განცხადებები

უზენაესმა სასამართლომ ,,სამართლიანი არჩევნების” დაცვის ქვეშ მყოფი პირის საკასაციო საჩივარი დააკმაყოფილა და მოპასუხეს კომპენსაციის გადახდა დააკისრა

2023 წლის 24 ივლისს უზენაესმა სასამართლომ  ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლიდან უკანონოდ გათავისუფლებული თამარ ქომეთიანის საკასაციო საჩივარი დააკმაკოფილა და მოპასუხეს ქომეთიანის სასარგებლოდ 17 320  ლარის ოდენობის კომპენსაციის გადახდა დააკისრა.

თამარ ქომეთიანი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ „მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში” 2020 წლიდან მუშაობდა. 2021 წლის ოქტომბრის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდში იგი სამსახურიდან უკანონოდ და დაუსაბუთებლად გაათავისუფლეს.  აღსანიშნავია ის გარემოება, რომ „მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის“ 80 თანამშრომლიდან, თამარ ქომეთიანის გარდა, ყველას გაუგრძელდა ხელშეკრულების მოქმედების ვადა. ქომეთიანი ამ გადაწყვეტილებას  საკუთარ პოლიტიკურ შეხედულებებსა და საქმიანობას უკავშირებს, რადგან სამსახურის დირექტორმა ქომეთიანს ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის მხარდასაჭერი პოსტის ფეისბუქზე გაზიარების გამო, ჯერ დისციპლინური პასუხისმგებლობა შეუფარდა, ხოლო მოგვიანებით სამსახურიდან გაათავისუფლა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილებით, თამარ ქომეთიანის გათავისუფლება ბათილად იქნა ცნობილი, ხოლო „მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეს” კომპენსაციის სახით, 10 000 ლარის გადახდა დაეკისრა. სააპელაციო სასამართლომ არ იმსჯელა განაცდურის ანაზღაურების საკითხზე, რის გამოც ქომეთიანმა გადაწყვეტილება საკასაციო სასამართლოში გაასაჩივრა. 

საქართველოს შრომის კოდექსის მიხედვით, დამსაქმებლის ბრალით გამოწვეული იძულებითი მოცდენის დროს დასაქმებულს შრომის ანაზღაურება სრულად მიეცემა. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს, ქომეთიანის გათავისუფლების კანონიერების შესწავლასთან ერთად,  უნდა  ემსჯელა  მოპასუხისთვის იძულებით განაცდურის დაკისრების საკითხზე, რასაც მან დაუსაბუთებლად გვერდი აუარა. უზენაესმა სასამართლომ ქომეთიანის საკასაციო საჩივრის მოთხოვნები დააკმაყოფილა და „მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეს” ქომეთიანის გათავისუფლებიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე  ყოველთვიურად 1 100 ლარის ანაზღაურების გადახდა დააკისრა, რამაც ჯამურად 17  320 ლარი შეადგინა.

თამარ ქომეთიანის ინტერესებს სასამართლოში ,,სამართლიანი არჩევნების” ადვოკატი თეა თედლიაშვილი იცავდა.

 

ამ საქმეს „სამართლიანი არჩევნები”  USAID სამართლის უზენაესობის პროგრამისა და „ღია საზოგადოების ფონდის” მხარდაჭერით ახორციელდებდა. 

თუ მიიჩნევთ, რომ სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გაგათავისუფლეს, დაგვირეკეთ ან მოგვწერეთ:

0 800 100 143;

info@isfed.ge