განცხადებები

ცესკოს დადგენილება, რომლითაც იცვლება საუბნო საარჩევნო კომისიებში წილისყრის ჩატარების ვადები, კანონთან შეუსაბამოა

2024 წლის 16 აგვისტოს საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) მიიღო დადგენილება, რომლითაც იცვლება საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა ფუნქციების გასანაწილებელი წილისყრის ვადები და აღნიშნული, ყველა საარჩევნო უბნისთვის, წინასწარ, კენჭისყრის (არჩევნების) დღემდე არაუგვიანეს მე-7 დღეს ჩატარდება. ცესკოს განმარტებით, აღნიშნული ცვლილება განპირობებულია საარჩევნო პროცესის ორგანიზებულად წარმართვის საჭიროებით, რათა წილისყრის პროცედურების განსხვავებულ ვადებში განხორციელებამ არ გამოიწვიოს არაერთგვაროვნება. 

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება” მიიჩნევს, რომ დადგენილება ეწინააღმდეგება საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობას, ასევე, შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას საარჩევნო კომისიის წევრთა დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას საარჩევნო ადმინისტრაციის ქვედა დონეზე. 

აღნიშნული დადგენილება ცესკომ საარჩევნო კოდექსის მე-14 მუხლის 1-ელი ნაწილის „გ” ქვეპუნქტის საფუძველზე მიიღო, რომლის მიხედვითაც, გამონაკლის შემთხვევაში, თუ შეუძლებელი გახდა საარჩევნო კოდექსით დადგენილი გარკვეული მოთხოვნების შესრულება/ვადების დაცვა, ცესკო უფლებამოსილია, დადგენილებით განსაზღვროს ჩასატარებელი არჩევნების/გასამართი კენჭისყრის საარჩევნო ღონისძიებები და ვადები. 

საქართველოს საარჩევნო კოდექსის 61-ე მუხლის თანახმად, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს შორის ფუნქციების წილისყრით განაწილება ხდება კენჭისყრის დღეს. შესაბამისად, იგი არ ეკუთვნის იმგვარ პროცედურას, რომლის ჩატარებაც არჩევნების დღეს შეუძლებელი იქნება. წლების განმავლობაში აღნიშნული პროცედურა, მათ შორის იმ საარჩევნო უბნებზე, სადაც ელექტორნული ტექნოლოგიები გამოიყენებოდა, არჩევნების დღეს ტარდებოდა და იგი არ უკავშირდება საგამონაკლისო ან შეუძლებელ ღონისძიებას.

არსებული რეგულაციებით, კენჭისყრის დღემდე მხოლოდ ერთი ფუნქციის გასანაწილებელი წილისყრა ტარდებოდა, რომელიც „კენჭისყრის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარების წესისა და პირობების განსაზღვრის შესახებ” ცესკოს დადგენილების მე-5 და მე-7 მუხლებით იყო გათვალისწინებული. ამ დადგენილების მიხედვით, იმ უბნებში, სადაც კენჭისყრა ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით წარიმართება, გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღები კომისიის წევრების გამოვლენა უნდა განხორციელდეს კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-7 დღეს. 

საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა ფუნქციების სწორედ კენჭისყრის დღეს განსაზღვრას აქვს კონკრეტული ლეგიტიმური მიზანი. აღნიშნული ამცირებს კომისიის წევრებზე შესაძლო ზეწოლისა და ზემოქმედების საფრთხეს. კერძოდ, კომისიის წევრი უფრო მოწყვლადი შეიძლება იყოს, როდესაც მისი კონკრეტული ფუნქციები არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე არის ცნობილი. ამასთანავე, თუკი ყველა ფუნქცია წინასწარ იქნება ცნობილი, იმ კომისიის წევრთა, ვისაც არც ერთი ფუნქცია არ მიეკუთვნება, ინდივიდუალური პასუხისმგებლობა და მუშაობის სტიმული მნიშვნელოვნად შეიძლება შემცირდეს. 

გარდა ამისა, წილისყრის პროცედურების კენჭისყრის დღემდე გამართვა მნიშვნელოვნად გაართულებს ამ პროცესზე დაკვირვებას. მაშინ, როდესაც წილისყრა ტარდებოდა არჩევნების დღეს, სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ რეგისტრირებული დამკვირვებლები ერთ დღეს ახერხებდნენ ყველა საარჩევნო პროცედურაზე, მათ შორის წილისყრაზე დაკვირვებასაც, ხოლო თუ წილისყრა კენჭისყრის დღეს არ გაიმართება, სადამკვირვებლო ორგანიზაციებს ამ პროცედურისთვის ცალკე მოუწევთ დამკვირვებლების მობილიზება, რაც, შეზღუდული რესურსების პირობებში, ორგანიზაციათა უმრავლესობისთვის შეუძლებელი იქნება.

მოვუწოდებთ ცესკოს, ზემოაღნიშნული დადგენილება კანონთან შესაბამისობაში მოიყვანოს და საუბნო საარჩევნო კომისიებმა წევრთა ფუნქციების გასანაწილებელი წილისყრა კენჭისყრის დღეს ჩაატარონ.