სიახლეები

ISFED-ის საჩივრის საფუძველზე კომუნიკაციების კომისიამ სააგენტოების მიერ დარღვევის ფაქტი დაადასტურა

ISFED-ის საჩივრის საფუძველზე, კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ საინფორმაციო სააგენტოების ,,რეპორტიორი“-ისა და MPress-ის მიერ საზოგადოებრივი აზრის შედეგების გამოქვეყნების წესის დარღვევის ფაქტი დაადასტურა. კომისიის  2015 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე სააგენტოების მიმართ შედგა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმები, რაც რეაგირებისთვის გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს.

კომუნიკაციების კომისია ოქმის შედგენის დროს დაეყრდნო საარჩევნო კოდექსის 82-ე მუხლს, რომელიც კანონით დადგენილ ვადებში არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნების წესის დარღვევისთვის ითვალისწინებს  1500  ლარიან ჯარიმას.

მოგახსენებთ, რომ 30 ოქტომბერს, საკრებულოსა და პარლამენტის შუალედურ არჩვნებამდე ერთი დღით ადრე, საინფორმაციო სააგენტოებმა, რეპორტიორმა და MPress-მა  გაავრცელა ინფორმაცია საგარეჯოს ამომრჩეველთა საარჩევნო განწყობების კვლევის შედეგების თაობაზე.  

 


აღსანიშნავია, რომ საქართველოს საარჩევნო კოდექსის თანახმად, „აკრძალულია კენჭისყრამდე 48 საათის განმავლობაში და კენჭისყრის დღის 20 საათამდე არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება, გარდა არჩევნების შესაძლო მონაწილეთა და  კენჭისყრის დღეს არჩევნების მონაწილეთა რაოდენობისა.“

საინფორმაციო სააგენტოებმა კანონის დარღვევით გამოაქვეყნეს საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა არჩევნებამდე 48 საათის განმავლობაში.  ასევე, აღსანიშნავია, რომ ერთ -ერთი საინფორმაციო სააგენტოს მიერ მითითებულ  ინტერნეტ მისამართზე  გამოკითხვის შედეგები არ იძებნება.