სიახლეები

2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგის საბოლოო ანგარიში

წინამდებარე ანგარიში წარმოადგენს "სამართლიანიარჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგის შედეგებს.
2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე "სამართლიანი არჩევნები", როგორც ერთ-ერთი ყველაზე ფართო ქსელის მქონე სადამკვირვებლო ორგანიზაცია, აქტიურად იყო ჩართული როგორც წინასაარჩევნო, აგრეთვე არჩევნების დღისა და არჩევნების შემდგომი პერიოდის მონიტორინგის პროცესში. აღნიშნული არჩევნების მონიტორინგი ორგანიზაციამ ახალი მეთოდების დანერგვითა და ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენებით განახორციელა. მონიტორინგის სრული პროცესი სამ ძირითად ეტაპს მოიცავდა: წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგი არჩევნებამდე ექვსი თვის განმავლობაში ორგანიზაციის 73 გრძელვადიანი დამკვირვებლის მეშვეობით საქართველოს ყველა საარჩევნო ოლქში მიმდინარეობდა. მონიტორინგის ხანგრძლივობისა და ეფექტური მეთოდოლოგიის გამოყენებით შესაძლებელი გახდა სრული პროცესის გაანალიზება, რაც შემდგომში წინასაარჩევნო პერიოდის სრულყოფილად და ობიექტურად შეფასების წინაპირობა გახდა. წინასაარჩევნო პერიოდის დაკვირვების ძირითად სფეროს წარმოადგენდა ისეთი საკითხები, როგორებიც არის ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება, საარჩევნო ადმინისტრაციებისა და პოლიტიკური პარტიების საქმიანობა, ამომრჩეველთა სიების ფორმირების პროცესი, პოლიტიკური ნიშნით ზეწოლის, მუქარისა და მოსყიდვის ფაქტები.
არჩევნების დღის მონიტორინგი მთელი საქართველოს მასშტაბით 902 საარჩევნო უბანზე განხორციელდა. მათ შორის, 600 შემთხვევით შერჩეულ საარჩევნო უბანზე ორგანიზაციამ ხმების პარალელური დათვლის (PVT) მეთოდოლოგია გამოიყენა.
შემთხვევითად შერჩეული უბნების გარდა "სამართლიანმა არჩევნებმა" მოკლევადიანი დამკვირვებელები 302 საარჩვენო უბანზე მიავლინა. მოკლევადიან დამკვირვებლებთან ერთად არჩევნების დღის სადამკვირვებლო მისია 78 მობილური ჯგუფის, 73 ოლქის დამკვირვებლის, 15 იურისტის, 15 ოპერატორისა და ცესკოში მივლენილი 2 დამკვირვებლისგან შედგებოდა. 
არჩევნების დღის დაკვირვება მოიცავდა სამ ძირითად კომპონენტს - უბნის გახსნა და მოწყობა, კენჭისყრის პროცესი და ხმების დათვლის პროცესი.
არჩევნების შემდგომი პერიოდის მონიტორინგი "სამართლიანმა არჩევნებმა" 73 ოლქის დამკვირვებლის, 15 იურისტისა და ცესკოს 2 დამკვირვებლის მეშვეობით განახორციელა. ორგანიზაცია დააკვირდა საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობას, საოლქო საარჩევნო კომისიებში საჩივრების განხილვისა და შედეგების შეჯამების პროცესს.

 

2012_Final_Rep by ISFED on Scribd