საარჩევნო კამპანიის ფინანსური გამოწვევები საქართველოში
ეუთოს კოპენჰაგენის დოკუმენტის თანახმად, ხელმომწერი სახელმწიფოები, მათ შორის საქართველო, თანხმდებიან, უზრუნველყონ, რომ პოლიტიკური კამპანია ჩატარდეს სამართლიან და თავისუფალ ატმოსფეროში. ვენეციის კომისიის საარჩევნო საკითხებში კარგი პრაქტიკის კოდექსი, ასევე, ადგენს, რომ პარტიებსა და კანდიდატებს შორის უნდა იყოს უზრუნველყოფილი შესაძლებლობების თანასწორობა. ამ პრინციპის უზრუნველსაყოფად, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 2003 წლის რეკომენდაცია სახელმწიფოებს მოუწოდებს, განიხილონ ზომების მიღება გადაჭარბებული დაფინანსების თავიდან ასაცილებლად, მათ შორის ისეთი გზით, როგორიცაა ხარჯების ლიმიტების დაწესება. საქართველოში ბოლო რამდენიმე არჩევნები აჩვენებს, რომ პოლიტიკური პარტიების მიერ გაწეული წინასაარჩევნო კამპანიის ხარჯები იზრდება. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის კამპანიის დანახარჯები, წინა საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით, 26%-ით გაიზარდა. ამასთან, პირველ ადგილზე გასული პოლიტიკური პარტიის დანახარჯები მთლიანი ხარჯების 40%-მდე აღწევს და 3.5-ჯერ უსწრებს რიგით მეორე საარჩევნო სუბიექტის დანახარჯების მოცულობას, რაც საარჩევნო კამპანიის ფინანსების არათანაბარ განაწილებაზე მეტყველებს.
წინამდებარე კვლევის მიზანს წარმოადგენდა, დაედგინა საარჩევნო პროცესში პოლიტიკური პარტიების კამპანიისთვის ფინანსური გამოწვევები, აგრეთვე უხილავი წინაღობები რეგიონული პოლიტიკოსებისთვის, ქალი, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი და დამოუკიდებელი კანდიდატებისთვის. აღნიშნული მიზნის მისაღწევად დასახული იქნა ისეთი ამოცანების გადაჭრა, როგორებიცაა: პარტიის შემოსავლების დიფერენცირება წყაროების მიხედვით; შემოწირულობების სქემების გაანალიზება; საარჩევნო სუბიექტების მიერ კამპანიის ფონდში თანხების მოზიდვის კუთხით გატარებული აქტივობების დადგენა; საარჩევნო კამპანიის დანახარჯების შედარება წლების, საარჩევნო სუბიექტებისა და ხარჯების კატეგორიების მიხედვით; პოლიტიკურ პარტიებში ქალი კანდიდატების მხარდაჭერისთვის მიდგომების ანალიზი; შიდა პარტიული კვოტირების შედეგად მოპოვებული დამატებითი სახელმწიფო დაფინანსების განკარგვა; ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი კანდიდატების მხარდაჭერისკენ მიმართული პოლიტიკის ანალიზი.
კვლევის ობიექტს წარმოადგენდა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული საარჩევნო ფინანსების დეკლარაციები, მონიტორინგის ანგარიშები, პოლიტიკური პარტიების წესდებები, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე რეგისტრირებული მაჟორიტარი დეპუტატობის და 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე მერობის პარტიული და დამოუკიდებელი კანდიდატები.
წინამდებარე კვლევის ანგარიში შედგება ხუთი თავისაგან. პირველ და მეორე თავში მიმოხილულია პოლიტიკური პარტიებისა და მათ მიერ ნომინირებული კანდიდატების საარჩევნო კამპანიის შემოსავლები და ხარჯები, მეორე თავი ეთმობა დამოუკიდებელი კანდიდატების ფინანსური ბრუნვისა და გამოწვევების მიმოხილვას, ბოლო ორი თავი კი ეძღვნება ქალთა პოლიტიკური გაძლიერებისა და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა წახალისების მიმართულებით პოლიტიკური პარტიების ფინანსური პოლიტიკის ანალიზს.
დოკუმენტის სრულად გასახსნელად და გადმოსაწერად დააკლიკეთ აქ