სიახლეები

ISFED თეთრი ხმაურის მოძრაობის აქცია-მსვლელობას ეხმაურება

,,სამართლიან არჩევნებს“ სურს გამოეხმაუროს ,,თეთრი ხმაურის მოძრაობის“ 17 ივნისს დაგეგმილ აქცია-მსვლელობას, რომელიც მიმართულია ძალადობრივი ნარკოპოლიტიკის წინააღმდეგ.

მიგვაჩნია, რომ „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ მიერ სახელმწიფოს ნარკოპოლიტიკის ჭრილში დაყენებული პრობლემები საყურადღებოა და სახელმწიფოს მხრიდან რეაგირებას საჭიროებს. დღეს ნარკომომხმარებელთა მიმართ მკაცრი სანქციების დაკისრების არსებული მიდგომა, ადამიანთა ღირსების, სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ხელყოფის საფრხეს შეიცავს. ამის ერთ-ერთი მაგალითია ლევან აბზიანიძის საქმე, რომელიც  შარდმდენი პრეპარატების იძულებით მიღების შემდეგ გარდაიცვალა. ამ და სხვა მსგავს შემთხვევებთან დაკავშირებით ხელისუფლებას ჯერ კიდევ არ დაუსრულებია გამოძიება, რაც კიდევ ერთხელ წარმოაჩენს პასუხისმგებელი პირების გულგრილობასა და არაჰუმანური მოპყრობის ფაქტებზე არასათანადო რეაგირებას. 

განსაკუთრებით პრობლემურია, რომ კანონმდებლობით ჯერ კიდევ არ არის მკაცრი ზღვარი დაწესებული ნარკოტიკების პირადი მიზნით მოხმარებასა და მის გასაღებას შორის. ხელისუფლება რეპრესიული მეთოდებით უდგება იმ პირებს, რომლებიც ნარკოტიკულ საშუალებებს მოიხმარენ, რაც გამოიხატება მათთვის არაპროპორციულად მკაცრი პასუხისმგებლობის ზომების დაკისრებაში. დემოკრატიულ საზოგადოებაში, რომლის მთავარი მიზანი ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვაა, შეუძლებელია ხელისუფლებამ მსგავსი სასჯელის დაკისრებით ეფექტურად ებრძოლოს ნარკოტიკულ დანაშაულებს.

მნიშვნელოვანია, ხელისუფლება ყურადღებით მოეკიდოს „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ მოთხოვნებს და შეიმუშაოს დანაშაულთან ბრძოლის ჰუმანური სტრატეგია, რომელიც მიმართული იქნება ადამიანის ღირსებისა და პატივის დაცვისაკენ. აუცილებელია დაიწყოს კანონმდებლობის რეფორმირება, რომლითაც გაიმიჯნება ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებისა და მათი კომერციული მიზნით გასაღებისთვის სამართლებრივი შედეგები.