სიახლეები

ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის სამუშაო ჯგუფის წევრი ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება


2015 წლის 2 დეკემბერს საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის სამუშაო ჯგუფის მიერ 2015 წლის 10 ივნისს წარდგენილ საკანონმდებლო წინადადებას გენდერული კვოტირების შესახებ. წინადადება პარტიების მიერ საპარლამენტო და ადგილობრივ არჩევნებზე წარდგენილ პროპორციულ სიებში 50%-იან გენდერულ კვოტირებას გულისხმობდა, რაც  ქალთა მინიმუმ 25%-იან წარმომადგენლობას უზრუნველყოფდა საქართველოს პარლამენტში და ქალთა გაზრდილ რაოდენობას საკრებულოებში.

საკანონმდებლო წინადადების ინიციატორი არასამათავრობო ორგანიზაციები უარყოფითად ვაფასებთ  საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ აღნიშნული ინიციატივის  სრულ უგულვებელყოფას. მიგვაჩნია, რომ კომიტეტის  პოზიცია წინააღმდეგობაში მოდის სახელმწიფოს მიერ აღებულ საერთაშორისო და ეროვნულ ვალდებულებებთან, მათ შორის ქალთა მიმართ ყველა ფორმის დისკრიმინაციის აღმოფხვრის კონვენციის კომიტეტის 2014 წლის რეკომენდაციასთან, რომელიც პირდაპირ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას გამოიყენოს სპეციალური ზომები ეროვნულ და ადგილობრივ დონეზე ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გაზრდისათვის. კომიტეტის მიერ კვოტირების შესახებ წინადადების უგულვებელყოფა, ასევე, ეწინააღმდეგება საქართველოს ამომრჩევლის დიდი ნაწილის სურვილს გენდერული კვოტირების დანერგვის შესახებ - როგორც 2014 წლის ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევამ გამოავლინა, საქართველოს მოსახლეობის 68% მხარს უჭერს გენდერულ კვოტირებას და სურს, იხილოს მეტი ქალი ქართულ პოლიტიკაში. 

დღესდღეობით, საკანონდებლო ორგანოში გენდერული ბალანსის თვალსაზრისით 185-ე ქვეყნიდან საქართველო 115-ე ადგილს იკავებს. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად, ქალებმა მანდატების მხოლოდ 12% მოიპოვეს. მდგომარეობა კიდევ უფრო საგანაგაშოა ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე, სადაც ქალთა წარმომადგენლობა 11%-ს აღწევს.

გენდერული კვოტების გარეშე არსებობს საფრთხე, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ქალთა რაოდენობა პარლამენტში არ გაიზარდოს ან უფრო მეტიც, კიდევ უფრო შემცირდეს.  საერთაშორისო გამოცდილების თანახმად კი მინიმუმ 30 პროცენტით უნდა იყვნენ ქალები წარმოდგენილი საკანონმდებლო ორგანოში, რათა მათ შეადგინონ ე.წ. კრიტიკული მასა და რეალურად მიიღონ მონაწილეობა პოლიტიკურ ცხოვრებაში, რაც გულისხმობს ზეგავლენის მოხდენას გადაწყვეტილების მიღების პროცესსა და პოლიტიკის ფორმირებაზე. ქალთა რეალური მოაწილეობა  წარმომადგენლობით ორგანოებში არის გენდერული თანასწორობის, დემოკრატიული სამართლიანობისა და მდგრადი განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინდიკატორი და წინაპირობა. 

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, გაითვალისწინოს საქართველოს მოსახლეობის 68%-ის სურვილი, საქართველოს მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულებები, საერთაშრისო თანამეგობრობისა და ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების რეკომენდაციები  და  2016 წლის არჩევნებამდე მიიღოს შესაბამისი საკანონდებლო ცვლილებები გენდერული კვოტირების შესახებ, რათა უზრუნველყოფილ იქნას ქალთა უფრო ადეკვატური და სამართლიანი წარმომადგენლობა შემდეგი მოწვევის წარმომადგენლობით ორგანოებში.