სიახლეები

31 ოქტომბრის პარლამენტის და ადგილობრივი თვითმმართველობის შუალედური არჩევნების შეჯამება და რეკომენდაციები

31 ოქტომბრის შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებით საოლქო კომისიებში „სამართლიანმა არჩევნებმა“ 12 საჩივარი წარადგინა. აქედან, 7 საჩივარი შეტანილი იყო უბნის გახსნისა და ხმის მიცემისას გამოვლენილ დარღვევებზე, ხოლო 5 საჩივარი შემაჯამებელ ოქმებში არსებულ დარღვევებზე. 12 საჩივრიდან 6 მარტვილის და 6 საგარეჯოს საოლქო საარჩევნო კომისიებში იყო წარდგენილი. 

საოლქო კომისიებმა დაასრულეს „სამართლიანი არჩევნების“ საჩივრების განხილვა. 12 საჩივრიდან დაკმაყოფილდა 8 საჩივარი, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 3 საჩივარი, ხოლო 1 საჩივარი, რომელიც დამკვირვებლის უფლების შეზღუდვას შეეხებოდა არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული საჩივრების საფუძველზე 1 შემთხვევაში (საგარეჯოს #13 საარჩევნო უბანი) დალუქული მასალების გახსნა და კენჭისყრის შედეგების გადასინჯვა მოხდა, 1 შემთხვევაში (საგარეჯოს #19 საარჩევნო უბანი) შედგა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი შემაჯამებელ ოქმში მონაცემების უკანონოდ გასწორებისთვის, საუბნო კომისიების 19 წევრს დისციპლინარული პასუხისმგებლობის ზომის სახით მიეცა გაფრთხილება, ხოლო 10 წევრს შენიშვნა. 

მიუხედავად იმისა, რომ გამოვლენილ დარღვევებს საბოლოო ჯამში გავლენა არ მოუხდენიათ არჩევნების შედეგებზე, მიგვაჩნია, რომ აღნიშნულმა დარღვევებმა და ასევე, სხვა პრობლემებმა, რომლებიც გამოვლინდა შუალედურ არჩევნებზე, დაადასტურა მოქმედი კანონმდებლობის გადახედვის აუცილებლობა. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მომავალი საპარლამენტო არჩევნების ჭრილში, რომელიც სავარაუდოდ, ქვეყანაში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, დაძაბულ პოლიტიკურ გარემოში  წარიმართება. 

 მიგვაჩნია, რომ უნდა გადაიხედოს გამონაკლის შემთხვევაში საარჩევნო უბნების შექმნისა და ამ უბნებზე ხმის მიცემის მარეგულირებელი საკანონმდებლო ნორმები;

 მოქმედი კანონმდებლობით არ რეგულირდება კენჭისყრის შედეგების ბათილობის საფუძვლები. შესაბამისად, აღნიშნული საკითხის გადაწყვეტა საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრეციულ უფლებამოსილებას მიეკუთვნება. ამან, თავის მხრივ ხელი შეუწყო იმ პრაქტიკის დანერგვას, რომ ნებისმიერი სახის დარღვევასთან დაკავშირებით დგება კომისიის წევრის ახსნა-განმარტება. ხშირ შემთხვევაში ეს განმარტებები იწერება დარღვევიდან რამდენიმე საათის შემდეგ უბანზე ან საოლქო კომისიებში საჩივრების განხილვის შედეგად და მხოლოდ ვარაუდს ემყარება, რომ კომისიის წევრმა შეცდომა დაუშვა. ასეთი ახსნა-განმარტება შემთხვევების აბსოლუტურ უმრავლესობაში დამაკმაყოფილებლად მიიჩნევა საოლქო კომისიის მიერ და შესაბამისი კომისიის წევრის დისციპლინარული პასუხისმგებლობის გარდა აღარ ხდება სხვა სახის რეაგირება დარღვევაზე, მაგალითად კენჭისყრის შედეგების გადასინჯვა და/ან მისი ბათილობა. აქედან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ კანონმდებლობით უნდა დარეგულირდეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხი, თუ როდის უნდა მოხდეს ზემდგომი საარჩევნო კომისიის მიერ სავალდებულოდ კენჭისყრის შედეგების გადასინჯვა და ბათილობა;

 უნდა გადაიხედოს მაღალი თანამდებობის პირების საარჩევნო პროცესებში მონაწილეობის მარეგულირებელი ნორმები. განსაკუთრებით ეს ეხება ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენელ თანამდებობის პირებს, ვინაიდან მათი ჩართულობა ეჭვქვეშ აყენებს არჩევნების სამართლიან და კონკურენტულ გარემოში წარმართვის საკითხის;    

 მოცემულმა არჩევნებმა კიდევ ერთხელ წარმოაჩინა საუბნო კომისიის წევრების კვალიფიკაციის პრობლემა, განსაკუთრებით შემაჯამებელი ოქმების შედგენასთან დაკავშირებით. სასურველია, საუბნო კომისიის წევრებისთვის შესაბამისი ტრენინგების ჩატარებისას მეტი დრო დაეთმოს შემაჯამებელი ოქმების შედგენას, როგორც თეორიულად, ასევე პრაქტიკული სავარჯიშოების საშუალებით.

„სამართლიანი არჩევნები“ მზადყოფნას გამოთქვას რეკომენდაციები წარადგინოს და ითანამშრომლოს ყველა დაინტერესებულ მხარესთან ყველა იმ საკითხზე, რომელიც შეეხება დემოკრატიული და სამართლიანი არჩევნების უზრუნველყოფას.