თვითმმართველობების Facebook გვერდებზე მმართველი პარტიის წარმოჩენა გახშირდა
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ნაწილი ოფიციალური „ფეისბუქ“ გვერდების გამოყენებით 2020 წლის აპრილიდან მმართველი პარტიის სასარგებლო კამპანიაში ჩაერთო. მმართველი პარტიის გარდა, ცალკეული მუნიციპალიტეტები საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატების სასარგებლო კამპანიაშიც არის ჩართული.
„სამართლიანმა არჩევნებმა“ შეისწავლა ადგილობრივი თვითმმართველობების ორგანოების 133 ოფიციალური „ფეისბუქ“ გვერდი, მათგან 69 მერიის და 64 საკრებულოს გვერდები.
2019 წელს 69 მერიის „ფეისბუქ“ გვერდებზე გამოქვეყნებულ პოსტებში პარტია „ქართული ოცნება“ და მასთან დაკავშირებული ინფორმაცია მხოლოდ ერთი, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მიერ ოთხჯერ, 2019 წლის მარტში, სექტემბერში და დეკემბერში იყო გამოქვეყნებული. რაც შეეხება საკრებულოებს, 64 გვერდიდან პარტია „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებით 5 საკრებულოს გვერდის მიერ ჯამში 13 პოსტი გამოქვეყნდა.
სურათი დრამატულად იცვლება 2020 წლის აპრილიდან, როდესაც საკრებულოების და მერიების ოფიციალურმა „ფეისბუქ“ გვერდებმა პარტია „ქართული ოცნების“ კონტექსტში პოსტების გამოქვეყნება ინტენსიურად დაიწყეს, რასაც საერთო ინსტრუქციით მოქმედების ელფერი აქვს.
მაგალითად, 2020 წლის მაისში, მუნიციპალიტეტების საკრებულოებისა და მერიების „ფეისბუქ“ გვერდებმა გამოაქვეყნეს ინფორმაცია სისხლის დონაციის აქციის შესახებ, რომელშიც ხაზგასმული იყო, რომ აქციაში მონაწილეობდნენ „ქართული ოცნების“ საკრებულოების დეპუტატები. საკრებულოების სხვა პარტიების წევრების შესახებ ინფორმაცია არ გამოქვეყნებულა.
-----
-----
2020 წლის იანვრიდან დღემდე 20 მუნიციპალიტეტის მერიის ოფიციალურ „ფეისბუქ“ გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტებში პარტია „ქართული ოცნება“ 29-ჯერ ახსენეს ნეიტრალურ, ან პოზიტიურ კონტექსტში. ხოლო საკრებულოებმა ასეთი 54 პოსტი გამოაქვეყნეს. პარტიის სახელი ხშირად საკრებულოს წევრების აფილაციის კონტექსტში არის გამოყენებული, თუმცა წარსულში ასეთი პრაქტიკა არ ყოფილა.
საგულისხმოა, რომ აღნიშნულ გვერდებზე გამოქვეყნებული პოსტები სხვა არცერთ პოლიტიკურ პარტიას ან კანდიდატს არ ეხება, მიუხედავად იმისა, რომ საკრებულოს წევრები სხვა პოლიტიკური პარტიების წევრებიც არიან.
არჩევნების მოახლოებასთან ერთად მუნიციპალიტეტების ოფიციალური „ფეისბუქ“ გვერდების ამგვარი აქტივობა ეწინააღმდეგება სახელმწიფოსა და პოლიტიკური პარტიის გამიჯვნის ვალდებულების პრინციპს და საჯარო რესურსების პარტიული ინტერესებისთვის გამოყენების რისკებს ზრდის.
საგულისხმოა, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე „სამართლიანი არჩევნების“ სოციალური მედიის მონიტორინგის ერთ-ერთი სამიზნე ადგილობრივი თვითმმართველობების ოფიციალური „ფეისბუქ“ გვერდების მონიტორინგი იყო, რომლის შედეგებმა აჩვენა, რომ თვითმმართველობების ვებ და სოციალური მედიის პლატფორმები (ვებ-გვერდი და „ფეისბუქ“ გვერდი) ცალკეული გამონაკლისის გარდა პოლიტიკური მიზნებისთვის არ გამოიყენებოდა და მათი მიზანი მუნიციპალიტეტის საქმიანობების შესახებ მხოლოდ მოქალაქეთა ინფორმირება იყო, რაც ანგარიშვალდებულების კარგ მაგალითს წარმოადგენდა. თუმცა, ბოლო პერიოდში გამოვლენილი ტენდენცია - მმართველი პარტიის და მაჟორიტარი დეპუტატების საქმიანობის შესახებ ინფორმაციის გავრცელება მუნიციპალიტეტების საინფორმაციო პლატფორმების პოლიტიკური ნეიტრალიტეტის დარღვევად და საჯარო რესურსების არამიზნობრივად გამოყენებად უნდა შეფასდეს.
მართალია, საარჩევნო კოდექსის თანახმად, ოფიციალური წინასაარჩევნო კამპანია არჩევნებამდე 60 დღით ადრე იწყება და „საქართველოს საარჩევნო კოდექსით“ დადგენილი შეზღუდვები ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებასთან დაკავშირებით ამ პერიოდიდან მოქმედებს, მაგრამ საარჩევნო მიზნით ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება შიდა კანონმდებლობის გარდა უნდა განიმარტოს მოქმედი საერთაშორისო პრინციპების გათვალისწინებით. ამ მხრივ, კი უმნიშვნელოვანესია ეუთოს კოპენჰაგენის 1990 წლის დოკუმენტით დაწესებული სტანდარტი - საჯარო რესურსებზე თანაბარი წვდომა პოლიტიკური პარტიებისთვის და მკაფიო ზღვარის არსებობა სახელმწიფოსა და პოლიტიკურ პარტიას შორის[1].
სახელმწიფო ორგანოების ლეგიტიმური საქმიანობა განცალკევებული უნდა იყოს მმართველი პარტიის საქმიანობისგან, განსაკუთრებით საარჩევნო პროცესში. იურიდიული და ეთიკური სტადარტები იმგვარად უნდა იყოს გატარებული, რომ შესაძლებელი იყოს თვითმმართველობების საქმიანობის მკაფიო განსხვავება პარტიული საქმიანობისგან. შესაბამისად, ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლობითმა და აღმასრულებელმა ორგანოებმა სოციალური მედიის ოფიციალურ პლატფორმებზე თავი უნდა შეიკავონ მუნიციპალიტეტის საქმიანობასთან დაკავშირებით მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ ფარული რეკლამირებისაგან.
ანგარიში მომზადებულია „ფეისბუქზე“ არსებულ ღია წყაროებზე დაკვირვებით. მონიტორინგის ხელსაწყოდ გამოყენებულია Facebook-ის კუთვნილი სოციალური მედიის ანალიტიკური ხელსაწყო CrowdTangle.
„სამართლიანი არჩევნების“ სოციალური მედიის მონიტორინგის პროგრამა ხორციელდება ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), აღმოსავლეთ დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის, და საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის დაფინანსებით. სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია მხოლოდსამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED) და გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არასახავდეს დონორების პოზიციას.
-------
[1] მუხლი 5.4 და 7.6 1990 წლის კოპენჰაგენის დოკუმენტი