სიახლეები

არასამთავრობო ორგანიზაციები უარყოფითად აფასებენ ტელეკომპანია ,,მაესტროს“ უარს სოციალური რეკლამის განთავსებაზე

ხელმომწერი ორგანიზაციები უარყოფითად ვაფასებთ ტელეკომპანია „მაესტროს“ უარს, ეთერში განათავსოს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ მომზადებული  სოციალური რეკლამა, რომელიც  ადრეულ ასაკში ქორწინების უარყოფითი მხარეების შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად.

ტელეკომპანია „მაესტროს“ უარის თქმის სავარაუდო მიზეზი - განათავსოს სოციალური ვიდეო რგოლი ეთერში - გახდა შპს ,,სტუდია მაესტრო“-სა და ,,საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას“-ს შორის „ბოლო დროს განვითარებული მოვლენები“ (იხ. დანართი). კერძოდ, ტელეკომპანია ,,მაესტრომ“ კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულების შესრულებაზე  უარი იმის გამო განაცხადა, რომ რამდენიმე დღის წინ საია  გამოეხმაურა ტელეკომპანიის მიერ 32 თანამშრომლისათვის შრომითი ურთიერთობების შეჩერების ფაქტს და აღნიშნული შეაფასა, როგორც უსაფუძვლო.

კანონმდებლობა მაუწყებელს ავალდებულებს ეთერში განთავსების მიზნით წარდგენილ სოციალურ რეკლამას უსასყიდლოდ და არადისკრიმინაციულად დაუთმოს 3 საათში ჯამში არანაკლებ 90 წამისა. აღსანიშნავია, რომ სოციალური რეკლამის ავტორის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება მაუწყებელს კანონით დაკისრებული ვალდებულებების შესრულებისაგან არ ათავისუფლებს. სოციალური რეკლამა ემსახურება  მნიშვნელოვან საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას  და მიუღებელია მისი შეზღუდვა ,,მაესტრო“-ს მიერ მოხმობილი საფუძვლით. ამასთან, ადრეული ქორწინება საქართველოში ერთ-ერთ მწვავე პრობლემას წარმოადგენს.  გავრცელებულია როგორც ქორწინების იძულების, ასევე ნიშნობის  პრაქტიკაც. პრობლემის მთავარ გამოწვევას საზოგადოების ინფორმირებულობის დაბალი დონე და არაეფექტური რეაგირება წარმოადგენს.  შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ მედიამ განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინოს აღნიშნული საკითხის მიმართ, რადგან საზოგადოებაში მედია განსაკუთრებით დიდ როლს თამაშობს ცნობიერების ამაღლების კუთხით. დასანანია, რომ ტელეკომპანიის ხელმძღვანელობას არასწორად ესმის ერთის მხრივ მედიის, ხოლო მეორეს მხრივ - სოციალური რეკლამის როლი და ფუნქცია საზოგადოებაში. შესაბამისად, საია კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულების შესრულებაზე ტელეკომპანია ,,მაესტროს“ უარს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში გაასაჩივრებს. 

ამავდროულად, მოვუწოდებთ ტელეკომპანია „მაესტროს“ ხელმძღვანელობას, იმოქმედოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმების შესაბამისად და მედიის როლის გააზრებით  დემოკრატიულ საზოგადოებაში, და უზრუნველყოს  საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ წარდგენილი სოციალური რეკლამის განთავსება ეთერში.

ამასთან, ხელმომწერი ორგანიზაციები ვადასტურებთ მზაობას გავაგრძელოთ კონსტრუქციული თანამშრომლობა ტელეკომპანია „მაესტროსთან“, დავიცვათ როგორც „მაესტროში“ დასაქმებული ადამიანების თუ ყოფილი თანამშრომლების, ასევე მაყურებლის საჯარო ინტერესები.

 

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველო

სამართლიანი არჩევენებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება

მედიის მხარდაჭერის ფონდი

კავშირი „საფარი“

მედია კლუბი

ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელი

ადამიანის უფლებათა ცენტრი

პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია

ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი

ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი

სამოქალაქო განვითარების სააგენტო

„კონსტიტუციის 42-ე მუხლი“

საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაცია