ცესკოს ახალი თავმჯდომარე თამარ ჟვანია გახდა
ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ახალი თავმჯდომარე ჰყავს. ცესკოში კენჭისყრა დღეს, 11 სექტემბერს დასრულდა. თამარ ჟვანიას კანდიდატურას კომისიის ექვსივე წევრმა დაუჭირა მხარი.
ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობა ვაკანტური რამდენიმე კვირის წინ, მას შემდეგ გახდა, რაც ზურაბ ხარატიშვილმა გადადგომის შესახებ განაცხადა.
თამარ ჟვანიას კანდიდატურა საქართველოს პრეზიდენტს საარჩევნო საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებმა წარუდგინეს.
საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე 9 სექტემბერს სამი კანდიდატურა წარადგინა. თამარ ჟვანიას გარდა წარდგენილი იყო მანუჩარ გამყრელიძისა და კონსტანტინე ამირაჯიბის კანდიდატურები.
თამარ ჟვანია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) - \"სანდო და მდგრადი საარჩევნო ინსტიტუტებისა და პროცესების ხელშეწყობის\" პროექტის ხელმძღვანელი ამ დრომდე გახლდათ.
ჟვანიას საარჩევნო კუთხით საპასუხისმგებლო პოზიციებზე მუშაობის ხანგრძლივი გამოცდილება აქვს. ბოლო 5 წლის განმავლობაში იგი იყო UNDP საქართველოს საარჩევნო მიმართულების ჯგუფის ლიდერი და ხელმძღვანელობდა ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის ერთობლივ პროექტებს. საარჩევნო საკითხებზე მუშაობდა საზღვარგარეთაც, მათ შორის, საერთაშორისო პროგრამის მენეჯერად ეროვნულ დემოკრატიულ ინსტიტუტში (NDI). იგი ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR), NDI-სა და ნორვეგიის საერთაშორისო საქმეთა ინსტიტუტის ეგიდით გახლდათ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების წარმომადგენელი სხვადასხვა ქვეყნებში. ქალბატონი ჟვანიას საარჩევნო მოღვაწეობა იწყება 2000 წლიდან სამოქალაქო სექტორში. 2004–2007 წლებში იყო ,,სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ აღმასრულებელი დირექტორი.
თამარ ჟვანია ,,დემოკრატიის, მმართველობის და არჩევნების სფეროში რესურსების განვითარების“ (BRIDGE) პროგრამის სრულად აკრედიტებული ფასილიტატორია. მონაწილეობა აქვს მიღებული სხვადასხვა საერთაშორისო ტრენინგებში, პროექტებსა და კვლევებში.
განცხადებაში, რომელიც საარჩევნო საკითხებზე მომუშავე არასამთვრობო ორგანიზაციებმა კანდიდატის წარდგენისას გაავრცელეს ნათქვამი იყო:
\"კანდიდატის შერჩევის კრიტერიუმად ორგანიზაციებმა მხედველობაში მიიღეს ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებში საარჩევნო საკითხებზე მუშაობის დიდი გამოცდილება, საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობის სპეციფიკის კარგი ცოდნა, კანდიდატის არაპარტიული წარსული, პიროვნული ღირსებები, მათ შორის პრინციპულობა და ობიექტურობა.
წარმოდგენილი ორგანიზაციები ვაცნობიერებთ იმ პასუხისმგებლობას, რაც სადამკვირვებლო ორგანიზაციების მხრიდან ცესკოს თავმჯდომარის კანდიდატურის დასახელებას შეიძლება მოყვეს. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ კვლავაც აქტიურად გავაგრძელებთ საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობის მონიტორინგს და საჭიროების შემთხვევაში მწვავე კრიტიკასაც არ მოვერიდებით, ვფიქრობთ, რომ დასახელებული კანდიდატს აქვს უნარი, მიიღოს კრიტიკული შენიშვნები და რთულ სიტუაციებში გამოავლინოს როგორც პოლიტიკურ ძალებთან, ასევე, არასამთავრობო სექტორთან თანამშრომლობის მზაობა.
მიგვაჩნია, რომ თამარ ჟვანია აკმაყოფილებს ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატისათვის დადგენილ კრიტერიუმებს. იმედს გამოვთქვამთ, რომ საქართველოს პრეზიდენტის მსგავსად, მმართველი კოალიციაც გამოავლენს პოლიტიკურ ნებას მხარი დაუჭიროს ჩვენ მიერ დასახელებულ კანდიდატს არჩევანის გაკეთების დროს\".
იხილეთ ჟვანიას კანდიდატურის წარმდგენი ორგანიზაციების ჩამონათვალი:
„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ ( ISFED)
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)
ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველო“
„კონსტიტუციის 42-ე მუხლი“
„მრავალეროვანი საქართველო“
კოალიცია „სამოქალაქო განვითარებისთვის“
განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი (CDD)
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა
საარჩევნო გარემოს განვითარების ცენტრი
სამოქალაქო განათლების მულტიეთნკური რესურს-ცენტრი
პროფესიული განათლების პროფკავშირი
სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი
ადამიანის უფლებების ცენტრი