმა პირმა მასთან მიმართებაში გაითვალსიწინა და შეაფასა მისი როგორც პროფესიული ასევე პიროვნული უნარ-ჩვევები.

გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა ყოველთვიური სახელფასო ფონდი რეორგანიზაციის შედეგად გაიზარდა.  

რეორგანიზაციის შედეგად  ერთის მხრივ, შტატების შემცირებაზე მითითება და, მეორეს მხრივ, სახელფასო ფონდის ზრდა ურთიერთგამომრიცხავი მოქმედებებია და პროცესში ხელმძღვანელობის საკუთარი ინტერესებისთვის უპირატესობის შესაძლო მინიჭებაზე მიუთითებს.

გათავისუფლებულთა ინტერესებს სასამართლოში ,,სამართლიანი არჩევნების” ადვოკატი მეგი ბაკურიძე იცავდა. 

ISFED,  USAID სამართლის უზენაესობის პროგრამისა და ღია საზოგადოების ფონდის  მხარდაჭერით, ახორციელებს სტრატეგიული სამართალწარმოების პროექტს, რომლის ფარგლებშიც უფასო იურიდიულ დახმარებას უწევს სამსახურიდან სავარაუდო პოლიტიკური  ნიშნით გათავისუფლებულ პირებს. 

თუ მიიჩნევთ, რომ სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გაგათავისუფლეს, დაგვირეკეთ ან მოგვწერეთ: 0 800 100 143; info@isfed.ge

 

 

 

 

 1. ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’   საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-3-მე-5 ნაწილები