სიახლეები

ადგილობრივ თვითმმართველობებში, საპარლამენტო არჩევნების შემდგომი პროცესების მონიტორინგის, მეორე შუალედური ანგარიშის პრეზენტაცია




„სამართლიანი     არჩევნებისა     და     დემოკრატიის     საერთაშორისო     საზოგადოება“
წარმოგიდგენთ არჩევნების შემდგომი პროცესების მონიტორინგის მეორე ანგარიშს, რომელიც  მოიცავს თვითმმართველობებში განხორციელებული საკადრო ცვლილებების, საპროტესტო აქციებისა და თვითმმართველობის მოხელეთა მიმართ განხორციელებული სამართლებრივი დევნის შესახებ ინფორმაციას.

2012 წლის პირველი ოქტომბრის არჩევნებიდან დღემდე საქართველოს მასშტაბით თანამდებობა დატოვა 46-მა გამგებელმა, მათგან 44-მა პოსტი პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა, ხოლო ორმა საკრებულოს გადაწყვეტილებით. ამავე პერიოდში თანამდებობა დატოვა 24-მა საკრებულოს თავმჯდომარემ, მათ შორის, 20-მა საკუთარი გადაწყვეტილებით, ხოლო ოთხმა საკრებულოს გადაწყვეტილებით.

ცვლილებები ადგილობრივ თვითმმართველობებში უმეტეს შემთხვევაში მოქალაქეთა საპროტესტო აქციების ფონზე მიმდინარეობდა. კერძოდ, ადგილობრივი მოსახლეობა, უმეტესად „ქართული ოცნების“ ადგილობრივი მხარდამჭერები და აქტივისტები, ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელ პირთა გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციებს მათთვის მისაღები კანდიდატურის დანიშვნის მოთხოვნით მართავდნენ.  მსგავსი აქციები 1-ლი ოქტომბრიდან დღემდე სულ 28 მუნიციპალიტეტში გაიმართა, აქედან 24   შემთხვევაში საზოგადოების პროტესტმა უკანონო ფორმა მიიღო, რაც გამოიხატა ფიზიკურ ანგარიშსწორებაში, შენობაში შეჭრაში,  სხდომის ჩაშლასა და შენობების    ბლოკირებაში. ფიქსირდებოდა შემთხვევები, როდესაც ადგილობრივი კადრების ცვლილებების პროცესში ღიად ერეოდა საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატები.

ახლად დანიშნულმა თანამდებობის პირებმა საკადრო ცვლილებების განხორციელება გამგეობისა და საკრებულოს აპარატებში დაიწყეს. საკადრო ცვლილებები მასიურად ძირითადად  21  მუნიციპალიტეტში     დაფიქსირდა,  რასაც  ხშირად  წინ  უძღვოდა გამგეობაში თათბირის ჩატარება ან რწმუნებულების დაბარება გამგებლის მიერ. აღსანიშნავია ის, რომ გათავისუფლებულ პირთა უმრავლესობა განცხადების დაწერის მიზეზებზე საჯაროდ არ საუბრობს ან გადაწყვეტილებას პირად სურვილს უკავშირებს, პირად საუბრებში კი იძულების ფაქტს ადასტურებენ.     გამგეობებში აცხადებენ, რომ თანამშრომლები საკუთარი ნებით წერენ განცხადებებს, რიგ შემთხვევებში კი ამბობენ, რომ გამგეობა კონკურსის გზით აპირებს თანამშრომლების შერჩევას და მათი დათხოვნა ამ მიზეზების გამო ხდება.

აღსანიშნავია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების გარდა საკადრო ცვლილებები  მიმდინარეობს  საბავშვო  ბაღებში  და  გუბერნატორების  აპარატებში. საკადრო ცვლილებები განხორციელდა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკის სტრუქტურებში.
 
საანგარიშო პერიოდში, ასევე, გამოიკვეთა საგამოძიებო სამსახურების დაინტერესება ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოების საქმიანობით. რამდენიმე შემთხვევაში აღიძრა სისხლის სამართლის საქმე და დაკითხულ იქნენ თანამდებობის პირები.

ზოგ მუნიციპალიტეტში კი ფინანსური პოლიცია შევიდა. ანგარიშში წარმოდგენილია 13 შემთხვევა, რა დროსაც სამართალდამცავები დაინტერესდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირთა და მოხელეთა საქმიანობით.   გამოძიება ძირითადად საბიუჯეტო რესურსების უკანონო გამოყენების და სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების კვალიფიკაციით მიმდინარეობს.
ოპოზიციაში მყოფი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ აქტიურად ცდილობდა თვითმმართველობებში მიმდინარე ცვლილებების პროცესის შეჩერებას მიმდინარე მოვლენებში როგორც დეპუტატების, ასევე გუბერნატორების  უშუალო ჩარევის გზით. ისინი ხელისუფლებას თვითმმართველობებში მიმდინარე პროცესების წახალისებასა და მათი წარმომადგენლების მიმართ უკანონო ზეწოლაში სდებდნენ ბრალს.

თვითმმართველობებში განვითარებულ მოვლენებს საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან კრიტიკული შეფასებები მოჰყვა. ნატოსა და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ თვითმმართველობებზე განხორციელებული უკანონო ზეწოლის ფაქტები დაგმეს და ხელისუფლებას უფრო ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდა.

„სამართლიან არჩევნებს“ მიაჩნია, რომ მოქალაქეთა მოლოდინიები, რომ ხელისუფლების ცვლილებას ცენტრალურ დონეზე ბუნებრივად უნდა მოჰყვეს ადგილობრივი ხელისუფლების ცვლილებაც, განპირობებულია ადგილობრივი თვითმმართველობის არსისა და ფუნქციების არასწორი აღქმით, რასაც წარსულში    დამკვირდებული არამართებლი პრაქტიკა და ის გარემოება განაპირობებს, რომ ხშირად თვითმმართველობის მოხელეები და თანამდებობს პირები პოლიტიკური ნიშნით მოქალაქეთა მიმართ ისეთ უკანონო ქმედებებს ახორციელებდნენ, როგორიცაა სამსახურიდან გათავისუფლება, მუქარა, ზეწოლა, ადმინისტრაცული რესურსის გამოყენება.

მიუხედავად აღნიშნულისა, ვთვლით, რომ მსგავსი პრეცედენტები არ ამართლებს იმ უკანონო ზეწოლის ქმედებებსა და ძალადობას, რაც მთელ რიგ მუნიციპალიტეტებში ფიქსირდება.   ვფიქრობთ, რომ თვითმმართველობებში ძალაუფლების ცვლილებების პროცესი  მხოლოდ  კანონით  დადგენილი  პროცედურების  დაცვით  უნდა მიმდინარეობდეს და საქართველოს ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს მათი ზეწოლისაგან თავისუფალ გარემოში ფუნქციონირება.

მიგვაჩნია, რომ შექმნილი სიტუაცია კიდევ ერთხელ წარმოაჩენს თვითმმართველობის რეფორმის განხორციელების აუცილებლობას უახლოეს მომავალში, რათა უზრუნველყოფილი იყოს თვითმმართველობის რეალური დამოუკიდებლობა და ჩაურევლობა მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებში.

ჩვენთვის ცნობილია, რომ თვითმმართველობის ახალი კონცეფციის შექმნაზე მუშაობა რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან კოორდინაციით უკვე  დაწყებულია  და  მისი  განხორციელება  2014  წლის  თვითმმართველობის არჩევნებამდე იგეგმება.  სამწუხაროდ,  მიმდინარე, ან განხორციელებული სამუშაოების შესახებ დეტალები დღემდე არ გამხდარა საჯარო. პროცესში ჯერ-ჯერობით არ არიან ჩართულნი   სამოქალაქო საზოგადოების ყველა დაინტერესებული წარმომადგენლები. მნიშვნელოვანია, რომ რეფორმის პროცესი მაქსიმალურად გამჭვირვალედ წარიმართოს და  მასში  ჩართულობის  შესაძლებლობა  ყველა  დაინტერესებულ  მხარეს  დროულად მიეცეს.