სიახლეები

ISFED არჩევნების დღისთვის მზად არის

16 ოქტომბერს, თვითმმართველობის არჩევნებზე მაღალი ხარისხით დაკვირვების უზრუნველსაყოფად, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ (ISFED) არჩევნების დღის სიმულაცია განახორციელა. 

დღევანდელი სიმულაცია ISFED-ის სადამკვირვებლო მისიის წინასაარჩევნო მომზადების ნაწილი იყო და მიზნად ისახავდა დამკვირვებლების, ცენტრალური ოფისის ოპერატორების, მონაცემთა ბაზისა და კომუნიკაციის სისტემის გამოცდას. სიმულაციის დროს, დამკვირვებლები მოკლე ტექსტური შეტყობინებების (SMS) მეშვეობით უკავშირდებიან თბილისში განთავსებულ მონაცემთა ანალიზის ცენტრს და, არჩევნების დღის სხვადასხვა სცენარის შესაბამისად, ცენტრის ოპერატორებს დაშიფრულ ინფორმაციას აწვდიან. მონაცემთა ანალიზის პროგრამა ამოწმებს თუ რამდენად სწორად და სრულყოფილად მიაწოდა ინფორმაცია დამკვირვებელმა მონაცემთა ანალიზის ცენტრს. სიმულაციაში მონაწილეობა ორგანიზაციის თითოეული დამკვირვებლისთვის აუცილებელი წინაპირობაა არჩევნების დღის მისიაში მოსახვედრად. 

21 ოქტომბერს, არჩევნების დღის მიმდინარეობას „სამართლიანი არჩევნების“ 1200-მდე მოკლევადიანი დამკვირვებელი საარჩევნო უბნებზე ხმების პარალელური დათვლის (PVT) მეთოდოლოგიით დააკვირდება. მათ შორის 350 დამკვირვებელი თბილისის მასშტაბით შემთხვევითი შერჩევით გამოვლენილ უბნებზე განთავსდება ხოლო 300-ზე მეტი დამკვირვებელი საარჩევნო უბნებზე შემთხვევითი შერჩევით მთელი საქართველოს მასშტაბით იქნება გადანაწილებული. ამასთან, ISFED-ის დამკვირვებლები სრულად იქნებიან წარმოდგენილი ყველა საარჩევნო უბანზე ქუთაისში, ბათუმში, ფოთში, რუსთავში, მარნეულსა და ახალციხეში. 

უკვე არაერთი წელია, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება არჩევნების დღის დაკვირვებას ხმების პარალელური დათვლის (PVT) მეთოდოლოგიით ახორციელებს, რომელიც არჩევნების დაკვირვების მოწინავე, ინოვაციური მეთოდოლოგიაა და იძლევა არჩევნების დღის პროცესის შეფასების საშუალებას. 

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დღის სადამკვირვებლო მისიას ISFED შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), გერმანიის ფედერალური საგარეო საქმეთა სამინისტროს, და ფონდ „ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის“ (NED) მხარდაჭერით ახორციელებს. 

დღევანდელ სიმულაციას ორგანიზაციის ოფისში დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. წარმატებული სიმულაციის შემდეგ „სამართლიანი არჩევნები“ დარწმუნებულია, რომ მისი სადამკვირვებლო მისია არჩევნების დღისთვის მზად არის.