სიახლეები

ISFED-მა კიდევ ერთი სასამართლო პროცესი მოიგო

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ” კიდევ ერთი საქმე მოიგო. 2015 წლის 13 ნოემბერს ცაგერის რაიონულმა სასამართლომ თამილა გაბიძაშვილის სარჩელი დააკმაყოფილა, რომლის ინტერესებსაც სასამართლოში „სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენელი იცავდა.

თამილა გაბიძაშვილმა მონაწილეობა მიიღო ტვიშის ადმინისტრაციულ ერთეულში (ტვიში, ორხვი, ლახეფა, ქორენიში) ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის თანამდებობის დასაკავებლად გამართულ კონკურსში. მან წარმატებით გადალახა კონკურსის პირველი და მეორე ეტაპი. თუმცა, მესამე ეტაპის - გასაუბრების შემდეგ იგი სამსახურში არ აიყვანეს. გასაუბრების ეტაპზე ადგილი ქონდა კონკურსანტის მიმართ არასათანადო კითხვების დასმას, რომლებსაც არაფერი ქონდა საერთო მისი პროფესიული დონისა და კომპეტენციის გარკვევასთან და ნაკარნახევი იყო პოლიტიკურ მიკერძოებულობით, რითიც დაირღვა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნები. აღსანიშნავია, რომ საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების მიხედვით, თითოეული კანდიდატისათვის გამოიყენება იდენტური შინაარსის წინასწარ განსაზღვრული კითხვარი. თუმცა, საკონკურსო-საატესტაციო კომისიას არ ჰქონდა ასეთი კითხვარი.

სარჩელით მოვითხოვეთ ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის თანამდებობის დასაკავებლად გამართული გასაუბრებისა და კონკურსის შედეგების გაუქმება და გასაუბრების ეტაპის ხელახლა ჩატარება. ცაგერის რაიონულმა სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა სარჩელი, კერძოდ, სასამართლომ ბათილად ცნო კონკურსის შედეგები და ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და საკონკურსო-საატესტაციო კომისიას  გასაუბრების ეტაპის ხელახლა ჩატარება დაავალა. 

უფასო იურიდიული დახმარების მისაღებად, მოგვმართეთ შემდეგ მისამართებზე:

 თბილისი: ონიაშვილის #37, ტელ: 555 82 90 90;
 ქუთაისი: წერეთლის #27, ტელ: 593 82 90 90;
 ბათუმი: 26 მაისის #40, ტელ: 514 82 90 90;
 გურჯაანი: ნონეშვილის #12, ტელ: 555 82 90 90.

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება”  იურიდიულ დახმარებას ახორციელებს ჰოლანდიის საელჩოს მიერ დაფინანსებული „საჯარო მოხელეთა უფლებების დაცვა პოლიტიკურად ნეიტრალური და დისკრიმინაციისგან თავისუფალი საჯარო სამსახურისათვის საქართველოში“ პროექტის ფარგლებში. პროექტი ითვალისწინებს საჯარო სამსახურში კონკურსებისა და ატესტაციის შედეგად, ასევე უკანონო გათავისუფლებისას დაზარალებულ პირთათვის უფასო იურიდიულ კონსულტაციას, დოკუმენტაციის მომზადებას და სასამართლოში წარმომადგენლობას.