სიახლეები

განცხადება საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის არჩევნებთან დაკავშირებით


დღეს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის ვაკანტურ თანამდებობაზე საბუთების შეტანის ბოლო ვადააა. ჩვენ არაერთხელ გამოგვითქვამს შეშფოთება არხის დამოუკიდებლობასთან და მენეჯმენტის პრობლემებთან დაკავშირებით. ჩვენ გვჯერა, რომ სამეურვეო საბჭოს მიერ დირექტორის პოსტზე ყველაზე კვალიფიციური კანდიდატის არჩევა ძლიერი და პოლიტიკურად დამოუკიდებელი საზოგადოებრივი მაუწყებლის ჩამოყალიბების გარანტი იქნება. გენერალური დირექტორის პოზიციაზე კანდიდატის შერჩევა უნდა ემყარებოდეს აპლიკანტის გამოცდილებას, კვალიფიკაციასა და ხედვას, და არა რომელიმე პოლიტიკური ჯგუფისადმი ლოიალობას.

მივმართავთ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს, საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის შერჩევის პროცესის გამჭვირვალობისა და საზოგადოებრივი ნდობის უზრუნველსაყოფად, ხელი შეუწყონ პროცესის გამჭვირვალობას და დაუშვან სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა დასწრება გასაუბრებაზე.

ჩვენ მიგვაჩნია, რომ  სახელმწიფოს ესაჭიროება პოლიტიკისგან დამოუკიდებელი და თვითცენზურისგან თავისუფალი მაუწყებელი, რომელიც მაყურებელს სთავაზობს საგამოძიებო რეპორტაჟებს, საინტერესო ახალ  ამბებსა  და   დებატებს, ასევე  პროგრამებს,  რომლებიც  საზოგადოების სხვადასხვა გუფების წარმომადგენელთა საერთო ინტერესებს ემსახურება ყოველივე ამის განსახორციელებლად კი, საზოგადოებრივ მაუწყებელს გამოცდილი და კვალიფიციური მენეჯერი ესაჭიროება, რომელსაც კარგად ექნება გააზრებული საზოგადოებრივი მაუწყებლის მისია და საზოგადოებრივი როლი.

იმედი გვაქვს, რომ, ერთის მხრივ, საზოგადოების წარმომადგენლები არ მოახდენენ აღნიშნული შერჩევის პროცესის იგნორირებას ხოლო, მეორეს მხრივ, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო უზრუნველყოფს პროცესის გამჭვირვალედ წარმართვას და საზოგადოების ინტერესების გათვალისწინებით ღირსეული კანდიდატის შერჩევას.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“
„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“
„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“
„კონსტიტუციის 42 –ე მუხლი“