სიახლეები

არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართვა საქართველოს სახელმწიფო მინისტრს დიასპორის საკითხებში

გვსურს, გამოვეხმაუროთ 25 ოქტომბერს დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილის სანდრო ბრეგაძის მიერ გაზეთ „კვირის პალიტრისათვის“ მიცემულ ინტერვიუს, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია „იდენტობის” ხელმძღვანელის ირაკლი ვაჭარაძის მიმართ  აშკარა სიძულვილის ენას  და ფიზიკური ანგარიშსწორებისკენ  მოწოდებას შეიცავს. 

პოლიტიკური თანამდებობის პირის მხრიდან მისი მოხსენიება „ავადმყოფური აზროვნების ადამიანად“, „ერთუჯრედიან არსებად“, „მანქურთად“, ასევე მოწოდება ფიზიკური ანგარიშსწორებისკენ ("გამოჩნდება ადამიანთა ჯგუფი, რომლებიც ემოციურ ფონზე თავად გამოიყენებს ძალას!“) და არასამთავრობო ორგანიზაციის საქმიანობის შეზღუდვისკენ, სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს.

მიგვაჩნია, რომ საჯარო მოხელის, მით უმეტეს, მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირის ამგვარი განცხადებები სერიოზული საფრთხის ქვეშ აყენებს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას, ახალისებს რა განსხვავებული აზრის მიუღებლობას, ფიზიკურ ანგარიშსწორებას და ემსახურება არასამთავრობო ორგანიაციების საქმიანობის დისკრედიტაციას. 

გამოხატვის თავისუფლება დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ღირებულება და ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა, რომელიც გარანტრებულია საქართველოს კონსტიტუციით. დემოკრატიული სახელმწიფო არ არსებობს ტოლერანტობისა და შემწყნარებლობის გარეშე. სახელმწიფო თანამდებობის პირს, როგორც საჯარო პოლიტიკის მწარმოებელს, ეკისრება მაღალი პასუხისმგებლობა, უზრუნველყოს ამ უფლების განუხრელი დაცვა. ხელისუფლების ვალდებულებაა, დაიცვას მოქალაქეების გამოხატვის თავისუფლება, მაშინაც კი, როდესაც გამოთქმული აზრი საზოგადოების უმრავლესობისთვის მიუღებელია. ამისთვის, პირველ რიგში, თავად თანამდებობის პირებმა უნდა შეიკავონ თავი საჯაროდ სიძულვილისა და შეუწყნარებლობის გამოხატვისგან. 

მით უმეტეს დაუშვებელია, როდესაც ხელისუფლების წარმომადგენელი თავად არღვევს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებას, აყენებს მას შეურაცხყოფას განსხვავებული აზრის გამო და მეტიც, მოუწოდებს მისი საქმიანობის შეზღუდვისკენ და მასზე ძალადობისკენ.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ცხადია, რომ სანდრო ბრეგაძის შეხედულებები სრულიად შეუფერებელია საჯარო მოხელისთვის. შესაბამისად, მივიჩნევთ, რომ მან უნდა დატოვოს მინისტრის მოადგილის თანამდებობა.

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საზოგადოება (ISFED)

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)

მედიის განვითარების ფონდი (MDF) 

ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)

საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)

ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)

იდენტობა

კონსტიტუციის 42-ე მუხლი

კავშირი საფარი

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო