სიახლეები

ხიდაშელის განცხადება არ შეესაბამება სიმართლეს

გვსურს, გამოვეხმაუროთ საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ქალბატონი თინა ხიდაშელის განცხადებას, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებს თავდაცვის სამინისტროსთვის არ მიუმართავთ გამონაკლის შემთხვევეში შექმნილ უბნებთან დაკავშირებით. 
 
კერძოდ, თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ „...არც ერთ არასამთავრობო ორგანიზაციას ჩემთან ან თავდაცვის სამინისტროს რომელიმე შესაბამის პასუხისმგებელ პირთან არ მოუმართავს კითხვით იმ ამბების (სამხედრო ნაწილში შექმნილ საარჩევნო უბნის) შესახებ  რაზეც დღეს ისინი კითხვებს სვამენ.”

გვსურს განვაცხადოთ, რომ თავდაცვის მინისტრის აღნიშნული განცხადება არ შეესაბამება სიმართლეს. 

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ 2016 წლის 14 იანვარს საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან გამოითხოვა საჯარო ინფორმაცია იმ სამხედრო მოსამსახურეთა დისლოკაციის ვადის დამადასტურებელი სამართლებრივი დოკუმენტების თაობაზე, რომელთა საფუძველზეც ვაზიანის სამხედრო ბაზაზე შეიქმნა ე.წ.  სპეციალური საარჩევნო უბანი. 

თავდაცვის სამინისტრომ ზემოაღნიშნულ წერილზე პასუხი 26 იანვარს გაგვცა და გამოთხოვნილი ინფორმაცია არ მოგვაწოდა იმ მიზეზით, რომ სამხედრო მოსამსახურეთა დისლოკაციის ვადის დამადასტურებელი დოკუმენტი - კონტრაქტი, შეიცავს პერსონალურ მონაცემებს. 

ის ფაქტი, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებმა ვაზიანის სამხედრო ბაზაზე შექმნილ სპეცუბანთან დაკავშირებით საჯარო ინფორმაცია ნამდვილად გამოითხოვეს, დასტურდება თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ბესიკ ლოლაძის განცხადებით, რომელიც მან არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილის წარმომადგენლების მიერ ვაზიანის სამხედრო ბაზის დათვალიერებისას გააკეთა. 

თავდაცვის მინისტრს შევახსენებთ, რომ სპეცუბნებთან და ზოგადად არჩევნებთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციები საკუთარ შენიშვნებს და მოსაზრებებს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის ფორმატშიც აქტიურად აფიქსირებდნენ, რომლის სხდომებში თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ თავდაცვის მინისტრს, საკუთარ განცხადებების დროს გამოიჩინოს უფრო მეტი კორექტულობა არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ და საზოგადოებას ჩვენს საქმიანობასთან დაკავშირებით გადამოწმებული ინფორმაცია მიაწოდოს.
View post on imgur.com
View post on imgur.com