სიახლეები

ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის სამუშაო ჯგუფის წევრი ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართვა


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, საქართველოს პარლამენტის დეპუტატებს, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ კომიტეტს, საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს, საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს მთავრობას, საქართველოს სახალხო დამცველს, საქართველოში წარმოდგენილ საერთაშორისო საზოგადოებას 


ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის სამუშაო ჯგუფის წევრი ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართვა 


2015 წლის 10 ივნისს ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის სამუშაო ჯგუფის წევრმა ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა პარლამენტს  საკანონმდებლო წინადადება წარუდგინა, რაც პარტიების მიერ საპარლამენტო და ადგილობრივ არჩევნებზე წარდგენილ პროპორციულ სიებში 50%-იან კვოტირებას გულისხმობს. აღნიშნული ცვლილება პარლამენტში ქალთა მინიმუმ 25%-იან წარმომადგენლობას უზრუნველყოფს. 

მიუხედავად ფინანსურად წამახალისებელი ნორმისა, რომელსაც „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ ორგანული კანონი ითვალისწინებს, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად ქალებმა მანდატების მხოლოდ 12% მოიპოვეს, შესაბამისად საკანონმდებლო ორგანოში გენდერული ბალანსის თვალსაზრისით 185 ქვეყნიდან საქართველო 115-ე ადგილს იკავებს. 2014 წლის თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებმაც გენდერული უთანასწორობის საგანგაშო სურათი წარმოაჩინა. 12 თვითმმართველი ქალაქის მერიდან ყველა კაცია, ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილი 69 გამგებლიდან მხოლოდ 2 ქალია, ხოლო საკრებულოებში ქალთა წარმომადგენლობა მხოლოდ 11.6% შეადგენს. 

ჩვენს მიერ შემუშავებული საკანონმდებლო წინადადების დარეგისტრირების შემდეგ პარლამენტს წარედგინა მეორე საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც საპარლამენტო არჩევნებისას პროპორციული სიის მხოლოდ პირველ ხუთ ათეულში ყოველი მესამე განსხვავებული სქესის წარდგენას ითვალისწინებს, ხოლო 50%-იანი ქალთა წარმომადგენლობის შემთხვევაში ფინანსურ წახალისებას აწესებს. მიუხედავად იმისა, რომ სავალდებულო კვოტირების ნებისმიერი ფორმის შემოღება წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება და ამ მხრივ აღნიშნული კანონპროექტიც მნიშვნელოვანი ინიციატივაა, მიგვაჩნია რომ ჩვენი წინადადება კვოტირების უფრო სამართლიან მოდელს და რეალური თანასწორობის უზრუნველყოფის მექანიზმს თავაზობს კანონმდებელს. 

საერთაშორისო სტანდარტის მიხედვით, 40% წარმოადგენს იმ კრიტიკულ რაოდენობას, რომლის ქვემოთაც არც ერთი სქესის წარმომადგენელი არ უნდა იყოს გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოებში. აღნიშნული რეკომენდირებული მინიმუმი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის მიჩნეული აუცილებელი წინაპირობაა. პირველ ხუთ ათეულში ყოველი მესამე განსხვავებული სქესის წარდგენა საბოლოოდ პარლამენტში მხოლოდ 16%-იან ქალთა წარმომადგენლობას უზრუნველყოფს, რაც ვერც  დღევანდელ დისბალანსს გააუმჯობესებს მნიშვნელოვნად და ვერც საქართველოს მიერ აღებულ საერთაშორისო ვალდებულებებს უპასუხებს. ჩვენს მიერ შემოთავაზებული 50%-იანი კვოტირების სისტემა კი პარლამენტის საერთო რაოდენობის 25%-იან ქალთა გარანტირებულ შემადგენლობას განაპირობებს. მიუხედავად იმისა, რომ ამგვარი განაწილებაც რეკომენდირებული მინიმუმის ზღვარს ქვემოთაა, ეს სამართლიანობისაკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი იქნება. 

ქალთა სამუშაო ჯგუფის წევრი არასამთავრობო ორგანიზაციები მოგმართავთ მიიღოთ მხედველობაში არსებული დისბალანსი, სახელმწიფოს მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულებები, საზოგადოებაში სულ უფრო და უფრო მომძლავრებული ძალადობა ქალთა მიმართ და ქალთა წლად გამოცხადებული 2015 წელი, საერთო ძალისხმევითა და მონდომებით, ვაქციოთ ისტორიულ გარდატეხად ქვეყანაში გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფისათვის. 

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“
„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ 
„ქალთა საინფორმაციო ცენტრი“
„გენდერული სამართლიანობა“
კავშირი „საფარი“
„გენდერული თანასწორობის ქსელი“
„ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისათვის“
„ევროპელი ქალების საერთო მომავლისათვის - საქართველო“
იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“