სიახლეები

არასამთავრობო ორგანიზაციები სპეციალურ საარჩევნო უბნებთან დაკავშრებით პრემიერ-მინისტრის განცხადებას ეხმაურებიან

გვსურს გამოვეხმაუროთ არასაპარლამენტო ოპოზიციის ინტერპარტიულ ჯგუფთან შეხვედრაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებას იმის თაობაზე, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილება ე.წ. „სპეც უბნების“ გაუქმების შესახებ უკვე მიღებულია.

მეტი სიცხადისთვის უნდა განვმარტოთ, რომ სპეციალური საარჩევნო უბნების გაუქმება იმ ფორმით, რა ფორმასაც ხელისუფლება გვთავაზობს, არსებითად ვერ აგვარებს იმ პრობლემას, რაც წლების განმავლობაში არსებობს სამხედრო მოსამსახურეების არჩევნებში მონაწილეობის წესთან დაკავშირებით. მოცემულ საკითხზე ცვლილებების პროექტი შემუშავებული იქნა თავდაცვის სამინისტროს მიერ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის უწყებათაშორისი კომისიის ინიციატივით შექმნილი სამუშაო ჯგუფის ფორმატში. ხელისუფლების მიერ შემოთავაზებული პროექტით,  სამხედრო მოსამსახურეებს კვლავ შეეძლებათ მონაწილეობა მიიღონ მაჟორიტარულ არჩევნებში და ასევე, მერის/გამგებლის არჩევნებში მიუხედავად მათი განსხვავებული რეგისტრაციის ადგილისა. სწორედ ეს წესი იწვევს კრიტიკას ამომრჩეველთა რაოდენობის ხელოვნურად გაზრდის და სამხედრო მოსამსახურეების საარჩევნო მიზნით მანიპულაციის შესახებ ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკური ძალის სასარგებლოდ. ეს ერთი მხრივ, კითხვებს ბადებს არჩევნების სამართლიანად და კონკურენტულ გარემოში ჩატარების შესახებ და მეორე მხრივ, ზიანს აყენებს საქართველოს შეიარაღებული ძალების რეპუტაციასა და პრესტიჟს.

აქედან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ ხელისუფლებამ უნდა გამოიჩინოს პოლიტიკური ნება და არსებითი ცვლილებები მიიღოს მრავალწლიანი პრობლემის მოსაგვარებლად. სამხედრო მოსამსახურემ სხვა მოქალაქეების მსგავსად, მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა მიიღოს მონაწილეობა პარლამენტის და თვითმმართველობის მაჟორიტარულ არჩევნებში, ასევე მერის/გამგებლის არჩევნებში, თუ მისი დისლოკაციის ადგილი იმ საარჩევნო ოლქის/ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის საზღვრებშია, რომელშიც ის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით არის რეგისტრირებული.  

       

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია