სიახლეები

ეს შენ გეხება პრემიერის ბრალდებებს პასუხობს

კამპანიაში „ეს შენ გეხება-ისევ გვისმენენ“ გაერთიანებული არასამთავრობო ორგანიზაციები ვეხმიანებით საქართველოს პრემიერ მინისტრის მიერ მიმდინარე წლის 20 ნოემბერს კამპანიაში ჩართული არასამთავრობო ორგანიზაციების მისამართით  წარმოთქმულ ბრალდებებს. 

ბატონო პრემიერო, 

ქვეყანაში მიმდინარე რეფორმების დროს, საზოგადოების თითოეული წევრის განსხვავებული აზრი და მისი გამოხატვისათვის თავისუფალი სივრცის შექმნა  სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დემოკრატიული სახელმწიფოს განვითარების პროცესში. სახელმწიფოს ხელმძღვანელი ვალდებულია იყოს კონსტრუქციული და საკუთარი პოზიციის სისწორეში საზოგადოების დარწმუნება მოახერხოს უტყუარ ფაქტებზე დაფუძნებული არგუმენტებით. ვფიქრობთ, რომ აგრესიული ტონითა და დაუსაბუთებელი ბრალდებებით თქვენ განსხვავებული აზრის მიუღებლობას წარმოაჩენთ, რაც დემოკრატიის მაღალი სტანდარტების ქვეყნის შენების იდეასთან წინააღმდეგობაში მოდის.
 
გვსურს ასევე პასუხი გავცეთ განცხადებაში წარმოთქმულ კონკრეტულ ბრალდებებს, სადაც ითქვა შემდეგი: 

1. „სახელმწიფო საიდუმლოება, ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოება ისეთი სენსიტიური საკითხებია, რომელზეც ყველას ძალიან დიდი ყურადღება გვმართებს და მე პირადად, როგორც პრემიერ-მინისტრს, მავალდებულებს, რომ ეს საკითხი გადავწყვიტო გუნდთან, უმრავლესობასთან ერთად, ზედმიწევნით ყურადღებით.“

არასამათავრობო ორგანიზაციებმა მრავალჯერ აღვნიშნეთ, რომ ფარულ მიყურადებებთან დაკავშირებით ჩვენი და პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ შემოთავაზებული საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის დიდი ნაწილი პარლამენტმა უკვე მიიღო, გულისხმობს ისეთი დაბალანსებული სისტემის შექმნას, რითაც ერთის მხრივ დაცული იქნება მოქალაქეთა უსაფრთხოება, ხოლო მეორეს მხრივ ადამიანის უფლებები. გაუგებარია, რატომ აკეთებს აქცენტს ქვეყნის პრემიერი მხოლოდ უსაფრთხოების საკითხებზე და იგნორირებას უკეთებს დემოკრატიული სახელმწიფოს უმნიშვნელოვანეს პრინციპს, რასაც ადამიანის უფლებები, მათ შორის კი პერსონალური მონაცემების დაცვა წარმოადგენს. ზუსტად მსგავსი დაბალანსებული სისტემები აირჩიეს ევროკავშირის ქვეყნებმა და სხვა დემოკრატიულმა სახელმწიფოებმა. სამწუხაროა, რომ მსგავსი ბალანსის მიღწევა დღევანდელი ხელისუფლების პირობებში ვერ ხერხდება და მთავარი აქცენტი უსაფრთხოების სამსახურების გაძლიერებაზე კეთდება. საზოგადოებრივი უსაფრთხოება ვერ იარსებებს იქ, სადაც არ არის დაცული საზოგადოების წევრთა უფლებები.

2. „ჩვენ არ გვაქვს ექსპერიმენტების ჩატარების უფლება, რადგან ეს საკითხი გახდა დიდი სპეკულაციის და მსჯელობის საგანი. ძალიან მარტივად არის სიტუაცია. რეალურად მსოფლიო, დემოკრატიული, ცივილიზებული სამყარო მოსმენების საკითხის რამდენიმე მოწყობას იცნობს - პირველი ეს არის, როცა ე.წ გასაღები არის მობილური ოპერატორების ხელში, მეორე - შსს-ს ხელში, მაგრამ აქვს გარე კონტროლი.“ 

ვფიქრობთ, რომ სწორედ პრემიერის მიერ შემოთავაზებული მოდელია ექსპერიმენტი, ვინაიდან პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს არა მონაცემთა დაცვაზე კონტროლი, არამედ ფარული მიყურადების პროცესში მონაწილეობა დაევალება, რასაც მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში ანალოგი არ აქვს. შეგახსენებთ რომ, თავდაპირველად, არასამთავრობო ორგანიზაციები შემოთავაზება იყო ერთგასაღებიანი სისტემა, რომლის მიხედვითაც ე. წ, „გასაღები“ იქნებოდა მობილური ოპერატორების ხელში, ამასთან იქმნებოდა ეფექტიანი მონიტორინგის სისტემა, მათ შორის მობილურ ოპერატორებზეც. აღნიშნული შემოთავაზება ემყარებოდა საქართველოს პარლამენტის მიერ მოწვეული საერთაშორისო ექსპერტების დასკვნას. მათ მიერ არაერთხელ იქნა ხაზგასმული, რომ დაუშვებელია სამართალდამცავ და უშიშროების ორგანოებს ჰქონდეთ მუდმივი წვდომა კომუნიკაციების კომპანიებში არსებულ ინფორმაციასთან თავად ამ კომპანიებისათვის სასამართლო გადაწყვეტილების ჩაბარების გარეშე.

გთავაზობთ ამონარიდს ექსპერტთა დასკვნიდან:
„გაუქმდეს ყველა ის კანონი, რომელიც საშუალებას აძლევს სახელმწიფო ორგანოებს და ხელისუფლების წარმომადგენლებს ჰქონდეთ ხელმისაწვდომობა ელექტრონულ კომუნიკაციაზე ოპერატორისთვის შეტყობინებისა და მათ მიერ პირდაპირი კონტროლის გარეშე.“ 

აღნიშნული პრობლემის მოგვარების აუცილებლობაზე არის საუბარი თომას ჰამერბერგის და ბევრი საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნაშიც, რომელიც საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობას შეეხება. 

3. „რაც შეეხება საქართველოს რეალობას, რა თქმა უნდა, მობილურ ოპერატორებთან ვერ და არ დარჩება, მე ამის კატეგორიული წინააღმდეგი ვარ, ვინაიდან, მობილური ოპერატორები კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან ამას და მეორე, ამ კომპანიების უკან დგანან უცხო სახელმწიფოები”; “ჩვენ არ გვაქვს უფლება, ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო საიდუმლოება გადავცეთ უცხო ქვეყანას. ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული.“


საქართველოს პრემიერ მინისტრმა ამ განცხადებით საქართველოში მოქმედ მობილური კავშირების ოპერატორებს უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან სავარაუდო კავშირში დაადანაშაულა. არ ვფიქრობთ, რომ აღნიშნული განცხადებები მართებულია. იგივე ლოგიკით სხვა კომპანიები, რომლებსაც საქართველოში სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტები ეკუთვნით პოტენციურ საფრთხეს წარმოადგენს ქვეყნისთვის. რაც შეეხება მობილური ოპერატორებისთვის ჩვენი პერსონალური მონაცემების გადაცემას, ეს მონაცემები მათ უკვე გააჩნიათ (ტელეფონის ნომერი, ინფორმაცია ჩვენს ადგილმდებარეობასთან დაკავშირებით, სხვა აბონენტებთან კომუნიკაცია და ა.შ.) მოსმენების განხორციელების სურვილის შემთხვევაში კი ამის გაკეთება მათ მარტივად შეეძლებათ. სახელმწიფომ მათ უნდა დაავალოს მათივე აბონენტების პერსონალური ინფორმაციის დაცვა, რადგანაც ისინი აბონენტებისგან სერვისის გადასახადს ღებულობენ და მნიშვნელოვან სარგებელსაც იღებენ.

რაც შეეხება სახელმწიფო საიდუმლოების დაცვას – ევროკავშირის არც ერთ ქვეყანაში ფარული მიყურადება არ ხდება მობილური ოპერატორის ინფორმირების გარეშე, რაც არ ნიშნავს იმას, რომ ევროკავშირის სახელმწიფოები საქართველოზე ნაკლებად ზრუნავენ საიდუმლო ინფორმაციის დაცვაზე.

4. „გვრჩება მეორე ვარიანტი, რაც აპრობირებულია ცივილიზებულ ქვეყნებში - შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელში უნდა იყოს გასაღები, მაგრამ მას უნდა დავუწესოთ ეფექტური კონტროლი. ეს არის ვარიანტი, რომელიც შემუშავებულია ბესელია-სესიაშვილი-ფოფხაძის მიერ და ეს არის ოპტიმალური გამოსავალი. მე მას მხარს ვუჭერ, როგორც კოალიციის ლიდერი და მოვუწოდებ დეპუტატებს, მეტი პასუხისმგებლობით მიუდგნენ ამ საკითხს.“ 

გვინდა ვთხოვოთ ბატონ პრემიერს, დაასახელოს ერთი ქვეყანა, სადაც ბესელია-სესიაშვილი-ფოფხაძის მიერ მომზადებული მოდელს იყენებენ. არც ერთ ქვეყანაში პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი არ არის ფარული მიყურადების პროცესის მონაწილე, იგი მხოლოდ პერსონალურ მონაცემთა დაცვას კონტროლს ახორციელებს.  

5. „ეს არ ეხება მხოლოდ ჩვენს მთავრობას, მთავრობას არ სჭირდება ამ გასაღების ფლობა, ეს სჭირდება ქვეყნის ეროვნულ უსაფრთოხებას, ჩვენს სახელმწიფოს, ჩვენი ქვეყნის გაძლიერებას.“

როგორც ჩანს საქართველოს პრემიერ მინისტრისთვის სახელმწიფოს გაძლიერება უსაფრთხოების სამსახურებისა და მოქალაქეების ტოტალური კონტროლის გაძლიერებასთან არის გაიგივებული. ვფიქრობთ, რომ ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტების დაბალანსებულ სისტემას ემყარება, სადაც ყველა ინსტიტუტის მოქმედება კანონმდებლობით არის განსაზღვრული, რის გამოც გამოირიცხება ქვეყნის არაფორმალური მმართველობა. ძლიერია სახელმწიფო, სადაც ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტებია, რომელთა მთავარი მიზანი თითოეული მოქალაქის დაცვაა, მათ შორის სახელმწიფოს უკანონო ქმედებებისგან, სადაც პატივს სცემენ მედიასა და სამოქალაქო სექტორს და რაც მთავარია განსხვავებულ აზრს მხოლოდ დასაბუთებული არგუმენტებით პასუხობენ.

აქვე გვინდა პრემიერ მინისტრს შევახსენოთ, რომ ჩვენი ქვეყნის გაძლიერებას და უსაფრთხოებას სჭირდება გამოძიებული იქნას იმ მრავალი ათასი პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერების საქმე, რომელიც ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის დროს შეიქმნა. სამწუხაროდ, არც ერთ მათგანზე ჯერ-ჯერობით პასუხისგებაში არავინ მიცემულა. 

6. „ვერ დამისახელებთ ვერც ერთ ქვეყანას, სადაც ე.წ. ორი გასაღების პრინციპია - ერთია სასამართლოს ხელში, როგორც არასამთავრობოები გვთავაზობენ და მეორე - მობილური ოპერატორების ხელში. ეს არის კატასტროფა, ამას კატეგორიულად ეწინააღმდეგება ყველა პატრიოტი, ეროვნულად მოაზროვნე ადამიანი.“

გვსურს შევახსენოთ პრემიერ მინისტრს, რომ საკანონმდებლო ცვლილებებზე მუშაობა წელიწადზე მეტია მიმდინარეობს და ამ სამუშაოს დიდი ნაწილი სწორედ სამოქალაქო ორგანიზაციების მიერ არის შესრულებული, მათ შორის საერთაშორისო პრაქტიკის ანალიზი. ამ ანალიზის განხორციელებისას, მნიშვნელოვანი იყო ევროპელი ექსპერტების მონაწილეობაც, რომლებიც საქართველოს პარლამენტის მიერ იყვნენ მოწვეულები. სწორედ ამ საერთაშორისო გამოცდილებაზეა დაფუძნებული ის მოდელი, რომელიც ჩვენს მიერ იყო შემოთავაზებული და რომელიც წარმატებულადაა დანერგილი ევროპის არაერთ ქვეყანაში. აღნიშნული მოდელი ე.წ. „გასაღების“ განთავსებას მობილურ ოპერატორებში გულისხმობდა. მაშინაც და ახლაც არ მიგვაჩნია, რომ მობილური ოპერატორების ხელში გასაღების გადაცემა კატასტროფის ტოლფასი იყო, მითუმეტეს რომ ეს მიდგომა მისაღები იყო ისეთი ევროპული ქვეყნებისთვის, როგორებიცაა: ავსტრია, ბელგია, ესტონეთი, ირლანდია, გერმანია, ესპანეთი, ისლანდია, იტალია, დანია, ინგლისი, ლუქსემბურგი, ჰოლანდია, პორტუგალია, ფინეთი, შვედეთი, ჩეხეთი და ა.შ. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამ სახელმწიფოებში სწორედ ხელისუფლებაში მყოფმა პატრიოტმა და ეროვნულად მოაზროვნე ადამიანებმა მიიღეს ეს გადაწყვეტილება, ვინაიდან კარგად ესმით ადამიანის უფლებების და ეფექტიანი დასავლური ტიპის მმართველობის მნიშვნელობა.


7. „ამას გეგმავენ „ნაციონალები“, იყენებენ თავის არასამთავრობოებს.“ 

ცილისმწამებლურია განცხადება, თითქოს არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შეთავაზებულ მოდელს რაიმე კავშირი აქვს "ნაციონალურ მოძრაობასთან". ჩვენი მოდელის იდეა სწორედ ისაა, რომ ერთხელ და საბოლოოდ მოხდეს იმ სისტემის შეცვლა, რომელსაც ქმნიდნენ და იყენებდნენ საქართველოში უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში სხვადასხვა ხელისუფლებები, რომლის ცვლილებაც დღევანდელი ხელისუფლების წინასაარჩევნო პლატფორმის ნაწილი იყო. სამწუხაროდ, რომ ბესელია-სესიაშვილი-ფოფხაძის მიერ შემოთავაზებული ვარიანტით და პრემიერის არაერთი განცხადებით იკვეთება პოზიცია, რომლის თანახმად ხელისუფლებას არ სურს უკანონო მოსმენების მავნე პრაქტიკაზე უარის თქმა. აქვე შევახსენებთ საზოგადოებას, რომ ჩვენ უარი ვთქვით ნაციონალური მოძრაობის მიერ ჩვენი მოდელის საკანონმდებლო ინიციატივად დარეგისტრირებაზე, რითაც რისკის ქვეშ დავაყენეთ ამ ინიციატივის საპარლამენტო სესიაზე განხილვის შესაძლებლობა, შესაბამისად, პრემიერის განცხადება არის სრულად დაუსაბუთებელი.  

8. „მათი მთავარი მიზანია შსს-ს პარალიზება, ისინი ებრძვიან სახელმწიფო ინსტიტუტებს და ვის ინტერესებშია სახელმწიფო ინსტიტუტებთან ბრძოლა, ძალიან კარგად ვიცით.“

სამწუხაროა, რომ პრემიერ მინისტრი უკვე მერამდენედ იყენებს სამოქალაქო ორგანიზაციებისადმი მისივე პოზიციისათვის შეუფერებელ გამონათქვამებს. ნამდვილად ძნელი იქნება საქართველოს ევროპელი პარტნიორების დარწმუნება, რომ შეურაცხმყოფელი და საზოგადოების თვალში მაკომპრომეტირებელი გამონათქვამები მედიის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური ოპონენტების მიმართ, საქართველოში დემოკრატიის მონაპოვარია და არ არის პოლიტიკურად მოტივირებული.

ბატონო პრემიერო, კამპანია „ეს შენ გეხებაში“ მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციები არათუ ებრძვიან სახელმწიფო ინსტიტუტებს, მათ შორის პოლიციას, არამედ წლების განმავლობაში ყველა ჩვენი მონიტორინგი, ანგარიში, განცხადება, სახელმწიფოსათვის შეთავაზებული კონცეფციები, სერვისები, მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლება, თავისუფალი არჩევნებისა და თავისუფალი მედიის არსებობისათვის განხორციელებული საქმიანობები, სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობის ხელშეწყობა იმის დასტურია, რომ ჩვენ სწორედაც დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების დაცვის ინტერესები გვამოძრავებს. და მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებები იცვლებიან, სამწუხაროდ პრობლემები რჩება და ჩვენ გვიწევს, ჩვენივე საქმიანობის დღის წესრიგში კვლავ დარჩეს ზემოთხსენებული პრიორიტეტები. 

მით უფრო დღეს, როდესაც საქართველო ასე ახლოსაა საუკუნოვან მიზანთან, გახდეს ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი ჩვენ ვერ ვიქნებით გულგრილები იმ საკითხის მიმართ, რომ ადამიანების პერსონალური მონაცემების დაცვა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა არ იყოს გარანტირებული, ისევე როგორც ბიზნესის, პოლიტიკური და საზოგადოებრივი საქმიანობის უფლება არ იყოს თავისუფალი სახელმწიფოს უკანონო ჩარევის, მათ შორის უკანონო მოსმენებისგან.

არასამთავრობო ორგანიზაციათა მიზანი არა სახელმწიფო ინსტიტუტებთან ბრძოლა, არამედ მათი გაძლიერებაა. შეუძლებელია დემოკრატია არსებობდეს იქ, სადაც მხოლოდ ერთი სახელმწიფო ინსტიტუტი - სამართალდამცავი ორგანო არის ძლიერი.

ფარული მოსმენების შესახებ კანონზე მსჯელობა 2013 წლის მაისიდან სწორედ არასამთავრობო ორგანიზაციათა ინიციატივით დაიწყო. ჩვენი საკანონმდებლო წინადადების დიდი ნაწილი გაიზიარა პარლამენტმა და კანონად აქცია. მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენ პრემიერ მინისტრს არაერთხელ ვთხოვეთ  შეხვედრა და მოსაზრებების გაზიარება, რაზეც მან თანხმობა არ გამოხატა.  როგორც ჩანს ამ ფორმით ურთიერთობა სამოქალაქო სექტორთან მისი არჩევანია, რაც  მიგვაჩნია, რომ არ არის დამახასიათებელი დემოკრატიული სახელმწიფოსათვის.