სიახლეები

განცხადება ხელისუფლების მიერ შემოთავაზებულ მაჟორიტარული ოლქების გადანაწილების წესთან დაკავშირებით

2015 წლის 26 ნოემბერს საქართველოს პარლამენტში დარეგისტრირდა საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებების შეტანის შესახებ კანონპროექტი, რომელიც ადგენს საქართველოს პარლამენტის არჩევნებისთვის მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების ფორმირების ახალ რეგულაციას.

ცვლილებების წარდგენა განპირობებული იყო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 28 მაისის გადაწყვეტილებით, რომლითაც არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი მაჟორიტარული ოლქების ფორმირების არსებული წესი, ვინაიდან ის ვერ უზრუნველყოფს ამომრჩეველთა ხმის წონის თანაბრობას. ეს უკანასკნელი ფართოდ აღიარებული საერთაშორისო სტანდარტია, რომელიც წარმოადგენს სამართლიანი და კონკურენტული არჩევნების ერთ-ერთ კრიტერიუმს. 

უპირველეს ყოვლისა, გვსურს აღვნიშნოთ, რომ საარჩევნო რეფორმა მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე უნდა განხორციელდეს ყველა დაინტერესებული მხარის მონაწილეობით და ნებისმიერი ცვლილება მიღებულ უნდა იყოს უმრავლესობის შეთანხმებით, რაც საარჩევნო სისტემის რეფორმასთან დაკავშირებით ამ ეტაპამდე ვერ იქნა უზრუნველყოფილი. წარმოდგენილი პროექტის შემუშავებაში არ მიუღიათ მონაწილეობა ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს. 

აუცილებელია მოხდეს სხვა ალტერნატიული ვერსიების განხილვა, როგორიცაა, მაგალითად, მრავალმანდატიანი მაჟორიტარული ოლქები ან ე.წ. „გერმანული მოდელი“ და სხვა, რომლებიც არ საჭიროებენ საკონსტიტუციო ცვლილებებს და რომელთა მიმართებითაც შესაძლებელია პოლიტიკური კონსენსუსის მიღწევა. არასწორია ხელისუფლების დამოკიდებულება საკითხისადმი, როდესაც ის ითხოვს მხოლოდ აღნიშნული ცვლილებების პროექტთან დაკავშირებით იქნას წარმოდგენილი მოსაზრებები და ოლქების გადანაწილების სხვა ვერსიები.
რაც შეეხება წარმოდგენილ ცვლილებებს, მიგვაჩნია, რომ ცვლილებები ვერ უზრუნველყოფს მაჟორიტარულ ოლქებთან დაკავშირებით არსებული პრობლემის ყველაზე მისაღებ გადაწყვეტას, რომელიც საუკეთესო გამოსავალი იქნებოდა სამართლიანი და კონკურენტული არჩევნების უზრუნველსაყოფად. ცვლილებების პროექტი გარკვეულ კითხვებს წარმოქმნის მუნიციპალიტეტების დაყოფის/გაერთიანების მიზანშეწონილობასთან და საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან მისი შესაბამისობის შესახებ, კერძოდ:

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის თანახმად, „დადგენილი ნორმიდან დაშვებული გადახრა არ უნდა აღემატებოდეს 10%-ს, გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა (კომპაქტურად დასახლებული ეროვნული უმცირესობების დაცვა, არამჭიდროდ დასახლებული ადმინისტრაციული ერთეული). ასეთ შემთხვევაში გადახრა არ უნდა იყოს 15%-ზე მეტი“ (პრ. 25). 

საკონსტიტუციო სასამართლო 10%-დან 15%-მდე გადახრას მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში უშვებს. ამასთან, სასამართლო მითითებას აკეთებს ვენეციის კომისიის რეკომენდაციაზე, რომლის თანახმად, „მაქსიმალური დაშვებული გადახრა მიღებული განაწილების კრიტერიუმიდან დამოკიდებულია ინდივიდუალურ სიტუაციაზე, თუმცა ის იშვიათად უნდა აღემატებოდეს 10%-ს და არასოდეს 15%-ს, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა (დემოგრაფიულად მეჩხერი ადმინისტრაციული ერთეული, რომელსაც იგივე მნიშვნელობა აქვს როგორც სხვა ერთეულებს და ჰყავს სულ მცირე ერთი წარმომადგენელი ქვედა პალატაში, ან კომპაქტურად დასახლებული ეროვნული უმცირესობები)“.  

როგორც ვხედავთ, საკონსტიტუციო სასამართლო გამონაკლის შემთხვევებში მხოლოდ 15%-მდე გადახრას უშვებს, ვენეციის კომისიის თანახმად კი, გამონაკლის შემთხვევებში 15%-ზე მეტი გადახრაც არის დასაშვები. მიუხედავად აღნიშნული განსხვავებისა, როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს, ასევე, ვენეციის კომისიის რეკომენდაციის სულისკვეთება გულისხმობს იმას, რომ როგორც 15%-იანი ასევე, 15%-ზე მეტი გადახრა დასაშვებია როგორც გამონაკლისი და მკაფიოდ განსაზღვრულ შემთხვევებში (დემოგრაფიულად მეჩხერი ადმინისტრაციული ერთეულები, მჭიდროდ დასახებული ეთნიკური უნცირესობა).

იმ შემთხვევაშიც, თუ ვენეციის კომისიის რეკომენდაციით ვიხელმძღვანელებთ, ჩვენი შეფასებით, წარმოდგენილი პროექტით 14 საარჩევნო ოლქის შემთხვევაში (გარდა თბილისის ოლქებისა, რომელთა საზღვრები ჯერ არ არის დადგენილი)  დაშვებულია 15%-ზე მეტი გადახრა (მაგალითად, 8 შემთხვევაში გადახრა 15%-დან 20%-მდე ფარგლებშია, 6 შემთხვევაში გადახრა 20%-დან 82%-მდე აღწევს). გაუგებარია, ამ 14 საარჩევნო ოლქიდან რამდენი აკმაყოფილებს იმ მოთხოვნას, რომ განსაკუთრებულ შემთხვევად ჩაითვალოს და შესაბამისად დაშვებული იყოს ნორმიდან გადახრა. 

ამასთან აღსანიშნავია, რომ 10%-დან 15%-ის ჩათვლით გადახრა 21 საარჩევნო ოლქს ეხება, რაც საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით გამონაკლის შემთხვევაში უნდა იყოს დაშვებული, ხოლო ვენეციის კომისიის რეკომენდაციით იშვიათ შემთხვევას უნდა წარმოადგენდეს. აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ 21 შემთხვევაში 10%-დან 15%-მდე გადახრა არ შეესაბამება არცერთ მოთხოვნას.   

ცვლილებების პროექტით გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტების დაყოფა/გაერთიანება, რაც მთელ რიგ შემთხვევებში გაუგებარია რა პრინციპებზე და კრიტერიუმებზე დაყრდნობით ხორციელდება. მაგალითად, სამტრედიის საარჩევნო ოლქების ნაწილი უერთდება ვანს და ნაწილი ხონს, რის შედეგადაც სამტრედიის მუნიციპალიტეტს ცალკე მაჟორიტარი დეპუტატი არ ეყოლება. ეს იმ პირობებში, როდესაც სამტრედია მოსახლეობის რაოდენობიდან გამომდინარე (47,321) სრულად აკმაყოფილებს ხმის წონის თანაბრობის პრინციპს.   

ასევე, პროექტის თანახმად, მესტია (8,315 ამომრჩეველი), მიუხედავად ნორმიდან დიდი გადახრისა (-82%) არ ერთიანდება სხვა მუნიციპალიტეტთან. მაშინ როდესაც ცაგერი (11,425) და ლენტეხი (5,916) ერთიანდება და ერთი მაჟორიტარი დეპუტატი ეყოლება. ამ შემთხვევაშიც გაუგებარია რა პრინციპზე დაყრდნობით გადაწყდა მუნიციპალიტეტების ასეთი გადანაწილება.   

ამასთან, გვსურს კიდევ ერთხელ აღნიშნოთ, რომ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით პრობლემების გადაჭრის საუკეთესო ვერსიად მაჟორიტარული სისტემის გაუქმება და პროპორციულ სისტემაზე გადასვლა მიგვაჩნია, რაც შეთავაზებული იქნა ხელისუფლებისთვის ფართომასშტაბიანი კონსენსუსის შედეგად.  სამწუხაროდ, ხელისუფლებამ არ გაიზიარა არასამთავრობო ორგანიზაციების, პოლიტიკური პარტიების და ექსპერტების მიერ  შეთავაზებული რეკომენდაცია.  მოვუწოდებთ ხელისუფლებას, რომ გამოხატოს მზადყოფნა და დაინტერესებული მხარეების მონაწილეობით განიხილოს ყველა ალტერნატიული ვერსია, რაც  უზრუნველყოფს სამართლიანი საარჩევნო სისტემის მიღებას.