სიახლეები

2015 წლის 31 მაისის არჩევნების დღის შეფასება

2015 წლის 31 მაისს, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“  საკრებულოს მაჟორიტარული სისტემით გამართულ შუალედურ არჩევნებს სენაკის ოლქის  №34ე, №35-ე და ზუგდიდის ოლქის №45-ე საარჩევნო უბნებზე დააკვირდა.

„სამართლიანი არჩევნების“ შეფასებით, უბნის გახსნის, კენჭისყრისა და ხმის დათვლის პროცესმა მშვიდ გარემოში და მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე ჩაიარა.  

ორგანიზაციის დამკვირვებლების მიერ დაფიქსირდა ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის 2 შემთხვევა ზუგდიდის №45-ე საარჩევნო უბანზე. კერძოდ, ერთ შემთხვევაში ამომრჩევლმა კაბინის გარეთ მისცა ხმა და საჯაროდ გამოაცხადა საკუთარი არჩევანი, რაზეც საუბნო საარჩევნო კომისიას რეაგირება არ მოუხდენია. ხოლო მეორე შემთხვევაში, ამომრჩეველმა საარჩევნო კაბინაში ფოტო გადაუღო საკუთარ ბიულეტენს. მისი განცხადებით, ბიულეტენის გადაღება   ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაავალეს.



ამასთან, ზუგდიდის ოლქის №45-ე საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ პირები, რომლებიც უბანზე მისული ამომრჩევლების აღრიცხვას ახორციელებდნენ. „სამართლიანი არჩევნები“ მიიჩნევს, რომ აღნიშნული ქმედება ამომრჩევლის ნების თავისუფალ გამოხატვაზე არაპირდაპირი ზეგავლენის მოხდენის ნიშნებს შეიცავს.

„სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლების მიერ არცერთი საჩივარი არ დაწერილა და  მხოლოდ ერთი შენიშვნა დაფიქსირდა ჩანაწერთა წიგნში.

რაც შეეება არჩევნების საბოლოო შედეგებს, სენაკის ოლქში გაიმარჯვა „ქართული ოცნების“ კანდიდატმა მალხაზ ტორჩინავამ ხმების 49.16%-ით, ხოლო ზუგდიდის ოლქში - „ქართული ოცნების“ კანდიდატმა ვასილ გაბისონიამ ხმების  57.02% - ით.

საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ:





„სამართლიანი არჩევნების“ სადამკვირვებლო მისიის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, „ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს“ (USAID) მიერ.  ზემოთ გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ”სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებას” და შესაძლოა, არ გამოხატავდეს USAID-ის, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის და ამერიკელი ხალხის შეხედულებებს.