სიახლეები

ქალთა პოლიტიკური წარმომადგენლობა და არსებული საკანონმდებლო ბარიერები

მიუხედავად იმისა, რომ დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე საქართველომ ცვლილებები განახორციელა პოლიტიკაში ქალთა წარმომადგენლობის გაზრდის მიზნით, ქალთა პოლიტიკური უფლებების რეალიზაცია კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს. როგორც არაერთმა ადგილობრივმა თუ საპარლამენტო არჩევნების შედეგებმა გამოავლინა, ქალთა წარმომადგენლობა უმაღლეს საკანონმდებლო და აღმასრულებელ ორგანოებში საგანგაშოდ დაბალია. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე წარდგენილი კანდიდატებიდან 37% იყო ქალი, ხოლო მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე წარდგენილ ქალთა რაოდენობა 17.69%- ს შეადგენდა. არჩევნების შედეგად, 150 მანდატიდან ქალებმა მხოლოდ 24 მოიპოვეს. საქართველოს პარლამენტის მსგავსად, გენდერული დისბალანსია ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობით და აღმასრულებელ ორგანოებში. 2017 წლის 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე საქართველოს ყველა თვითმმართველ ერთეულში არჩეულ ქალთა რაოდენობამ 13.5% შეადგინა. აღნიშნული მაჩვენებელი მხოლოდ უმნიშვნელოდაა გაზრდილი 2014 წლის ადგილობრივი არჩევნების შემდეგ. 64 პირდაპირი წესით არჩეული მერიდან მხოლოდ ერთია ქალი. 

გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფის ვალდებულება არაერთი საერთაშორისო ხელშეკრულებიდან გამომდინარეობს, მათ შორის „ქალთა დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ (CEDAW) კონვენციიდან. კონვენციის ფარგლებში არსებული კომიტეტის რეკომენდაციაში აღნიშნულია, რომ საქართველომ ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგას გენდერული თანასწორობის განსამტკიცებლად, მათ შორის მიიღოს სავალდებულო ზომები ქალთა ჩართულობის გაზრდისთვის. ქალების პოლიტიკურ პროცესებში ჩართვის ვალდებულება გამომდინარეობს საქართველო- ევროკავშირის ასოცირების 2017- 2020 წლის დღის წესრიგიდანაც. მიუხედავად აღნიშნულისა, ჯერ კიდევ არ განხორციელებულა სისტემური ცვლილებები, რომელიც გააუმჯობესებს ქალთა წარმომადგენლობას და წაახალისებს მათ პოლიტიკურ პროცესებში ჩართულობას. 

წინამდებარე კვლევაში მიმოხილულია ის სამართლებრივი მექანიზმები, რომლებიც საკანონმდებლო დონეზე უზრუნველყოფს ქალთა პოლიტიკურ მონაწილეობას. ასევე გაანალიზებულია 2017 წლის ადგილობრივი არჩევნების შემდეგ თვითმმართველობის წარმომადგენგელობითი და აღმასრულებელი ორგანოების გენდერული შემადგენლობა.

ქალთა პოლიტიკური წარმომადგენლობა და არსებული საკანონმდებლო ბარიერები