სიახლეები

კოალიცია მოუწოდებს ხელისუფლებას სასამართლო სისტემის თვისობრივი რეფორმა დაიწყოს

უკანასკნელ პერიოდში ტელეკომპანია „რუსთავი 2”-ის საქმის სასამართლო განხილვის ხარისხმა, პროცედურულმა ხარვეზებმა და თითოეულ ეტაპზე გაჩენილმა კითხვებმა, ისევე როგორც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერებამ, კიდევ ერთხელ დაადასტურა ის სისტემური პრობლემები, რაც მართლმსაჯულების სისტემაში არსებობს და რაზეც ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციები აქტიურად მიუთითებდნენ. ტელეკომპანია „რუსთავი 2”-ის საქმის განხილვის ვერც ერთ ეტაპზე ვერ გაქარწყლდა ის კითხვები, რაც საქმის პოლიტიკური კონტექსტიდან გამომდინარე არსებობდა, რამაცკიდევ ერთხელ მნიშვნელოვნად შეარყია საზოგადოების ნდობა სასამართლო სისტემისადმი. კოალიციას მიაჩნია, რომ არსებულ ვითარებაში, მნიშვნელოვანია, ხელისუფლებამ აღიაროს ის სისტემური პრობლემები რაც სასამართლო სისტემაში არსებობს, რეალურად დაისახოს მიზნად სასამართლოს დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა  და სასამართლოს ძირეული რეფორმა დაიწყოს.

2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ახალმა ხელისუფლებამ მისი მმართველობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მიზნად სამართლიანობის აღდგენა, სასამართლო ხელისუფლების პოლიტიკური გავლენებისგან განთავისუფლება და მოსამართლეთა დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა გამოაცხადა. ამ მიზნით დაანონსდა მნიშვნელოვანი საკანონმდებლო რეფორმების განხორციელება, თუმცა რეფორმების განხორციელების პროცესმა ცხადყო, რომ ხელისუფლებამ ვერ გამოავლინა მტკიცე პოლიტიკური ნება სასამართლო სისტემაში რეალური და თანმიმდევრული ცვლილებების გასატარებლად. ნათელია, რომ პოლიტიკურმა სისტემამ სრულად არ თქვა უარი მის ხელთ არსებულ ბერკეტებზე. უფრო მეტიც, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე სასამართლო რეფორმის „მესამე ტალღის” საკანონმდებლო პაკეტში ჩაიდო ცვლილება, რომლის მიხედვითაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ერთი არამოსამართლე წევრის კვალიფიციური უმრავლესობით არჩევის წესი უბრალო უმრავლესობით არჩევის წესმა ჩაანაცვლა, რითაც ფაქტობრივად გამოირიცხა საპარლამეტო უმცირესობის მონაწილეობა საბჭოს დაკომპლექტებაში. შედეგად, სასამართლო მნიშვნელოვანი პრობლემების წინაშე აღმოჩნდა:

 არსებობს დასაბუთებული ეჭვები პოლიტიკური გავლენების არსებობაზე ზოგიერთ გახმაურებულ საქმესთანდაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ 2012 წლის შემდეგ, სახელმწიფოს სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილებების რიცხვი, როგორც სისხლის სამართლის, ისე სხვა საქმეებზე, მნიშვნელოვნად შემცირდა, ასევე, მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა სასამართლო სხდომების საჯაროობის მიმართულებით, მოსამართლეთა დამოუკიდებლობის კუთხით კვლავ არსებობს გამოწვევები, რაც განსაკუთრებით მჟღავნდება პოლიტიკური კონტექსტის მქონე საქმეებში (მაგ. ე.წ. „კაბელების საქმე”, „რუსთავი 2”-ის საქმე) მართლმსაჯულების განხორციელებისას. 

 მოსამართლეთა კორპუსში განსხვავებული აზრის დეფიციტია და სისტემაში ქრონიზმი გაძლიერებულია. სასამართლო რეფორმის „პირველი ტალღის” განხორცილების შემდგომ პერიოდში პრინციპულ საკითხებთან დაკავშირებით ხელისუფლება თანდათანობით მნიშვნელოვან დათმობებზე წავიდა მოსამართლეთა კორპუსში არსებულ დომინანტურ და გავლენიან ჯგუფებთან, მათ შორის, წინასაარჩევნო პერიოდში. პარალელურად თანდათანობით გაქრა დაპირისპირება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე და არამოსამართლე წევრებს შორის და საბოლოოდ, თითქმის ყველა საკითხზე მათი აზრების თანხვედრაში და დასაბუთებული არგუმენტების გარეშე, გადაწყვეტილებების წინასწარი შეთანხმებით მიღებაში გადაიზარდა. მოსამართლეთა დომინანტი ჯგუფისა და ხელისუფლების ასეთმა ურთიერთობამ ხელი შეუწყო მოსამართლეთა შორის ქრონიზმის გაძლიერებას და განსხვავებული აზრის ჩახშობას (ამის თვალსაჩინო მაგალითი იყო, კრიტიკული განცხადებების გაკეთებიდან უმოკლეს ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობიდან გათავისუფლება), რამაც სასამართლო სისტემა შიდა დამოუკიდებლობის კუთხით მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დააყენა. მოსამართლის დამოუკიდებლობისთვის მყიფე საფუძვლის შექმნას ხელი შეუწყო სამოსამართლო ვადის მასობრივად ამოწურვამაც მოსამართლეებში, რამაც განსაკუთრებით მოწყვლადი გახადა მოქმედი მოსამართლეების დიდი ჯგუფი. 

 არ არსებობს პოლიტიკური ნება სასამართლო სისტემის ძირეული რეფორმის განხორციელებისთვის, რაც მოსამართლეთა დამოუკიდებლობას უზრუნველყოფდა. მიუხედავად იმისა, რომ 2012 წლის შემდეგ სასამართლოს რეფორმის სამი „ტალღა” განხორციელდა, რეალურად ვერ იქნა უზრუნველყოფილი მოსამართლეების დამოუკიდებლობა როგორც საკანონმდებლო დონეზე, ისე პრაქტიკაში. რეფორმების პროცესში ხელისუფლებამ არ გამოავლინა პოლიტიკური ნება მოსამართლეთა გამოსაცდელი ვადით დანიშვნაზე უარის თქმისათვის, მიუხედავად ვენეციის კომისიის და ადგილობრივი ექსპერტების კრიტიკული შეფასებისა. ასევე, სასამართლო რეფორმის „მესამე ტალღა”, რომელიც საეჭვოდ და უსაფუძვლოდ გაჭიანურდა, ვერ უზრუნველყოფს იმ ხარვეზების აღმოფხვრას, რაც უკვე წლებია არსებობს. შედეგად, გაუმჭვირვალედ და ყოველგვარი დასაბუთების გარეშე წარიმართა ათეულობით მოსამართლის შერჩევა/ დანიშვნა, გაუმჭვირვალედ და შესაძლო ზემოქმედების მექანიზმად ხდებოდა დისციპლინური სამართალწარმოების გამოყენება. დღემდე ყოველგვარი დასაბუთების გარეშე ხორციელდება სასამართლოს თავჯდომარეების დანიშვნა და მათ შეუნარჩუნდათ მოსამართლეებზე ზეგავლენის მნიშვნელოვანი ბერკეტები, ასევე,  გაჭიანურდა და უსაფუძვლოდ რამდენჯერმე გადავადდა საქმეთა განაწილების ელექტრონული სისტემის ამოქმედება და სხვ. 

 იუსტიციის უმაღლესი საბჭო ვერ ასრულებს სასამართლოს სისტემის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის ფუნქციას. იუსტიციის უმაღლესი საბჭო, მოქმედი კანონმდებლობით, პასუხისმგებელია სასამართლოს დამოუკიდებლობის უზრუნველყოფაზე. საბჭოს საქმიანობაზე მონიტორინგი უკვე წლებია მიუთითებს, რომ საბჭოს მიერ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება ხდება დაუსაბუთებლად, წინასწარი შეთანხმებით და გაუმჭვირვალედ. იუსტიციის უმაღლესი საბჭო ვერ ასრულებს თავის უმთავრეს ფუნქციას, დაიცვას სასამართლოს დამოუკიდებლობა და საზოგადოებას გასცეს პასუხი მოსამართლეთა და სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის მიმართ გაჩენილ კითხვებზე.      

აღსანიშნავია, რომ მიმდინარეობს სასამართლო სისტემის რეფორმის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება, რაც საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებაა. კოალიცია ჩართულია და აქტიურად მონაწილეობს სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში. 
  
მოვუწოდებთ ხელისუფლებას:

 აღიაროს სასამართლო ხელისუფლებაში სისტემური პრობლემების არსებობა, გააანალიზოს მათი გამომწვევი მიზეზები და სასამართლო სისტემის რეფორმის გრძელვადიან სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაზე მუშაობა განაგრძოს სწორედ ზემოაღნიშნულ გამოწვევებთან გამკლავების მიზნით. 

 დაუყოვნებლივ დაიწყოს სასამართლო სისტემის თვისობრივი რეფორმა და განახორციელოს ცვლილებები, რომელთა საჭიროება უკვე წლებია აღიარებულია ადგილობრივი თუ საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ. მათ შორის, საქმის განაწილების შუალედური წესის შემოღება, რაც საქმის ელექტრონული განაწილების წესის სრულად ამოქმედებამდე შეზღუდავს სასამართლოების თავმჯდომარეების განუსაზღვრელ დისკრეციულ უფლებამოსილებას; სასამართლოს თავმჯდომარეების დანიშვნის კრიტერიუმებისა და წესის დადგენა; მოსამართლეობის კანდიდატთა შეფასების ქულათა სისტემაზე სრულად გადასვლა და ფარული კენჭისყრის გაუქმება; მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის კანონმდებლობის დახვეწა განჭვრეტადობისა და სათანადო გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით; იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის მარეგულირებელი კანონმდებლობის დახვეწა განჭვრეტადობისა და დასაბუთებულობის პრინციპების შესაბამისად და სხვა. აღნიშნულით მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება ადამიანის უფლებების მდგომარეობა ქვეყანაში, ამაღლდება საზოგადოების ნდობა სასამართლო სისტემის მიმართ და გაიზრდება საქართველოს დემოკრატიული განვითარების პერსპექტივა. 

უახლოეს მომავალში კოალიცია გამოაქვეყნებს დეტალურ კვლევას, სასამართლო სისტემის მდგომარეობის ანალიზს, რაც შეიძლება საფუძვლად დაედოს სასამართლო სისტემის რეფორმას. კოალიცია გამოთქვამს მზადყოფნას, კონკრეტული წინადადებების შეთავაზებით, აქტიური მონაწილეობა მიიღოს სასამართლო სისტემაში ქმედით და სისტემურ რეფორმაზე მუშაობის პროცესში.