სიახლეები

გენდერული კვოტირების კანონპროექტი პარლამენტში შევიდა

2015 წლის 10 ივნისს, საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების ჯგუფმა საქართველოს პარლამენტს განსახილველად წარუდგინა საკანონმდებლო წინადადება, რომლის მიზანი კვოტირების გზით საქართველოს წარმომადგენლობით ორგანოებში ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გაზრდაა.

საკანონმდებლო წინადადება საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანას ითვალისწინებს, რომლის მიხედვითაც პოლიტიკურმა პარტიებმა საპარლამენტო არჩევნებში საარჩევნო რეგისტრაციისათვის სიების წარდგენისას აუცილებელი გენდერული კვოტა უნდა დაიცვან. პარლამენტის მიერ ინიციატივის მიღების შემთხვევაში, მომავალი არჩევნების შედეგად პარლამენტში ქალებისათვის მინიმუმ 25%-იანი წარმომადგენლობა იქნება უზრუნველყოფილი. 

საკანონმდებლო წინადადება წარადგინა ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის სამუშაო ჯგუფის წევრმა ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა. აღნიშნული ჯგუფი გასული წლის თებერვალში დაარსდა და აერთიანებს საქართველოში მოქმედ 40-ზე მეტ საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციას, პოლიტიკურ პარტიის წარმომადგენლებსა და ექსპერტებს, რომლებიც საქართველოში გენდერული თანასწორობის, ადამიანთა უფლებებისა და  საარჩევნო სისტემების გაუმჯობესების საკითხებზე მუშაობენ. წინადადების ავტორები მიიჩნევენ, რომ წარმომადგენლობით ორგანოებში ქალთა მონაწილეობის გაზრდა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს და გაზრდის დემოკრატიის ხარისხს.