სიახლეები

განცხადება მარნეულში მომხდარ ძალადობის ფაქტთან დაკავშრებით

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება”, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” მარნეულის გამგეობაში პოლიტიკური ნიშნით ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტს გმობენ. ორგანიზაციების დამკვირვებლების ინფორმაციით, დღეს მარნეულის გამგეობის შენობაში შეიჭრნენ კოალიცია „ქართული ოცნების“ აქტივისტები, რომლებიც სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ გამგეობის თანამშრომლებს. სამწუხაროდ, ადგილი ჰქონდა გამგებლის მოადგილისა და მისი მძღოლის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტს. ეს უკანასკნელი ამჟამად გადაყვანილია საავადმყოფოში. მარნეულის გამგებლის განცხადებით, ფიზიკურ ძალადობას მის მიმართაც ჰქონდა ადგილი.
ორგანიზაციები კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ პოლიტიკური პარტიების ლიდერებს, უზრუნველყონ კოალიციის აქტივისტებისა და მხარდამჭერების მიერ პოლიტიკური ნიშნით ძალადობრივი ქმედებების აღკვეთა, რაც საფრთხეს უქმნის არჩევნების შემდგომი პერიოდის მშვიდ და სამართლიან გარემოში ჩატარებას.