კვლევები

სამთავრობო უწყებების სტრატკომების ფეისბუქგვერდების მონიტორინგის შედეგები

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასა და სამინისტროებში სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტების აქტიურად ფორმირება 2018 წლიდან დაიწყო. გამონაკლისს წარმოადგენს თავდაცვის სამინისტრო, სადაც მსგავსი სტრუქტურული ქვედანაყოფი ჯერ კიდევ 2015 წელს შეიქმნა. ამ დროისთვის სტრატეგიული კომუნიკაციების სტრუქტურული ქვედანაყოფი ფუნქციონირებს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასა და 7 სამინისტროში, რომელთა შორისაა: თავდაცვის სამინისტრო, შინაგან საქმეთა სამინისტრო, საგარეო საქმეთა სამინისტრო, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი. სტრატკომები მათი ფუნქციებისა და ამოცანების განხორციელებისას წარმოადგენენ შესაბამის უწყებას/სამინისტროს. სამინისტროების სტრატკომები თავიანთ საქმიანობაში ხელმძღვანელობენ საქართველოს კანონმდებლობითა და მინისტრის სამართლებრივი აქტებით და ანგარიშვალდებული არიან მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე.

წინამდებარე კვლევის მიზანს წარმოადგენს, შეისწავლოს ქვეყნის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის აღმასრულებელი სამთავრობო უწყებების სტრატეგიული კომუნუკაციების დეპარტამენტების ამოცანებთან მათი აქტივობის შესაბამისობა, აგრეთვე, მტრული სახელმწიფოდან მომდინარე საფრთხეების პრევენციისა და მათზე რეაგირების კუთხით გადადგმული აქტივობები. 

კვლევის ობიექტად განისაზღვრა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციისა და საგარეო, თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების სტრატკომების დებულებებები, აგრეთვე, მთავრობისა და მოცემული სამი სამინისტროს სტრატკომების ფეისბუქის ოფიციალური გვერდები. ფეისბუქგვერდების მონიტორინგის პერიოდი მოიცავს მათი შექმნიდან 2023 წლის 30 აპრილის ჩათვლით პერიოდს. პოსტების შეგროვებისათვის გამოყენებული იქნა „მეტას“ კუთვნილი სოციალური მედიის ანალიზის ინსტრუმენტი „CrowdTangle“, რომელიც იძლევა ფეისბუქგვერდების (ასევე, ჯგუფების, ვერიფიცირებული პროფილებისა და ინსტაგრამის ანგარიშების) საჯარო კონტენტისა და მათზე ინტერაქციების მონიტორინგის საშუალებას. წინამდებარე კვლევის ანგარიში ეყრდნობა მოცემული ოთხი უწყების სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტების დებულებების ანალიზსა და ფეისბუქგვერდების მონიტორინგს. კვლევის პირველ ნაწილში განხილულია სტრატკომების დებულებებით გაწერილი ამოცანები, ხოლო მეორე ნაწილი ეთმობა ამ უწყებების ფეისბუქგვერდების მონიტორინგის შედეგებს. 

ამ კვლევის მონიტორინგის პერიოდში ცნობილი გახდა მეტას გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, კომპანიამ 2023 წლის მაისში, საქართველოს მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტთან დაკავშირებული არაავთენტური კოორდინირებული ქსელი წაშალა. მეტას განცხადებით, ქსელი მოიცავდა 80 ანგარიშს, 9 ჯგუფს, 29 გვერდს და ინსტაგრამის ორ ანგარიშს. მთავრობის სტრატკომის მერ მართული არაავთენტური ქსელი ჩართული იყო მარტის აქციების, ასევე ოპოზიციური პარტიების დისკრედიტაციაში, ხოლო ამ პოსტების რეკლამირებაზე ჯამში $33 500 დაიხარჯა. ამ დრომდე, მთავრობის სტრატკომს მეტას გადაწყვეტილების შესახებ კომენტარი არ გაუკეთებია.  

მთავრობის სტრატკომის ფეისბუქ აქტივობაზე ყურადღება არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და მედიას მანამდეც გაუმახვილებია. მაგალითად, ISFED-მა 2021 წელს აღმოაჩინა მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტთან დაკავშირებული ფარული საინფორმაციო კამპანია ფეისბუქზე. სახელმწიფო უწყებების სტრატკომებმა ასევე ვერ შეასრულეს დაკისრებული მოვალეობა კოვიდპანდემიის დროს და ვაქცინაციის შესახებ აქტიური კამპანია არ აწარმოეს. 

დოკუმენტის სრულად გასახსნელად და გადმოსაწერად დააკლიკეთ აქ