სიახლეები

კოალიცია საკონსტიტუციო სასამართლოს მოუწოდებს განახორციელოს კონსტიტუციური მართლმსაჯულება

კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ ეხმაურება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს. მიგვაჩნია, რომ შექმნილი ვითარება ქმნის ე.წ. გახმაურებულ საქმეებზე საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე სამართალწარმოების მიზანმიმართული შეფერხების მცდელობის შთაბეჭდილებას, რაც გავლენას ახდენს საქმის შედეგით დაინტერესებული პირების მდგომარეობაზე. ასევე განვითარებული მოვლენები მნიშვნელოვნად აისახება საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართ საზოგადოების განწყობასა და ნდობაზე. 

საკონსტიტუციო სასამართლოში ე.წ. გახმაურებულ საქმეების განხილვის დაწყებამ გამოიწვია სასამართლოზე პოლიტიკური ზეწოლის გაძლიერება. ამასთან, საკანონმდებლო ცვლილებებმა, რომელიც კოალიციის მიერ არაერთხელ უარყოფითად შეფასდა, მნიშვნელოვნად შეამცირა საკონსტიტუციო სასამართლოს ეფექტურობა. 

ბოლო პერიოდში საკონსტიტუციო სასამართლოს რამდენჯერმე მოუწია საქმის განხილვის გადადება კვორუმის არარსებობის გამო. ამის პარალელურად საქართველოს პარლამენტმა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა ათზე მეტი შუამდგომლობით სხვადასხვა გახმაურებული საქმიდან რიგი მოსამართლეების აცილების თაობაზე, ხოლო საკონსტიტუციო სასამართლოს ერთ-ერთმა მოსამართლემ მოითხოვა გახმაურებული საქმეებიდან თვითგანრიდება. ამავდროულად, გავრცელებული განცხადებები ქმნის ვარაუდის საფუძველს, რომ  სარჩელების ე.წ. „გამოცვლის“ მოტივით გარკვეული მოსამართლეები თავს (შე)იკავებენ შესაბამისი საქმის განხილვაში მონაწილეობის მიღებისაგან. ხაზი უნდა გავუსვათ იმ გარემოებას, რომ 2016 წლის პირველი სექტემბერს, საკონსტიტუციო სასამართლოში ჩანიშნული სხდომა ე.წ. უგულავა-კაბელების საქმეზე გადაიდო კვორუმის არარსებობის გამო, მაშინ როდესაც საჯაროდ გავრცელდა და დადასტურდა ინფორმაცია საქმის განმხილველი ერთერთი მოსამართლის არასაქმიან ვითარებაში ყოფნის შესახებ. 

ზოგადად კონსტიტუციური სარჩელის რეგისტრაციასთან დაკავშირებული პროცედურული საკითხები, რომლებიც ხშირ შემთხვევაში მოსარჩელესა და სასამართლოს შორის ორდინალურ ურთიერთობას წარმოადგენს, არ უნდა იწვევდეს სასამართლოს საქმიანობის შეფერხებას, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ საკითხი მისი მცირე მნიშვნელობით რეალურ და არსებით გავლენას არ ახდენს სამართალწარმოების პროცესსა და შედეგზე. 

ამავე დროს, როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარეობს მოკვლევა სარჩელების ე.წ.  „შეცვლასთან“  დაკავშირებით. თუმცა, ამ დრომდე ეს პროცესი საჯაროობის გარეშე მიმდინარეობს. მიგვაჩნია, რომ აღნიშნულ სიტუაციაში, საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა უზრუნველყოს აღნიშნული პროცესის მაქსიმალური გამჭვირვალობა და საზოგადოებას მიაწოდოს ამომწურავი ინფორმაცია.

შექმნილი დაძაბული ვითარების განმუხტვა უნდა უზრუნველყოს საკონსტიტუციო სასამართლომ, რომელსაც აქვს პასუხისმგებლობა მართლმსაჯულება განახორციელოს იმგვარად, რომ არ შექმნას პროცესზე გარე ზეგავლენების განცდა. გვსურს, ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ საკითხის მოკვლევის პარალელურად მოსამართლეებმა უნდა მიიღონ მონაწილეობა საქმეების განხილვაში და საფრთხე არ უნდა შეექმნას კონსტიტუციური მართლმსაჯულების უწყვეტობას. ამასთან, ხელისუფლებამ თავი უნდა შეიკავოს პროცესების დამატებითი პოლიტიზირებისგან და იმგვარი თავდასხმებისგან, რაც მიზნად მხოლოდ სასამართლოს, როგორც ინსტიტუცის დისკრედიტაციას ისახავს. 

ასევე, აღსანიშნავია, რომ 2016 წლის 30 სექტემბერს საკონსტიტუციო სასამართლოს 4 მოსამართლეს ეწურება უფლებამოსილების ვადა. მნიშვნელოვანია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს წევრების არჩევაზე პასუხისმგებელმა სახელმწიფო ორგანოებმა სათანადოდ გაანალიზონ შექმნილი ვითარება და გაითვალისწინონ ზემოხსენებული პრობლემური საკითხები ახალი მოსამართლეების არჩევის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას.