კვლევები

ქალი კოორდინატორების გამოწვევები არჩევნებში

ბოლო წლების განმავლობაში, პოლიტიკაში ქალთა მონაწილეობა მსოფლიოს მასშტაბით საგრძნობლად გაიზარდა. ამომრჩეველი და კანდიდატი ქალების პოლიტიკაში ჩართულობა დღესდღეობით იმაზე მაღალია, ვიდრე ოდესმე ყოფილა. მიუხედავად ამისა, ქალები კვლავ არასაკმარისად არიან წარმოდგენილნი პოლიტიკაში სხვადასხვა დონეზე.

გენდერული ნიშნით ძალადობა პოლიტიკასა და არჩევნებში სულ უფრო თვალსაჩინოა. ამავე დროს, სახელმწიფო, საზოგადოების ნაწილი და რიგი მედიასაშუალებები არჩევნებში ქალთა მიმართ ძალადობას მიკერძოებულად და არასერიოზულად განიხილავენ. შედეგად, ზოგჯერ პოლიტიკაში ჩართულ, როგორც პარტიულ, საკანონმდებლო თუ აღმასრულებელ ხელისუფლებაში მყოფ, ასევე, რიგით კოორდინატორ ქალებს, პოლიტიკური ცხოვრებიდან იძულებით უწევთ გასვლა.

მართალია, ქალთა პოლიტიკურ მონაწილეობაზე ტარდება კვლევები და იწერება სტატიები, თუმცა, კონკრეტულად ქალთა მიმართ ძალადობა არჩევნებში დღემდე გამოუკვლევი რჩება. განსაკუთრებით, ეს ეხებათ პარტიების ქალ კოორდინატორებს. დღემდე მათი ხმა არც ერთ კვლევაში არ ისმის. არ არსებობს ზუსტი სტატისტიკა კოორდინატორების რაოდენობის შესახებ. შესაბამისად, არ არსებობს მათი გენდერული დისბალანსისა და ბალანსის ზუსტი მონაცემები.

საქართველოში, არჩევნებში პოლიტიკური პარტიების ქალი კოორდინატორების მიმართ არსებული ძალადობის პრაქტიკებს გამოსავლენად, “საფარმა” სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებასთან (ISFED) პარტნიორობით მოამზადა კვლევა – ქალი კოორდინატორების გამოწვევები არჩევნებში კვლევა ჩატარდა ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მხარდაჭერით, პროექტის – “არჩევნებზე პოლიტიკური პარტიების ქალი კოორდინატორების პრობლემები ფემინისტური საკითხია” ფარგლებში.