სიახლეები

არასამთავრობო ორგანიზაციები „რუსთავი 2“-ის ქონების დაყადაღებას ეხმაურებიან

2015 წლის 5 აგვისტოს ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშისა და მის მფლობელობაში არსებული შპს „პანორამას“ მოთხოვნით, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ქონება სასამართლომ დააყადაღა, დირექტორსა და მეწილეებს კი სრულფასოვანი მართვისთვის მნიშვნელოვანი ფუნქციები შეუზღუდა. არხის მენეჯმენტის განცხადებით, ამან ტელეკომპანიის გამართული ფუნქციონირება საფრთხის ქვეშ დააყენა.

დღეისათვის „რუსთავი 2“ ყველაზე რეიტინგული ქართული ტელეარხია. ამავდროულად, არხი ხელისუფლებისადმი კრიტიკულად არის განწყობილი. ოც წელზე მეტი ხანია „რუსთავი 2“ ქართულ მედია ბაზარზე მნიშვნელოვანი აქტორის როლს ასრულებს და საზოგადოებრივ აზრზე გავლენის მოხდენის სერიოზული რესურსი გააჩნია. 

„რუსთავი 2“ 1994 წელს ეროსი კიწმარიშვილმა, ჯარჯი აქიმიძემ და დავით დვალმა დააარსეს. აქიმიძემ და დვალმა კომპანიის წილები 2004 წელს გაასხვისეს, ხოლო 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ კი განაცხადეს, რომ კუთვნილი წილების დაბრუნებას სასამართლოს გზით შეეცდებოდნენ.

2004-2012 წლებში „რუსთავი 2“-ის მფლობელი თითქმის 20-ჯერ შეიცვალა. ამ პროცესში, რომელიც ხშირად არაგამჭვირვალე იყო საზოგადოებისთვის, საეჭვო გარემოებებში, იმდროინდელ სახელისუფლებო გუნდთან დაკავშირებული პირები მონაწილეობდნენ.

2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ტელეკომპანია მოქმედი სახელისუფლებო გუნდის მიმართ კრიტიკული დამოკიდებულებით გამოირჩევა. ტელეკომპანიის პოზიციონირებისა და წინა ხელისუფლების მიმართ არხის მაღალი ლოიალობის არგუმენტებით, „რუსთავი 2“-ის პოლიტიკის წინააღმდეგ ხელისუფლების მაღალჩინოსნები ხშირად ღიად გამოხატავენ უკმაყოფილებას.

2015 წლის 5 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ არხის დღევანდელ მფლობელებს 10 წლის შემდეგ ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში ედავება.

სასამართლომ ხალვაშის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ ნაწილობრივ დააკმაყოფილა და განჩინება გამოიტანა. მიგვაჩნია, რომ ეს განჩინება გარკვეულ ხარვეზებს შეიცავს, კერძოდ:

1. განჩინება ვერ აკმაყოფილებს დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტს და უფლების არაპროპორციულ შეზღუდვას განაპირობებს.

განჩინება „რუსთავი 2“-ის დღევანდელი მფლობელების მიერ არხის კეთილსინდისიერი შეძენის ფაქტს ეჭვის ქვეშ არ აყენებს. „რუსთავი 2”-მა ქიბარ ხალვაშისა და შპს „პანორამა“-ს მხრიდან წილების გასხვისების შემდგომ არაერთი მესაკუთრე შეიცვალა. შესაბამისად, დიდი ალბათობით, საქმე გვაქვს კეთილსინდისიერ შემძენებთან. სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაშიც კი, ეს გარემოება ტელეკომპანიის წილების ამჟამინდელი მესაკუთრეებისგან ქიბარ ხალვაშისთვის გადაცემას გამორიცხავს. მით უმეტეს რომ, „რუსთავი 2“-ის დღევანდელი მფლობელების კეთილსინდისიერი შემძენის სტატუსი ქიბარ ხალვაშს სადაოდ არ გაუხდია და არც სასარჩელო მოთხოვნად დაუყენებია. ამ პირობებში გაუგებარია, სასამართლომ რატომ დაადო კომპანიისა და მისი მესაკუთრეების ძირითად ქონებას ყადაღა, ისე რომ არ შეამოწმა სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობა და მოთხოვნასთან ყადაღის პროპორციულობის საკითხი.

2. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისას, მოსამართლეს არ მიუთითებია მოსარჩელის მიერ მითითებულ გარემოებებზე.

მიუხედავად იმისა, რომ მოსამართლე ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოსა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებებზე მიუთითებს, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების არსის განხილვისას მან ვერ აჩვენა კონკრეტულად რომელი არგუმენტის გასამყარებლად დასჭირდა აღნიშნული მსჯელობა. ასევე, მოსამართლეს დეტალურად არ აქვს დასაბუთებული ის გარემოებები, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებათა განუხორციელებლობა გააძნელებს გადაწყვეტილების აღსრულებას, რისი დასაბუთების ვალდებულებასაც კანონმდებლობა მოსარჩელეს აკისრებს, რაც შესაბამისად უნდა აისახოს სასამართლოს განჩინებაში.

3. მოსარჩელისათვის გარკვეული სახის გარანტიის წარდგენის ვალდებულების დაკისრების შესახებ სასამართლოს არ უმსჯელია სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებით, მოპასუხისათვის შესაძლო ზიანის მიყენების შემთხვევაში, მისი სათანადო ანაზღაურების უზრუნველყოფის თაობაზე.

განჩინების საფუძველზე ყადაღის დადების გარდა, რომელმაც ტელეკომპანიასა და მის მესაკუთრეებს ქონების მნიშვნელოვანი ნაწილის გასხვისება და უფლებრივი დატვირთვა შეუზღუდა, დირექტორატს მმართველობითი ფუნქციების ნაწილი შეეზღუდა, რამაც, თავის მხრივ, შეიძლება გავლენა იქონიოს მათ მიერ კომპანიის სათანადოდ მართვის შესაძლებლობაზე და „რუსთავი 2“-ისთვის ფინანსური და მატერიალური ზარალის მიყენების რისკები გააჩინოს. შესაბამისად, გაუგებარია, რატომ არ იმსჯელა მოსამართლემ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 199-ე მუხლის დანაწესზე, რომლის თანახმადაც, სასამართლოს აქვს უფლება, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებით მოპასუხისათვის შესაძლო ზიანის მიდგომის რისკის არსებობისას, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებასთან ერთად, მოსთხოვოს პირს, რომელმაც მიმართა სასამართლოს ღონისძიების გამოყენების მოთხოვნით, მხარისათვის მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველსაყოფად წარადგინოს შესაბამისი გარანტია. იმ შემთხვევაში, თუ საქმე გადაწყდება „რუსთავი 2“-ის სასარგებლოდ და სარჩელი არ დაკმაყოფილდება, იარსებებდა ზარალის ანაზღაურების მოთხოვნისათვის გარანტია, რომელიც შესაძლებლობას მისცემდა კომპანიას სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებით მიყენებული მატერიალური დანაკლისი აენაზღაურებინა. შესაბამისად, სასამართლოს მხრიდან დეკლარირებული სამართლიანი სასამართლოს პრინციპის დასაცავად, მნიშვნელოვანია, მოხდეს როგორც მოსარჩელის, ასევე მოპასუხის ინტერესების თანაზომიერი გატარება და დაცვა.

შესაბამისად,

1. სამართლებრივი საკითხების პარალელურად გასათვალისწინებელია, რომ საქმე ეხება საქართველოში ყველაზე რეიტინგულ კერძო ტელეკომპანიას, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში რამდენჯერმე ადანაშაულებდა მოქმედ ხელისუფლებას ტელეარხზე პოლიტიკურ ზეწოლაში.

პირველად მაშინ, როდესაც 2014 წელს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტმა ინვენტარიზაცია დაიწყო „თივი ემარ საქართველოში“ – ერთადერთ კომპანიაში, რომელიც საქართველოში სატელევიზიო რეიტინგებს ზომავს. „რუსთავი 2”-ის ხელმძღვანელობა აცხადებდა, რომ ეს ქმედებები მიმართული იყო ქვეყანაში ყველაზე რეიტინგული კერძო ტელეკომპანიის წინააღმდეგ და მიზნად ისახავდა სარეკლამო ბაზრის გაკონტროლებას. მოგვიანებით, „რუსთავი 2“-ის დირექტორი ტელეარხის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებად თვლიდა და აპროტესტებდა პარლამენტის მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში რეკლამასთან დაკავშირებული რეგულაციების ცვლილებას. სულ რამდენიმე დღის წინ კი „რუსთავი 2“-ს კონცერტების გამართვაზე გაურკვეველი მიზეზებით უარი უთხრეს ჯერ ქუთაისის, შემდეგ კი ფოთისა და ბათუმის მუნიციპალიტეტებმა. თუმცა მოგვიანებით, ეს ღონისძიებები შეცვლილი თარიღებით, მაგრამ მაინც, გაიმართა. ამ პროცესების პარალელურად, არხის მენეჯმენტი სისტემატურად ამახვილებდა ყურადღებას ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან არხის მისამართით გამოხატულად კრიტიკულ განცხადებებზე, მათ შორის პირდაპირი ეთერში გამოთქმულ მოსაზრებებზე „რუსთავი 2“-ის მისამართით. იყო შემთხვევები, როდესაც მმართველი გუნდის წევრები, უმაღლესი რანგის ჩინოვნიკები „რუსთავი 2“-ის დღევანდელ მენეჯმენტს ახსენებდნენ, რომ არხის მფლობელობის საკითხები გადასახედია.

2. ერთი შეხედვით კერძო სამართლებრივ დავად მოხსენიებული პროცესი პოლიტიკურ გავლენებთან დაკავშირებით კითხვებს აჩენს.

მიუხედავად იმისა, რომ „რუსთავი 2“-თან დაკავშირებულ დავას ერთი შეხედვით აქვს კერძო სამართლებრივი ხასიათი, საქმეს გააჩნია პოლიტიკური კონტექსტი, რომელიც მედია საშუალების საქმიანობის შეზღუდვისა და კონტროლის მაღალ რისკებს შეიცავს. არსებულ რეალობაში რუსთავი 2“ ხელისუფლების პოლიტიკის მიმართ საზოგადოების ინფორმირებისა და კრიტიკული აზრის ფორმირებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. შესაბამისად, მის საქმიანობაში ნებისმიერი ჩარევა სახელმწიფოს მხრიდან ტელეკომპანიაზე გავლენის მოხდენის ეჭვებს წარმოშობს.

3. პოლიტიკოსებმა თავი უნდა შეიკავონ ისეთი საჯარო განცხადებებისგან, რომელთაც შეუძლიათ რაიმე გავლენა მოახდინონ სასამართლოს გადაწყვეტილებაზე.

კერძო ტელეკომპანიის საქმეში რაიმე ტიპის პოლიტიკური ინტერესის გამოსარიცხად, პრინციპულად მნიშვნელოვანია პროცესის მიმდინარეობის დროს არ შეეშალოს ხელი არხის სრულფასოვან ფუნქციონირებას. მიუხედავად იმისა, თუ რა დონისა და ხარისხის ჟურნალისტურ პროდუქტს სთავაზობს მაყურებელს „რუსთავი 2“, ქვეყნის ყველაზე რეიტინგული ტელეარხის საქმიანობის შეფერხება საფრთხეს შეუქმნის ქვეყანაში პლურალურ და თავისუფალ მედია გარემოს. ეს გარემოება შესაძლოა განსაკუთრებულ პრობლემად იქცეს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, როდესაც მედიაში განსხვავებული და მრავალფეროვანი პოლიტიკური მოსაზრებების წარმოჩენას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს დემოკრატიული პროცესისთვის.

 

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო

იდენტობა

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)

ფონდი ღია საზოგადოება - საქართველო

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)

ეკონომიკური პოლიტიკის ცენტრი (EPRC)

სამოქალაქო განვითარების სააგენტო (სიდა)

საქართველოს ატლანტიკური საბჭო