სიახლეები

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება „თავისუფალი ზონისა“ და „თავისუფალი თაობის“ წარმომადგენლებს შორის განვითარებული დაპირისპირების შესახებ

ბოლო დღეების განმავლობაში საზოგადოება თვალს ადევნებს არასამთავრობო ორგანიზაციების „თავისუფალი ზონა“ და „თავისუფალი თაობა“ წარმომადგენლებს შორის განვითარებულ სახიფათო დაპირისპირებას. გვსურს რამოდენიმე გარემოებასთან დაკავშირებით პოზიცია დავაფიქსიროთ:

საქართველოს კონსტიტუცია და სხვა კანონმდებლობა ფართო შესაძლებლობას აძლევს ყველა პირს თუ პირთა ჯგუფს სხვადასხვა ფორმით გამოხატონ საკუთარი კრიტიკული პოზიციები. თუმცა, გამოხატვის თავისუფლება არ არის აბსოლუტური უფლება და ის შეიძლება შეიზღუდოს მაშინ, როდესაც ილახება სხვათა უფლებები, ხოლო როდესაც გამოხატვის უფლების რეალიზაციას თან ახლავს ფიზიკური ძალადობა, ის შეიძლება შეიცავდეს დანაშაულის ნიშნებს. ჩვენ დაუშვებელად მიგვაჩნია და ვგმობთ პოზიციის გამოხატვას ფიზიკური ძალადობის ფორმით. შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ სათანადოდ უნდა იქნას გამოძიებული როგორც ჟურნალისტ ზაზა დავითაიას ცემის, ასევე - „თავისუფალი ზონის“ ოფისში პირთა ჯგუფის შეღწევის ფაქტი, რასაც ფიზიკური დაპირისპირება მოყვა.

ასევე, გამართლება არ მოეძებნება „თავისუფალი თაობის“ მიერ „თავისუფალი ზონის“ მისამართით წაყენებულ მოთხოვნას თვითლიკვიდაციის თაობაზე.  სამართლებრივი კუთხით, მოცემულ შემთხვევაში მნიშვნელობა არ აქვს ასოცირდება თუ არა „თავისუფალი ზონა“ რომელიმე პოლიტიკურ ძალასთან: საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს არასამთავრობო ორგანიზაციის ლიკვიდაციის შესაძლებლობას პოლიტიკურ პარტიასთან ასოცირების მოტივით. „თავისუფალი ზონის“ მისამართით გამოთქმულ კრიტიკულ განცხადებებში ასევე გაჟღერდა ინფორმაცია ამ ორგანიზაციის სავარაუდო დანაშაულებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით. თუ ეს ინფორმაცია სიმართლეს შეესაბამება, მასზე რეაგირება უნდა მოახდინოს სამართალდამცავმა ორგანომ კანონით დადგენილი წესით და არა - სხვა არასამთავრობო ორგანიზაციამ ულტიმატუმის წაყენების გზით.

ჩვენ ვგმობთ ძალადობის ნებისმიერ გამოვლინებას განურჩევლად იმისა, თუ ვის წინააღმდეგაა ის მიმართული და რა მოტივი ამოძრავებს მოძალადეს. ვთვლით, რომ ხელისუფლების რეაგირება ყველა ასეთ ფაქტზე უნდა იყოს სწრაფი, ეფექტური და მიუკერძოებელი. ამ თვალსაზრისით, აუცილებლად უნდა იქნეს გარკვეული 30 სექტემბერს „თავისუფალი ზონის“ ოფისთან მომხდარი ინციდენტის დროს რამდენად დროულად მოახდინა პოლიციამ რეაგირება ორგანიზაციის წარმომადგენელთა მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე მათი ოფისის დარბევის გეგმების შესახებ. ასევე გასარკვევია, რამდენად ობიექტურად და სათანადოდ მოქმედებდა პოლიცია ინციდენტის დროს.

განსაკუთრებული შეშფოთება გვსურს გამოვთქვათ პოლიციის მიერ დაკავებული „თავისუფალი ზონის“ წევრის, დავით გოგოხიას მიერ საია-ს ადვოკატისთვის მიცემულ ახსნა-განმარტებასთან დაკავშირებით, სადაც ის აღნიშნავს: „[დაკავების შემდეგ] მანქანაში პოლიციის თანამშრომელმა ორჯერ ნეკნში ჩამარტყა მუშტი... დარტყმა იყო ძლიერი; დარტყმის შედეგად შემეკრა სუნთქვა.“ ის ასევე აცხადებს, რომ პოლიციის შენობაში მიყვანის შემდეგ მასთან მივიდნენ ადვოკატები გიორგი ონიანი და რომეო საჯაია, რომელთა წასვლის შემდეგ გაგრძელდა მისი ცემა. ცემის მოტივად გოგოხია მიუთითებს მის მიერ ადვოკატად გიორგი ონიანის აყვანას. ის ასევე ამბობს, რომ მისი დაშინების მიზნით ერთ-ერთმა პოლიციელმა დაიძახა „გახადეთ, ამას გაუპატიურებას ვანახებო“. ამავე ახსნა-განმარტებაში გოგოხია აღწერს, რომ ხელბორკილდადებული სცემეს პოლიციელებმა, ურტყამდნენ ნეკნებში, სახეში, ყურში, სახით დაახეთქეს მაგიდაზე და ა.შ. ვიზუალური დათვალიერებით, გოგოხიას სახესა და სხეულზე დაზიანებები აღენიშნება. აღსანიშნავია, ასევე, რომ მის ადვოკატს არ მიეცა შესაძლებლობა, იზოლატორში შეეყვანა ექსპერტი სამედიცინო შემოწმების მიზნით.

ვფიქრობთ, რომ საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დღეს გაკეთებული განცხადება ცალსახად ხელს შეუშლის ამ ინციდენტის მიუკერძოებლად გამოძიებას. გაუგებარია, რატომ გახდა პრემიერის აღშფოთების საგანი მხოლოდ ის, რომ მედიასაშუალებებმა „არავითარი სოლიდარობა“ არ გამოიჩინეს მათი კოლეგა ზაზა დავითაიას მიმართ. ფაქტია, რომ ყველა მედიასაშუალებამ სათანადოდ გააშუქა ეს ინციდენტი და პრემიერის კრიტიკა გადამეტებულია. ვფიქრობთ, რომ მსგავსი ინტერესი პრემიერმა ასევე იმ დაკავებული პირების უფლებების დაცვის საკითხის მიმართაც უნდა გამოხატოს, რომლებიც პოლიციელების მხრიდან  განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობაზე საუბრობენ. ამის მიუხედავად, ძალადობის უპირობო დაგმობის, პოლიციის სავარაუდო დანაშაულებრივი  ქმედების გამოძიების აუცილებლობის ნაცვლად,  მედიასთან საუბრისას პრემიერ-მინისტრი „თავისუფალი ზონას“ „დესტრუქციულ ძალებს“ უწოდებს და მათ ნაციონალურ მოძრაობასთან კავშირზე საუბრობს. პრემიერის ამგვარი განცხადებები, შესაძლოა, სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან არასათანადო გამოძიების, ხოლო მოქალაქეთა გარკვეული ჯგუფების მიმართ აგრესიული ქმედებების წახალისებად ჩაითვალოს. იმ შემთხვევაში, თუკი პრემიერ-მინისტრს (ან სხვა ნებისმიერ პირს) დანაშაულის შესახებკონკრეტული ინფორმაცია გააჩნია, ის საქართველოს კანონმდებლობით ვალდებულია ასეთი ინფორმაცია სამართალდამცავ ორგანოებს მიაწოდოს, ხოლო თუ მსგავსი კონკრეტული ინფომაცია არ არსებობს, მაშინ ასეთი მწვავე განცხადებები მთავრობის მეთაურის მხრიდან სასურველია რომ არ გაკეთდეს. მითითებული შინაარსის განცხადებები არათუ ვერ განმუხტავს ახალგაზრდების ჯგუფებს შორის არსებულ სახიფათო დაპირისპირებას, არამედ შესაძლოა ისედაც დაძაბული სიტუაციის ესკალაცია გამოიწვიოს.

ზემოთ მოყვანილი გარემოებების მნიშვნელობიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ:

       პროკურატურას, დროულად და ობიექტურად გამოიძიოს დავით გოგოხიას ახსნა-განმარტებაში მითითებული გარემოებები; ასევე, ზაზა დავითაიას ცემისა და „თავისუფალი ზონის“ ოფისზე თავდასხმის ფაქტები;

       მთავრობას, სათანადოდ გაანალიზოს სამართალდამცავი ორგანოებს მოქმედებათა სისწორე, ობიექტურობა და ეფექტურობა. ასევე, კანონის ფარგლებში მიიღოს დროული ზომები ძალადობის და დაპირისპირების შემდგომი ესკალაციის თავიდან ასაცილებლად;

       „თავისუფალი თაობისა“ და „თავისუფალი ზონის“ წარმომადგენლებს, თავი შეიკავონ ძალადობრივი ქმედებებისაგან, პატივი სცენ საზოგადოებრივ წესრიგსა და კანონს;

       ხელისუფლებას, პოლიტიკურ პარტიებს და პოლიტიკური თანამდებობის პირებს - უპირობოდ დაგმონ ფიზიკური ანგარიშსწორება, გამოიჩინონ მეტი პასუხისმგებლობა და არ დაუშვან  დაპირისპირებისა და ძალადობის ესკალაცია.

 

 

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო

ფონდი ღია საზოგადოება – საქართველო

ადამიანის უფლებათა ცენტრი

კონსტიტუციის 42-ე მუხლი

სამოქალაქო განვითარების სააგენტო (CiDA)

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო ინსტიტუტი