სიახლეები

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება მოსამართლეთა რიგგარეშე მე-10 კონფერენციის შესახებ.

\"\"


საერთაშორისო   გამჭვირვალობა   საქართველო,   საქართველოს   ახალგაზრდა ურისტთა ასოციაცია, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება, საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის და ადამიანის უფლებათა ცენტრი ვეხმაურებით 2013 წლის 9 ივნისს გამართულ მოსამართლეთა მე-10 რიგგარეშე კონფერენციის პირველ სხდომას.

ჩვენი ორგანიზაციები ,,საერთო სასამართლოების შესახებ\" ორგანულ კანონში ბოლო დროს განხორციელებული საკანონმდებლო   ცვლილებებიდან   გამომდინარე,   განსაკუთრებულ აქცენტს ვაკეთებდით   მოსამართლეთა მე-10 რიგგარეშე კონფერენციის მნიშვნელობაზე. ამ კონფერენციის დანიშნულება მოსამართლეთა თვითმმართველობის არსებითად გაძლიერება და სასამართლო სისტემის ძირითადი რგოლების ახლებურად დაკომპლექტება იყო.

უნდა აღინიშნოს, რომ მოსამართლეთა კონფერენცია მაღალ დონეზე იყო   ორგანიზებული. არასამთავრობო ორგანიზაციათა რეკომენდაციების გათვალისწინებით უზრუნველყოფილი იყო სათანადო გამჭვირვალობა, რამაც დამკვირვებლებსა და მასმედიის წარმოადგენლებს მონიტორინგის დაუბრკოლებლად განხორციელების  შესაძლებლობა მისცა.

ჩვენი დაკვირვებით, პროცესის მიმდინარეობაზე მოსამართლეებს არ შექმნიათ ხელოვნური და არსებითი    დაბრკოლებები   აზრის    გამოხატვის,    ნების    გამოვლენის,    დისკუსიის წარმართვისა და საკითხების დასმის თვალსაზრისით. ამის გათვალისწინებით, კონფერენცია გამოირჩეოდა მოსამართლეთა    საკმაოდ    მაღალი    აქტიურობით.    ამასთან,    ძირითად საკითხებზე მოსამართლეებს   ჰქონდათ    შესაძლებლობა   გადაწყვეტილება   კენსჭისყით მიეღოთ.

მოსამართლეებს შორის განსაკუთრებული აზრთა სხვადასხვაობა წარმოშვა რამდენიმე საკითხმა, მათ შორის, კონფერენციის დღის წესრიგმა და წარდგენილი კანდიდატებისთვის შეკითხვების დასმის შესაძლებლობამ. ჩვენი დაკვირვებით, წარმოდგენილ საკითხებზე გადაწყვეტილების მიღებისას კონფერენციის მონაწილეთა უმრავლესობის მიერ ვიწროდ იქნა განმარტებული კონფერენციის, როგორც უმაღლესი თვითმმართველი ორგანოს უფლებამოსილებები, რაც გამოიხატა შემდეგში:    დამსწრეთა უმრავლესობამ მხარი არ დაუჭირა ცვლილებას, რომლის მიხედვითაც რიგგრეშე კონფერენციის დღის წესრიგის დამტკიცების    უფლება    უნდა    მინიჭებოდა    მოსამართლეთა    კონფერენციას.    ამასთან,
 
საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ კონფერენციამ დამსწრე წევრთა უმრავლესობის გადაწყვეტილებით უარი თქვა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატებისთვის შეკითხვების დასმის უფლებამოსილების გამოყენებაზე. შესაბამისად იმ მოსამართლეებს, რომლებსაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატებისათვის კითხვის დასმა სურდათ, ამ უფლებით სარგებლობის შესაძლებლობა არ მიეცათ. მართალია, ფორმალურ- სამართლებრივი  თვალსაზრისით  კონფერენციას  მსგავსი  გადაწყვეტილების  მიღების უფლება ჰქონდა,    თუმცა    ზოგადად    არჩევნების    არსიდან    გამომდინარე,    რომელიც ამომრჩევლის მიერ    კანდიდატის    ხედვებისა    თუ    გეგმების    შესახებ    მაქსიმალური ინფორმაციის  მიღების  უფლებას  გულისხმობს,  მიზანშეწონილი იქნებოდა  კონფერენციას სხვა გადაწყვეტილება მიეღო და თითოეულ მოსამართლეს კანდიდატისთვის კითხვის დასმის შესაძლებლობა მისცემოდა.

კონფერენციის დროს გამართულმა დისკუსიამ დაადასტურა, რომ ზოგიერთი საკანონმდებლო ნორმის ბუნდოვანებამ მოსამართლეებს მათი ორმაგი ინტერპრეტაციის საშუალება მისცა და დამსწრეთა შორის აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია, რასაც პროცესის გაჭიანურება მოჰყვა. აღნიშნულიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია კანონის ზოგიერთი ნორმის დახვეწა, მომავალში   განსხვავებული ინტერპრეტაციების მაქსიმალურად თავიდან აცილების მიზნით. ამ მხრივ აუცილებლად შესაცვლელია ის საკანონმდებლო ნორმა, რომელიც კოლეგიისა და პალატების თავმჯდომარეებს სხვა მოსამართლეებისგან განსხვავებით, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს არჩევნებისას გარკვეულ პრივილეგიებს ანიჭებს.

მიუხედავად  ზემოაღნიშნულისა,  ვფიქრობთ,  მოსამართლეთა  მე-10  რიგგარეშე კონფერენციის პირველი სხდომა წინგადადგმული ნაბიჯი იყო სასამართლოს რეფორმის გაგრძელებისა და დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით. თუმცა, მნიშვნელოვანია თითოეულმა მოსამართლემ გაითავისოს მასზე კანონით   მინიჭებული უფლებები და    საზოგადოების წინაშე აღებული პასუხისმგებლობა მიუკერძოებელი მართლმსაჯულების  სისტემის  ჩამოყალიბების  საქმეში.  ახალი  საკანონმდებლო რეგულაციები დამოუკიდებელი სასამართლო სიტემის შექმნის ფართო შესაძლებლობას თავად მოსამართლეებს   ანიჭებს. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ მოსამართლეთა კორპუსმა შემდგომში უფრო აქტიურად გამოიყენოს კანონით დადგენილი შესაძლებლობები სასამართლო სისტემის     გასაძლიერებლად და მოსამართლეთა რიგგარეშე მე-10 კონფერენციის მეორე სხდომაზეც მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილებები მის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე. ასევე, მნიშვნელოვანია საქართველოს პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი და ღირსეული წევრების შერჩევით ხელი შეუწყოს სასამართლო ხელისუფლების რეფორმირების პროცესს.