სიახლეები

არასამთავრობოები სოფიო კილაძის კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგომას მოითხოვენ

საქართველოს პარლამენტმა, ხალხის წარმომადგენლობითმა ორგანომ, გადამწყვეტი როლი უნდა შეასრულოს ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარტის დამკვიდრებასა და მისი აღსრულების მონიტორინგის პროცესში. სწორედ  ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად მოქმედებს პარლამენტში სპეციალური კომიტეტი.  

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტისთვის, როგორც კანონპროექტების, ისე პარლამენტის კომპეტენციას მიკუთვნებული სხვა საკითხების განხილვის პროცესში ამოსავალ წერტილს უნდა წარმოადგენდეს ადამიანის ფუნდამენტური უფლებების, მათ შორის, მოწყვლადი ჯგუფების უფლებების დაცვა და  მჭიდრო თანამშრომლობა ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებთან.

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის  კომიტეტის წარმატებული საქმიანობისათვის გადამწყვეტ ფაქტორს წარმოადგენს კომიტეტის თავმჯდომარის მიერ მისი როლისა და ფუნქციის სრულფასოვანი გააზრება და საქმიანობის შესაბამისად წარმართვა.  მნიშვნელოვანია საქართველოში მცხოვრებ ნებისმიერ მოქალაქეს ჰქონდეს განცდა, რომ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მათი უფლებების დამცველია.

მე-9 მოწვევის პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის სოფიო კილაძის გამონათქვამებმა თუ ინიციატივებმაგამოხატვის,უმცირესობების და სხვა უფლებებთანდაკავშირებით, არაერთხელ გამოიწვია საზოგადოების ცალკეული ჯგუფების, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციების პროტესტი. კრიტიკას ვერ უძლებს მის მიერ სხვადასხვა დროს გაკეთებული განცხადებები ჰუმანური ნარკოპოლიტიკის ინიციატივებთან დაკავშირებით და საჯარო დისკუსიებისას მის მიერ გამოყენებულიტერმინოლოგია. მისი დამოკიდებულება მოწყვლადი ჯგუფების მიმართ შეუსაბამოა საქართველოს სახელმწიფოს ოფიციალურად გაცხადებულ პოლიტიკასთან, ზოგ შემთხვევაში ეწინააღმდეგება მას, ატარებს დისკრიმინაციულ და ჰომოფობიურ ხასიათს და მიმართულია კონკრეტული ჯგუფების ჩაგვრის გამართლებისკენ. მთლიანობაში, კომიტეტის თავმჯდომარის საქმიანობა და საჯარო განცხადებები იმაზე მიუთითებს, რომ მისი პირადი დამოკიდებულება ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებთან სრულიად შეუსაბამოა მის ამჟამინდელ თანამდებობასთან.

ხელმომწერი ორგანიზაციები მივიჩნევთ, რომ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ უნდა დატოვოს თანამდებობა და კომიტეტის თავმჯდომარედ შეირჩეს პირი, რომელსაც აქვს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებზე მართებული ხედვა და რომლის მიზანიც საქართველოში სწორედ ადამიანის უფლებების დაცვა იქნება.  


  1. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო
  2. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
  3. საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
  4. ფონდი ღია საზოგადოება საქართველო (OSGF)
  5. თანასწორობის მოძრაობა
  6. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)
  7. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)
  8. მწვანე ალტერნატივა
  9. საზოგადოება და ბანკები
  10. დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი (IDSD)
  11. საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)
  12. ადამიანის უფლებათა ცენტრი
  13. საფარი
  14. ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG)
  15. ქალთა მოძრაობა
  16. მედიის განვითარების ფონდი (MDF)
  17. თემიდა
  18. საქართველოს გაეროს ასოციაცია
  19. ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი
  20. კონსტიტუციის 42-ე მუხლი
  21. წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი (GCRT)
  22. ქალთა ფონდი საქართველოში
  23. იდენტობა
  24. პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)
  25. ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისთვის (RICG)
  26. ქალები საერთო მომავლისთვის-საქართველო
  27. საქართველოს ახალგაზრდა მწვანეები
  28. ზიანის შემცირების საქართველოს ქსელი
  29. სტრატეგიული კვლევების რეგიონული ცენტრი
  30. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)
  31. Caucasus Environmental NGO Network (CENN)
  32. თეთრი ხმაურის მოძრაობა