სიახლეები

გიორგი მდინარაძის საქმე პროკურატურამ სწრაფად და ობიექტურად უნდა გამოიძიოს

განცხადებაზე ხელმომწერი ორგანიზაციები ვეხმაურებით 8 ნოემბერს, მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატს გიორგი მდინარაძეს პოლიციის თანამშრომლებმა მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა. შედეგად, ადვოკატს აღენიშნება ფიზიკური დაზიანებები, რაც ასახულია მედიაში გასულ სიუჟეტშიც. დაზიანებების დეტალურ აღწერას ასევე აქვეყნებს სახალხო დამცველის ოფისი, რომლის წარმომადგენლებმაც პირადად მოინახულეს დაზარალებული.

პირველ რიგში, გამოვხატავთ უკიდურეს შეშფოთებას ადვოკატის საქმიანობისთვის ხელის შეშლის და ფიზიკური ზეწოლის სავარაუდო შემთხვევასთან დაკავშირებით, რომელშიც დაზარალებულის განმარტებით, სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. მსგავსი შემთხვევები კიდევ უფრო აძლიერებს საზოგადოების უნდობლობას პოლიციის მიმართ, ძირს უთხრის ყველა რეფორმის მნიშვნელობას ამ სფეროში და არსებითად აზიანებს ადვოკატთა პროფესიულ საქმიანობას.

როგორც ჩვენთვის ცნობილია, აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება უკვე დაიწყო პროკურატურამ. თუმცა, ამ დრომდე უცნობია შინაგან საქმეთა სამინისტროს პოზიცია ამ ფაქტთან დაკავშირებით. სამინისტროს განმარტებით, გიორგი მდინარაძე დაკავებული იყო ადმინისტრაციული წესით, თუმცა სამინისტრო არ თვლის საჭიროდ, საზოგადოებას განუმარტოს რა დროს და რა ვითარებაში შეიძლებოდა მიეღო დაზიანებები ადვოკატს. სამინისტროს გულგრილი დამოკიდებულება კიდევ უფრო შემაშფოთებელია იმ პირობებში, როდესაც სამინისტრო თავად ადასტურებს, რომ ადვოკატი პოლიციელთა კონტროლის ქვეშ იმყოფებოდა.    

ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ პოლიციელების მხრიდან თვითნებობის, უფლებამოსილების გადამეტებისა და ძალის გამოყენების პრობლემა პოლიციის სისტემაში არაერთხელ გამხდარა კრიტიკის საგანი. საყურადღებოა ის გარემოება, რომ არაერთ შემთხვევაში, ფიზიკური თუ სიტყვიერი შეურაცხყოფისას, დაზარალებულები მიუთითებდნენ პოლიციის მაღალჩინოსნების მონაწილეობაზე პროცესში. გიორგი მდინარაძის შემთხვევაშიც, დაზარალებული ასახელებს პოლიციის განყოფილების უფროსს, რომელიც მისივე განმარტებით, მონაწილეობდა მის მიმართ განხორციელებულ უკანონო ქმედებებში.

სამწუხაროდ, პოლიციელების მხრიდან უხეში კანონდარღვევის გახმაურებულ საქმეებში ეფექტური და დროული გამოძიება არ ჩატარებულა. საზოგადოებისთვის უცნობი რჩება რა შედეგით დასრულდა ან რატომ გაგრძელდა არაგონივრულად დიდხანს სხვადასხვა საქმეზე მიმდინარე გამოძიება.

ნათელია, რომ იმ პირობებში, როცა არაერთ  კანონდარღვევის საქმეში არსებობს ეჭვები პოლიციის ხელმძღვანელი თანამდებობის პირების მონაწილეობის შესახებ და როცა საქმეებზე დროული და ეფექტური გამოძიება არ ტარდება, საზოგადოების მხრიდან ეს აღქმულია როგორც სისტემური საფუძვლების მქონე პრობლემა და არა ერთეული გადაცდომები.

ასევე ნათელია, რომ სახელმწიფოს მხრიდან პოლიციელთა უკანონო და მძიმე კანონდარღვევების მიმართ გულგრილი დამოკიდებულება, არაეფექტური რეაგირება და შემწყნარებლობა ახალისებს ძალადობის ახალ შემთხვევებს. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც არ არსებობს დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფდა გამოძიების დამოუკიდებლად და  მიუკერძოებლად ჩატარების მაღალ სტანდარტებს. საგანგაშოა ასევე ის, რომ მოცემულ შემთხვევაში, საუბარია ადვოკატის მიმართ სავარაუდოდ განხორციელებულ ფიზიკურ შეურაცხყოფაზე. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს სამართალდამცავ სისტემაში პასუხისმგებლობის არაეფექტური მექანიზმებისა და დაუსჯელობის პრობლემას. 

გიორგი მდინარაძის საქმესთან დაკავშირებით, მოვუწოდებთ საქართველოს მთავარ პროკურატურას:

უზრუნველყოს საგამოძიებო მოქმედებების დროულად წარმართვა და გონივრულ ვადებში შეძლოს გამოძიების დასრულება;
გამოძიება აწარმოოს გამჭვირვალედ და საზოგადოებას დროულად მიაწოდოს ინფორმაცია გამოძიების შედეგების შესახებ;
გამოიყენოს კანონით განსაზღვრული ყველა შესაძლებლობა, რათა ადეკვატური პასუხისმგებლობა მოეთხოვოს ყველა პირს;
უზრუნველყოს დაზარალებულის და სხვა შესაძლო მოწმეების უსაფრთხოება.
მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს:

შეუჩეროს უფლებამოსილება ვაკე-საბურთალოს პოლიციის მე-5 განყოფილების ხელმძღვანელს და განყოფილების იმ თანამშრომლებს, რომელთა მიმართაც შესაძლოა გარკვეული კითხვები არსებობდეს;
გააკეთოს განმარტება, როგორ აპირებს ბრძოლას პოლიციელთა მხრიდან ძალის გადამეტების შემთხვევების წინააღმდეგ. 
 

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“

კონსტიტუციის 42-ე მუხლი

იდენტობა

ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი

კავშირი საფარი

ადამიანის უფლებათა ცენტრი

სამოქალაქო განვითარების სააგენტო (სიდა)

პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის (PHR)

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)

სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)