სიახლეები

კოალიცია მაგდა პაპიძის საქმის სასამართლო განხილვაზე

კოალიციას „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ მიაჩნია, რომ მაგდა პაპიძის საქმის სასამართლო განხილვის პროცესში არაერთხელ დაირღვა ბრალდებულის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება. განსაკუთრებით უხეშად აღნიშნული უფლება დაარღვია პროკურატურამ. ასევე, საქმის სასამართლო განხილვა რიგი პროცესუალური დარღვევებით წარიმართა. ყოველივე აღნიშნული შესაძლოა უარყოფითად აისახოს საქმის სამართლიან სასამართლო განხილვაზე. 

ამასთან, მიგვაჩნია, რომ მედიის მიერ აღნიშნული საქმის გაშუქება ხშირ შემთხვევაში სცდება ეთიკური ჟურნალისტიკის ფარგლებს, რაც გამოიხატება არა საზოგადოებრივი ინტერესის, არამედ საზოგადოების ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილებაში. სისხლის სამართლის საქმეების პროფესიონალურად გაშუქების შეუძლებლობის  გამო, ხშირად მედია საშუალეები ხდებიან პროკურატურის თუ სხვა დაინტერესებული მხარეების ინტერესების უნებლიე გამტარები. ყოველივე აღნიშნული კი აფერხებს, როგორც მართლმსაჯულების სრულყოფილ აღსრულებას, ისე აზიანებს ბრალდებულის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვისა და ნაფიც მსაჯულთა მიერ საქმის განხილვის უფლებას.

პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა

ცხადია, რომ პროცესების ღიაობის პრინციპი უმნიშვნელოვანესია გამჭვირვალე და სამართლიანი სასამართლოს არსებობისთვის, თუმცა, განსაკუთრებულ შემთხვევებში, თუ საქმე ეხება პროცესის მონაწილის პირადი ცხოვრების ამსახველ დეტალებს, შესაძლებელია სასამართლო პროცესი დახურულ რეჟიმში წარიმართოს. გადაწყვეტილებას სხდომის დახურვის შესახებ, კანონით გათვალისწინებულ განსაკუთრებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით, იღებს სასამართლო. 

სხდომების მიმდინარეობისას სასამართლო პროცესი ნაწილობრივ ორჯერ დაიხურა იმ მიზნით, რომ დაკითხულიყვნენ მოწმეები, რომლებსაც უნდა ესაუბრათ ბრალდებულის პირადი და სქესობრივი ცხოვრების დეტალებზე. 

მიუხედავად სხდომის დახურვისა, როგორც ბრალდების მხარემ, ისე დაცვის მხარემ და ერთ შემთხვევაში - მოწმემ, მედიასთან საუბარში საჯაროდ გააჟღერეს გარკვეული დეტალები, რომლებიც დახურულ სხდომაზე იყო განხილული.

აგრეთვე, ერთ-ერთ სასამართლო სხდომაზე მაგდა პაპიძემ დააყენა შუამდგომლობა სხდომის ნაწილობრივ დახურვასთან დაკავშირებით, ვინაიდან მოწმის დაკითხვისას პროკურორმა დასვა რამდენიმე  კითხვა ბრალდებულის პირადი ცხოვრების დეტალებთან დაკავშირებით. მოცემულ შემთხვევაში, მოსამართლემ სწორად არ შეაფასა სხდომის დახურვის ლეგიტიმური მიზანი და ბრალდებულის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. 

მოცემულ შემთხვევაში პროცესის დახურვა უნდა მომსახურებოდა იმ მიზანს, რომ დაცული ყოფილიყო პროცესის მონაწილის პირადი ცხოვრება. თუმცა,  სხდომის დახურვის კანონმდებლობით გათვალისწინებული ეს მიზანი ვერ იქნა მიღწეული. დახურულ სასამართლო სხდომაზე მხარეთა და მოწმეთა მიერ გაჟღერებული ინფორმაციის გასაჯაროება და შემდეგ მედიის მიერ, ჟურნალისტის პროფესიული ეთიკის წესების დაცვის გარეშე, აღნიშნული ინფორმაციის გაშუქება, ისევე როგორც სასამართლოს არაერთგვაროვანი თუ დაუსაბუთებელი მიდგომა სხდომის დახურვის საკითხთან დაკავშირებით, არღვევს ბრალდებულის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას. აღნიშნულმა შესაძლოა გამოიწვიოს საზოგადოებრივი აზრის, მათ შორის ნაფიც მსაჯულთა აზრის, ბრალდებულის წინააღმდეგ ფორმირება, მაშინ, როდესაც საქმეზე ჯერ არ არის მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება.

განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს დახურულ სხდომაზე განხილული საკითხების გასაჯაროება თავად პროკურორის მიერ, ასევე, მედია საშუალების ხელმისაწვდომობა გამოძიების დროს მოპოვებულ ჩვენებებზე, მაშინ, როცა სასამართლო პროცესში ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვის ყველაზე მაღალი მოლოდინი სწორედ პროკურატურის მიმართ არსებობს. აღნიშნული საფუძვლიან ეჭვს ბადებს, რომ პროკურატურის მოქმედებები მიმართულია საზოგადოებრივი აზრის შექმნისკენ, გენდერული სტერეოტიპების კვლავწარმოებისკენ, რაც გამოიხატება შემდეგ გზავნილში - ბრალდებული არღვევს საზოგადოებაში მკაცრად განსაზღვრულ ქალის მორალურ როლს,  რაც ბუნებრივად უნდა იწვევდეს ქალის მიმართ დისკრიმინაციულ და შეურაცხმყოფელ განწყობებსა და დამოკიდებულებებს საზოგადოებაში. საზოგადოებრივი აზრის ამგვარი მობილიზებით კი პროკურატურა სავარაუდოდ ცდილობს ირიბი ზემოქმედება მოახდინოს ნაფიც მსაჯულებზე და მათ ჩამოუყალიბოს აზრი პირის დამნაშავეობასთან დაკავშირებით. 
წესრიგის დაცვა სასამართლო სხდომის დარბაზში

კანონით გარანტირებულია მხარეთა თანაბარი უფლება მონაწილეობა მიიღონ სასამართლო განხილვაში და სასამართლოს შეუფერხებლად მიაწოდონ საქმისათვის მნიშვნელოვანი ყველა ინფორმაცია. აღნიშნული უფლების რეალიზაცია სამართლიანი სასამართლო განხილვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა და უზრუნველყოფს მხარეთა თანასწორობასა და შეჯიბრებითობას. სწორედ სასამართლოა ვალდებულია უზრუნველყოს მხარეთა თანაბარი შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღონ სასამართლო პროცესში, სასამართლო პროცესები წარმართოს მშვიდ გარემოში, წესრიგის სრული დაცვით. 

მაგდა პაპიძის საქმის სასამართლო განხილვის დროს დარბაზში დამსწრე პირების მხრიდან არაერთხელ ჰქონდა ადგილი შეურაცხმყოფელ შეძახილებს ბრალდებულის მისამართით. ცალკეულ შემთხვევებში, მოსამართლეს არ ჰქონდა აღნიშნულთან დაკავშირებთ სათანადო რეაგირება. მიუხედავად იმისა, რომ მაგდა პაპიძემ რამდენჯერმე სთხოვა მოსამართლეს, დაემყარებინა დარაზში წესრიგი, ვინაიდან ხელი ეშლებოდა მოწმის დაკითხვას, მოსამართლეს წესრიგის დაცვის მიზნით საკმარისი ღონისძიებები არ გაუტარებია. უნდა აღინიშნოს, რომ, რიგ შემთხვევებში, წესრიგის დაცვისას მოსამართლის არათანმიმდევრული მოქმედება წამახალისებელია დარბაზში მყოფი პირებისათვის, რათა არ დაიცვან წესრიგი. მოსამართლის ზედმეტი ლმობიერება ან გადამეტებული სიმკაცრე აზარალებს პროცესის ეფექტურად წარმართვის შესაძლებლობას.

დანაშაულში ბრალდებული პირის საქმის სამართლიანი სასამართლო განხილვის უზრუნველყოფის ვალდებულება როგორც სასამართლოს, ისე პროკურატურას თანაბრად ეკისრებათ. საზოგადოებრივი ინტერესის მქონე დანაშაულის შესახებ ინფორმაციის გაშუქებისას ადამიანის უფლებების პატივისცემის ვალდებულება ყველა ეთიკურ მედია საშუალებას ეკისრება. შესაბამისად, კოალიცია მოუწოდებს: 

პროკურატურას:

 შეწყვიტოს სასამართლოს დახურულ სხდომაზე გაჟღერებული კონფიდენციალური ინფორმაციის გასაჯაროვება, ყველა ზომას მიმართოს რომ თავიდან აირიდოს და  არ დაუშვას საზოგადების აზრის მობილიზება და დისკრიმინაციულად გამოყენება, იმ მიზნით რომ ზეგავლენა მოახდინოს ნაფიც მსაჯულებზე ქალის დისკრედიტაციის საშუალებით. 

სასამართლოს:

 უზრუნველყოს საქმის საჯარო განხილვის უფლებასა და პროცესის მონაწილეთა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას შორის სათანადო ბალანსის დაცვა. 
 გამოიყენოს კანონით გათვალისწინებული შესაძლებლობა და სხდომის დახურვის ყველა შემთხვევაში დაავალდებულოს პროცესის მონაწილე პირები, მათ შორის პროკურატურა, არ გაახმაურონ ის ინფორმაცია, რომელიც მათთვის დახურულ სხდომაზე გახდა ცნობილი.
 შეინარჩუნოს თანმიმდევრულობა და გამოიყენოს ყველა თანაზომიერი ღონისძიება სასამართლო სხდომაზე წესრიგის  დაცვის უზრუნველსაყოფად, რათა მხარეებს ხელი არ შეეშალოთ საკუთარი პოზიციების სრულყოფილად წარდგენაში.  

მედია საშუალებებს: 

 მაგდა პაპიძის სასამართლო პროცესის გაშუქებისას იხელმძღვანელონ პროფესიული ვალდებულებით და დაიცვან ბალანსი ინფორმაციის გავრცელების საჯარო ინტერესსა და პირის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვის ინტერესს შორის, დანაშაულის შესახებ ინფორმაციის გაშუქებისას პატივი სცენ პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის პრინციპს.