სიახლეები

კოალიცია მიხეილ ჩინჩალაძისათვის უფლებამოსილების გაზრდას საქმეთა შემთხვევითი განაწილების პრინციპის საფრთხედ აფასებს

კოალიცია მიხეილ ჩინჩალაძისათვის უფლებამოსილების გაზრდას საქმეთა შემთხვევითი განაწილების პრინციპის საფრთხედ აფასებს კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის” შეშფოთებას გამოხატავს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ, მიმდინარე წლის 30 აპრილს, მიღებული გადაწყვეტილების თაობაზე, რომლითაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს პალატებში მოსამართლეთა ვიწრო სპეციალიზაციები განისაზღვრა, ვიწრო სპეციალიზაციებში მოსამართლეთა ერთპიროვნულად განაწილების უფლებამოსილება კი, სასამართლოს თავმჯდომარეს, მიხეილ ჩინჩალაძეს მიენიჭა. მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობა კონკრეტულად ამ უფლებამოსილებას სასამართლოს თავჯდომარეებს არ ანიჭებს, 2006 წლიდან დადგენილი არასწორი პრაქტიკის თანახმად, თბილისის საქალაქო სასამართლოში სასამართლოს თავჯდომარე ანაწილებს ვიწრო სპეციალიზაციაში მოსამართლეებს, რაც, თავის მხრივ, სასამართლოს თავმჯდომარის მხრიდან საქმეთა განაწილების პროცესში ჩარევის რეალურ რისკების წარმოშობს. 

მართლმსაჯულების რეფორმის „მესამე ტალღის“ ფარგლებში შემუშავდა საქმეთა განაწილების ახალი წესი, რომელიც 2017 წლის 31 დეკემბრიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით ამოქმედდა. საერთო სასამართლოებში საქმეთა განაწილების ახალი სისტემის შემუშავება ბოლო წლების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს რეფორმას წარმოადგენს, რომელმაც უნდა უპასუხოს არაერთ გამოწვევას სასამართლოს მიუკერძოებლობისა და დამოუკიდებლობის მიმართულებით. მოსამართლეებს შორის საქმეთა განაწილების წესი, პირველ რიგში, უნდა უზრუნველყოფდეს პროცესის გარე ჩარევებისაგან დაცვას. საქმის განაწილების ახალ მოდელში, განსაკუთრებით საყურადღებო და პრობლემურია თავმჯდომარის უფლებამოსილება ვიწრო სპეციალიზაციებში განსაზღვროს მოსამართლეთა შემადგენლობა. პროგრამა საქმეს ანაწილებს ვიწრო სპეციალიზაციის მოსამართლეებს შორის, თუმცა ვინ იქნება კონკრეტულ სპეციალიზაციაში, ეს მხოლოდ სასამართლოს თავმჯდომარის გადასაწყვეტია. ამ პრობლემას ამძაფრებს ის ფაქტიც, რომ სასამართლოს თავმჯდომარეს, დროის მცირე მონაკვეთში, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე შეუძლია, შეცვალოს ვიწრო სპეციალიზაციაში მოსამართლეთა შემადგენლობა. აღნიშნული რეგულაცია საქმეთა განაწილების სისტემაში ჩარევის სერიოზულ რისკებს წარმოშობს სასამართლოს თავმჯდომარის მხრიდან. 

ვიწრო სპეციალიზაციაში მოსამართლეთა შემადგენლობის განსაზღვრა განსაკუთრებით პრობლემურია სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას, სადაც, როგორც წესი, საქმეები სამი მოსამართლისგან შემდგარი კოლეგიური შემადგენლობით განიხილება. საქმეთა ელექტრონულად, შემთხვევითობის პრინციპით განაწილების წესის დღეს მოქმედი რედაქციით, სააპელაციო სასამართლოში საქმის განაწილებისას ელექტრონული პროგრამა კოლეგიური შემადგენლობიდან მხოლოდ ერთს, მომხსენებელ მოსამართლეს ირჩევს. შესაბამისად, მაღალია რისკი იმისა, რომ ვიწრო სპეციალიზაციაში მოსამართლეთა მარტივი, დაუსაბუთებელი გადაადგილების პირობებში კოლეგიის შემადგელობის ფორმირებაშიც მოხდეს ჩარევა. 

კოალიციას არაერთხელ გამოუხატავს უარყოფითი დამოკიდებულება სასამართლოს თავმჯდომარეთა როლთან დაკავშირებით, რომლებიც თანამდებობაზე ბუნდოვანი და გაუმჭვირვალე წესით ინიშნებიან, წარმოადგენენ მოსამართლეთა პრივილეგირებულ ჯგუფს და სხვა მოსამართლეთა უფროსებად და მაკონტროლებლებად მიიჩნევიან. ამ ფონზე, კოალიცია უარყოფითად აფასებს თავმჯდომარის უფლებამოსილების კიდევ უფრო გაზრდას და მიიჩნევს, რომ ვიწრო სპეციალიზაციების შექმნის შემთხვევაში, კანონმდებლობით შემადგენლობის განსაზღვრის უფლებამოსილება თავმჯდომარეების ნაცვლად იუსტიციის უმაღლეს საბჭოს უნდა მიენიჭოს.