არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება ირაკლი კობახიძის ბრიფინგთან დაკავშირებით
ვეხმაურებით ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივნის და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დღევანდელ განცხადებას, რომლითაც გრძელდება აგრესიული რიტორიკა არასამთავრობო სექტორის მიმართ. დღევანდელ ბრიფინგზე ირაკლი კობახიძემ ისაუბრა პარტიის აღმასრულებელი მდივნის სტატუსით, რაც გვაფიქრებინებს, რომ მისი მხრიდან გაჟღერებული მოსაზრებები პარტიის მიერ განხილული და გაზიარებულია, რაც საკითხის სიმწვავეს კიდევ უფრო მეტად აჩვენებს.
საზოგადოებას შევახსენებთ, რომ მსგავსი რიტორიკა მმართველი პარტიის წარმომადგენლების მხრიდან გაძლიერდა არასამთავრობო ორგანიზაციების კრიტიკის და იმ განცხადების საპასუხოდ, რომელიც ქვეყანაში შექმნილ ვითარებას, კორუფციისა და არაფორმალური მმართველობის სავარაუდო ფაქტებს და პოლიტიკური კრიზისის ნიშნებს ეხებოდა.
ამ ფაქტებზე სისტემური და სამართლებრივი რეაგირების ნაცვლად, ფაქტობრივად ყოველდღე, მმართველი პარტიის ზოგიერთი წარმომადგენელი, საზოგადოებას სთავაზობს ყურადღების გადატანას პრობლემის შინაარსიდან კრიტიკის ავტორებზე, რითიც ცდილობს დღის წესრიგიდან მოხსნას მთავარი და საკვანძო პრობლემები.
გასათვალისწინებელია, რომ ქვეყანა იმყოფება წინასაარჩევნო რეჟიმში, რაც თავისმხრივ აძლიერებს საზოგადოების პოლარიზების და საკითხების პოლიტიკური მანიპულაციების მიზნით გამოყენების რისკებს. ამ პირობებში კრიტიკული მნიშვნელობა აქვს საარჩევნო გარემოზე დამკვირვებელი ორგანიზაციების შეუფერხებელ მუშაობას, მათი საქმიანობის უსაფუძვლო და მიზანმიმართული დისკრედიტაციისგან დაცვას ყველა პოლიტიკური ჯგუფის მხრიდან.
მიგვაჩნია, რომ პარლამენტის თავმჯდომარის ბოლო დღეების განცხადებები, უმთავრესად, ემსახურება სწორედ საარჩევნო საკითხებზე და ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციების დელეგიტიმაციას და საზოგადოების, ისევე როგორც, არჩევნებზე დამკვირვებელი საერთაშორისო ორგანიზაციებში თვალში, მათი შეფასებების დისკრედიტაციას. განსაკუთრებით სამწუხაროა, რომ წინასაარჩევნო ვითარებაში, საკითხების ზედმეტი პოლიტიზირების და პოლარიზების საფუძველს მმართველი პოლიტიკური გუნდის წევრების განცხადებები ქმნის.
მოვუწოდებთ მმართველ პარტიას, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს და პარტიის სხვა სპიკერებს:
- უზრუნველყონ მშვიდი და სამართლიანი წინასაარჩევნო გარემოს არსებობა ქვეყანაში და საკუთარი უსაფუძვლო ბრალდებებით ხელი არ შეუშალონ არჩევნებზე დამკვირვებელი ორგანიზაციების მუშაობას;
- გამოიყენონ მათ ხელთ არსებული პოლიტიკური და სამართლებრივი ბერკეტები და მოითხოვონ კორუფციის, არაფორმალური მმართველობის თუ დაუსჯელობის სავარაუდო ფაქტებზე დროული რეაგირება შესაბამისი ორგანოების მხრიდან.
ხელმომწერი ორგანიზაციები:
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)
კონსტიტუციის 42-ე მუხლი
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა(GDI)
საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო
პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)